იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა

2017 წლის 19 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, ამ ეტაპისთვის არსებული ვერსიის, განხილვა გაიმართა.

შეკრებას იუსტიციის საბჭოს წევრების გარდა, კომიტეტის წევრები, დონორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სეტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, იმსჯელეს იმ მნიშვნელოვან შენიშვნებსა და წინადადებებზე, რომლებიც კომიტეტის წევრების აზრით, გათვალისწინებული უნდა იყოს საბოლოო დოკუმენტში.

მართლმსაჯულების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სტრატეგიული კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში სახელმწიფო ორგანოებთან ერთად წარმოდგენილია 36 არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობისთვის“.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, გასული წლიდან ინტენსიურად მიმდინარეობს მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი, საერთაშორსო ორგანიზაციების, კერძოდ: „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ), ევროკავშირის „სასამართლო მხარდაჭერის პროექტის“, „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG, USAID), გაეროს განვითარების ფონდისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ჩართულობით. აღნიშნული დოკუმენტის შექმნა უმნიშვნელოვანესია სასამართლო სისტემის განვითარებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის.