“მოითხოვე ქართული” – პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთს ეწვია

გიორგი მარგველაშვილი კამპანია “მოითხოვე ქართულის” ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთს ეწვია და ფოკის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერში წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა. მონასტერთან არსებული მაღაზია მომხმარებელს ნატურალური პროდუქციის – ჯემების, მურაბების, ტკბილეულის, ჩაის, საიუვილერო ნაწარმის, რძის პროდუქტების და ალკოჰოლური სასმელების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

პრეზიდენტმა კომპანია “ჯორჯიან ბიზნეს ზონაც” დაათვალიერა, რომელიც 2008 წელს ფონდ “ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს” საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. კომპანია 350-მდე ფერმერისგან რძეს იბარებს და რამდენიმე სახეობის ყველს აწარმოებს.

გიორგი მარგვველაშვილმა მოისმინა პრობლემებიც, რომლებიც წარმოების და რეალიზაციის პროცესში იქმნება. მეწარმეთა აზრით, კონსიგნაცია პროდუქციის წარმოების პროცესსაც აფერხებს. საკითხში გარკვევა გიორგი მარგველაშვილმა ეკონომიკურ მრჩეველს დაავალა, რომელიც ბიზნესომბუდსმენს შეხვდება და პრობლემის საკანონმდებლო დონეზე მოგვარებას შეეცდება. მაია მელიქიძის თქმით, მსგავსი პრობლემა თითქმის ყველა ქარველ მწარმოებელს აქვს და საკითხი სისტემურ გადაწყვეტას საჭიროებს.

კამპანია “მოითხოვე ქართული” უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. პრეზიდენტი გოგა ჩანადირის და ტარიელ ზივზივაძის ინიციატივას შეუერთდა, რომლის მიზანიც ქართული პროდუქციის პოპულარიზაცით ქართული ეკონომიკის გაძლიერებაა.