“მაჟორიტარობა “ათითოკაცებს” საქართველოს პოლიტიკურ ენერგეტიკას!

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოში დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების წარმართველი ძალაა, – ძლიერი პოლიტიკური პარტიები! სახელმწიფოში სუსტი პოლიტიკური პარტიების არსებობა, ხელს უწყობს ავტორიტარული ხელისუფლების ჩამოყალიბებას! ქვეყნის მოსახლეობაში პოლიტიკური კულტურის და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლების მიზნით, აუცილებელია ისეთი საარჩევნო კანონმდებლობის შემოღება, რომელიც გააძლიერებს პოლიტიკურ პარტიებს! კერძოდ, მაჟორიტარული საარჩევნო წესზე უარის თქმა და მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იძლევა იმის საშუალებას, რომ პოლიტიკური პარტიების შემადგენლობაში გაწევრიანდნენ ის ადამიანები, რომლებიც მანამდე მაჟორიტარული საარჩევნო წესით ცდილობდნენ პოლიტიკაში დამკვიდრებას და დამოუკიდებელ მოქმედებას, რაც ერთგვარად ფანტავდა, “ათითოკაცებდა” ქვეყნის ეროვნულ-პოლიტიკურ ენერგეტიკას!

საქართველოს უახლოესი პოლიტიკური ისტორია, სწორედ ამ ტენდენციის მაჩვენებელია! დიახ, საპრეზიდენტო მმართველობის სხცადასხვა პერიოდში, ყველა პრეზიდენტის დროს, ე.წ. მმართველი პარტიების მთავარი დასაყრდენი გახლდათ მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც ხელისუფლებებს სრულ მორჩილებას უცხადებდნენ, აგრეთვე, პროპორციულ სიაში მყოფი პირები, რომელთა შერჩევა მყარი პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე პოზიციით კი არ განისაზღვრებოდა, არამედ – პრეზიდენტისადმი პირადი (მორჩილი!) ერთგულებით! ასე და ამგვარად, საქართველოში წლების განმავლობაში გრძელდება პოლიტიკური კულტურის სტაგნაცია და პოლიტიკური პარტიების, როგორც სახელმწიფოს დემოკრატიული, პოლიტიკური განვითარების მძლავრი და აუცილებელი ინსტრუმენტის დისკრედიტირება!

საქართველოში პოლიტიკური პარტიების არსებული მდგომარეობა, ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია სახელმწიფოში პოლიტიკური პროცესების დემოკრატიულად განვითარების, რის გარეშეც საქართველო ვერ განვითარდება, ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად! ამიტომ, ისტორიული და პოლიტიკური ცხოვრების მოცემულ ეტაპზე, საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის მართებული იქნება, რომ მოხდეს პოლიტიკური პარტიების “ოპტიმიზაცია” (“პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ”, კანონის შეცვლის საფუძველზე) და მათი გაძლიერება პროფესიონალებით, პოლიტიკაში მყოფი იმ ახალი და ძველი სახეებით, რომლებიც გაერთიანდებიან ერთიან იდეოლოგიურ პლატფორმაზე, ერთიანი პასუხისმგებლობით(!) ამომრჩევლის წინაშე, და არა ცალ-ცალკე, რასაც მაჟორიტარების შემთხვევაში ვხვდებით, სადაც პასუხისმგებლობაც “ერთ კაცზეა”, რომელიც “მარტის თვის ამინდივით იცვლის” პოლიტიკურ პოზიციებს (“მარჯვნივ თუ მარცხნივ, ხან დასავლეთით და ხან ჩრდილოეთით”!)!

რაც შეეხება, ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის წესს. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ “ქართული ოცნების” არსებულმა საკონსტიტუციო უმრავლესობამ თამამად უნდა განახორციელოს პრეზიდენტის არჩევითობის წესის ცვლილება! საქართველოს პრეზიდენტი არჩეულ უნდა იქნას არა პირდაპირი და საყოველთაო არჩევნების გზით, არამედ, კონსტიტუციაში და საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, ანუ, უკვე 2018 წლიდან (როდესაც მარგველაშვილის პრეზიდენტობის ვადა ამოიწურება!) ქვეყნის პრეზიდენტის არჩევა უნდა მოხდეს საქართველოს პარლამენტის, ან ე.წ. ამრჩევი კოლეგიის მიერ! ასე რომ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საპარლამენტო მმართველობის (რესპუბლიკა) ფორმას ვაფუძნებთ, რაც დამახასიათებელია დემოკრატიული პროცესისათვის და ვფიქრობ, მთლიანობაში ეს პოზიტიურად აისახება საქართველოს პოლიტიკურ სისტემაზე.

საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში კი, აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი არის პრემიერ მინისტრი და არა პრეზიდენტი, ხოლო, როგორც წესი ამ პოსტს იკავებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე. აქედან გამომდინარე, განუზომლად იზრდება მმართველი პოლიტიკური პარტიის როლი, თუ რამდენად ძლიერი, მობილიზებული და პროფესიონალი კადრებით იქნება იგი დაკომპლექტებული. ჩვენს შემთხვევაში, ქვეყანაში სრულფასოვანი პოლიტიკური ცხოვრებისათვის საკმარისი იქნება 5-6 კონკურენტუნარიანი ძლიერი პოლიტიკური პარტიის ფუნქციონირება. სხვათა შორის, განვლილმა საპარლამენტო არჩევნებმა გვაჩვენა, რომ უფრო მეტი პოლიტიკური და საკადრო რესურსი თუ რეზერვი ქვეყანას არცა აქვს.

ამიტომ, სწორედ აქეთ უნდა იყოს მიმართული საქართველოს მცირერიცხოვანი, კვალიფიცირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ძალისხმევაც, რაც ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებშია. გარდა ამისა, როდესაც შესაძლებელი გახდება ქვეყანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, შემოღებული უნდა იქნას ორპალატიანი პარლამენტი (შემოერთებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ინტერესების გათვალისწინებით!), სადაც პარლამენტის ზედა პალატა (30 წევრი) არჩეული იქნება აღდგენილი მაჟორიტარული წესით, ხოლო ქვედა პალატა (120 წევრი) პროპორციული წესით!!!…