ხალხისთვის გასაგები უნდა გახდეს, რა არგუმენტებზე დაყრდნობით მომზადდა საკონსტიტუციო ცვლილებები

რა ხარვეზები გამოიკვეთა კონსტიტუციის ახალ პროექტში, რა საკითხები იწვევს მმართველ გუნდში უთანხმოებას კონსტიტუციის ახალ მოდელთან დაკავშირებით, უნდა დაკანონდეს თუ არა უცხოელებზე მიწის გასხვისება? – ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიასთან.

_ ბატონო ნუკრი, საკონსტიტუციოცვლილებებისსაკითხზე “ქართულიოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობოს შეხვედრა გაიმართა და ასე ვთქვათ, უმრავლესობამ საკუთარი გუნდის წევრებთან შეაჯერა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი. რამდენად მხარდაჭერილია ის უმრავლესობის შიგნით და პირადად თქვენ როგორ აფასებთ წარმოდგენილ ცვლილებებს?

_ თვითონ კონსტიტუციის პროექტი, ადრინდელთან განსხვავებით, საკმაოდ მარტივია ანუ ხალხისთვის გასაგებ ენაზეა დაწერილი და ასეც უნდა იყოს. ნაპოლეონი ამბობდა, კონსტიტუცია უნდა იყოს ბუნდოვანი და გაუგებარი. რაც უფრო ბუნდოვანია, უფრო კარგიაო. ჩვენი პროექტი  ძალიან მარტივად არის დაწერილი და ეს კარგია. მთელი რიგი საკითხებია შეტანილი კონსტიტუციის პროექტში, რომელიც კონსტიტუციის დონეზე უნდა აიწიოს. არის გარკვეულისაკითხები, რომელიც ალბათ უმრავლესობაში ცალკე სამსჯელო გახდება. ეს არის გარდამავალი დებულება, სადაც წერია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. დეპუტატების ნაწილში გარკვეულად მიიჩნევა, რომ  სამსჯელოა, რამდენად აუცილებლობაა ამის ჩაწერა გარდამავალ დებულებაში. ამიტომ ამაზე ცალკე მსჯელობა იქნება. მიწის საკითთან დაკავშირებით წერია, რომ მიწას დაიცავს „მიწის კანონი“. დეპუტატებში არის აზრი, ხომ არ ჯობია პირდაპირ ჩაიწეროს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწა არ გასხვისდება, რაღაც განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. მეცამ პოზიციას ვეთანხმები. ასევე მგონია, რომ საჭირო არ არის გარდამავალ დებულებაში აღნიშნული იყოს რაიმე მისამართი იმიტომ, რომ საკმაოდ ცვალებადია და კონსტიტუცია კი გვინდა ხანგრძლივ პერიოდზე იყოს გათვლილი, ათწლეულებზე მაინც. აზრთა სხვადასხვაობაა პროპორციულ სისტემაზე და ამას არავინ მალავს. გარკვეული მაჟორიტარები მაჟორიტარული სისტემის უპირატესობას, დადებით მხარეებს და მის აუცილებლობას ხაზს უსვამენ. ამაში არის ლოგიკა. ასევე, ვფიქრობ, თვითონ საარჩევნო წესში მანდატების გადანაწილება – გამოყენებული მანდატები, იმ პარტიებს, რომელიც ვერ გადალახავს ზღვარს და მათ მიერ მიღებული ხმები გადანაწილდეს პირველ ადგილზე მყოფ პარტიაზე. თავისთავად კარგია, რომ პარლამენტში მყარი იყოს უმრავლესობა, პირველ ადგილზე გასულს საშუალება ჰქონდეს, მთავრობა დააკომპლექტოს მარტო ან კოალიციასთან ერთად და არ იყოს რყვები; მეორეს მხრივ, ეს სწორეა, მაგრამ მთლიანად მაინც არ დატოვებს ეს სამართლიანობის განცდას. ამიტომ, ვფიქრობ, ამაზე შეიძლება მსჯელობა წარიმართოს. დანარჩენი – მოქალაქეობის საკითხს რაც შეეხება, საქართველოს მოქალაქე, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალქე გახდება, ეს არ ნიშნავს რომ ავტომატურად დაკარგოს ჩვენი მოქალაქეობა. ესეც არის კონსტიტუციაში შეტანილი. ეს ჩანაწერიც ითხოვს საფუძვლიან დასაბუთებას იგივე უსაფრთხოების თვალსაზრისით და არამხოლოდ. დარწმუნებული ვარ, ამაზეც იქნება დამატებითი მსჯელობა. ანუ არის საკითხები, რომელიც იწვევს გარკვეულ დამატებითი მსჯელობის საფუძველს და ეს მსჯელობები იქნება.

_ რამდენად მოწესრიგდა ინსტიტუტებს შორის არსებული პრობლემა ახალი კონსტიტუციის პროექტით? დღემდე ამტკიცებს ოპოზიცია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას ხელისუფლება გამიზნულად ახდენს.

_ მე მ მგონი, მოწესრიგდა. პრეზიდენტს აქვს გამოკვეთილად თავისი უფლებები. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს ვამბობდით, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა შიცვალოს. მუდმივად ხდება ერთ კაცზე ჩამოკიდება ყველაფრის და ამიტომ საპარლამენტო მოდელი ჩვენთვის უფრო უკეთესია. ვიყავით რაღაც შერეულ ვარიანტში. ახლა გადავდივართ წმინდა საპარლამენტო მოდელზე. ასეთ დროს  პრეზიდენტის საყოველთაო კენჭისყრით არჩევა აბსოლუტურად მიზანშეუწონელია.   დისბალანსშია მისი უფლებები და მოვალეობები. ამ დროს მისი საყოველთაობა ერთმანერთთან არის შეუთავსებელი, შეიძლება ითქვას, კონფლიქტშიც მოდის. ამიტომ, ეს უნდა იყოს ირიბი არჩევნები და არა პირდაპირი წესით.  პირდაპირ არჩეული პრეზიდენტი, როცა მისი უფლებამოსილება არის აბსოლუტურად სხვა და შემცირებული, ამან შეიძლება გარკვეული ამბიციები და ხიფათები გააჩინოს; გარკევული ჩამალული ნაღმები.

_ პირდაპირი წესით არჩევნებზე უარი თქმის გამო ხელისუფლება ანტიდემოკრატიული ხელისუფლების იმიჯს ხომ არ შეიქმნის? ეს არ გაშინებთ? ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ პროპორციული სისტემა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაა.

_ რაში გამოიხატება საბჭოთა კავშირში დაბრუნება თუ პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ აირჩევა?!.

_ ანუ მაჟორიტარების გაუქმებაზე კიდევ იქნება ცხარე დებატები?

_ რაც შეეხება მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას, ეს კიდევ სამსჯელო თემაა. ბოლო-ბოლო ყველაფერი დათვლითაა. კონსტიტუციაც დათვლით უნდა მივიღოთ. მას გარკვეული ხმები სჭირდება. თუ ვერ მოხდა დარწმუნება ჩვენი წევრებისა და პირიქით, იმათ მოახერხეს სხვების დარწმუნება, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება არარის სწორი, მაშინ სხვა სურათი  გვექნება. ასე რომ, ასე არ არის, თითქოს ეს ყველაფერი უკვე დადგენილი და ბეჭედდარტყმულია.

_ რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, მისი გაუქმების მყარი არგუმენტებია?

_ რამდენიმე მყარი არგუმენტია საიმისოდ, რომ პირდაპირი არჩევის წესი გაუქმდეს: ჯერ ერთი, მისი უფლებამოვალეობები შეუსაბამოა საყოველთაო წესით არჩევასთან; მეორე – ის უნდა გავიდეს ხალხში, როგორც არბიტრი. ხალხი მას რეგიონებში დაეკითხება არა იმას, როგორი არბიტრი იქნები, არამედ ძირითადად მოთხოვნა წავა – რა კამპანიით უნდა წავიდეს, რა ტიპის კამპანია უნდა აწარმოოს ამ შემთხვევაში ასეთი უფლებამოსილების მქონე პრეზიდენტმა.

_ ფასადური ხომ არ იქნება თქვენი გუნდის მხრიდან რეგიონებში გასვლით შეხვედრებზე  კონსტიტუციის ახალი პროექტის წარდგენა? ნაციონალების დროს ოპოზიცია სწორედ ასე აპელირებდა.

_ არა, მგონია. სახალხო განხილვები ყველა რეგიონში ჩატარდება. ეს შეხვედრები მაქსიმალურად ორგანიზებული უნდა იყოს, რათა ფართო სპექტრმა მიიღოს ინფორმაცია და გამოთქვას თავისი აზრი. ხალხისთვის გასაგები უნდა გახდეს, რა არგუმენტებზე დაყრდნობით მომზადდა ეს ცვლილებები. ამ განხილვებს ძალიან საინტერესო სახე ექნება, მით უფრო, რომ ოპოზიციაც აცხადებს, რომ ამ შეხვედრებს ისიც დაესწრება. ასეთ შემთხვევაში საზოგადოებამ თავისი დასკვნები უნდა გამოიტანოს. ასე რომ, ვფიქრობ პრეზიდენტის ირიბი არჩევის წესი უკეთესია. როდის ამოქმედდება, ეს დაზუსტდება.

_ რაც შეეხება ბლოკების თემას, თქვენთვისაც მიუღებელია არჩევნებში ბლოკების მონაწილეობა?

_ ვფიქრობ, დროა ბლოკებზე უარი ითქვას. ის, რომ უცებ ბლოკში გაერთიანდება 10 პარტია, რომლის  წევრების სახელიდა გვარი არავინ იცის ორი-სამი ადამიანის გარდა, მერე ისინი დაფინანსებას იღბენ და თან, რაც მთავარია, კომისიაში ყავთ კიდევ ხალხი, რომლებსაც არავითარი საფუძველი არ აქვთ იმ სიკეთეებით ისარგებლონ, ეს არასწორია. ამიტომ, ვფიქრობ, ბლოკები საჭირო არ არის. ერთადერთი მანდატების განაწილების სისტემაა, რომელიც მეც მიმაჩნია, რომ შეიძლება არ იყოს სწორი. ეს პრინციპი მხოლოდ ორ ქვეყანაშია – საბერძნეთში და იტალიაში სხვადასხვა ფორმით. ვფიქრობ, ამაზე დაფიქრება გვმართებს. ერთის მხრივ, გასაგებია, რატომ არის შეტანილი, მეორეს მხრივ, არ ბადებს სამართლიანობის განცდას. საერთო ჯამში, საკმაოდ დიდი მუშაობა იქნა გაწეული კომისიის მიერ და ვფქირობ, საზოგადოების მხარდჭერა ექნება.