“ევროპული საქართველო” ,,კარდაკარს” იწყებს

“ევროპული საქართველო” კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კამპანიას ,,კარდაკარ” იწყებს. ინიციატივა ხალხის გამოკითხვას და ხელმოწერების შეგროვებას ითვალისწინებს. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საჭიროა ხალხის აზრის გათვალისწინება. მისივე თქმით, ხალხმა პლებისციტით უნდა გადაწყვიტოს პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევის წესი.

ბაქრაძემ მოუწოდა პარტიებს და პრეზიდენტს, შეუერთდნენ ამ კამპანიას და ერთად დაიწყონ მზადება პლებისციტისთვის.

“საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში შეიქმნა ვითარება, როდესაც ერთ მხარეს დარჩა მმართველი პარტია – „ქართული ოცნება“, ხოლო მეორე მხარეს ყველა სხვა ოპოზიციური პარტია, არასამთავრობო სექტორის ნაწილი, სახალხო დამცველი, პრეზიდენტი და საზოგადოება. „ევროპულმა საქართველომ“ აუცილებლად ჩავთვალეთ გამოვსულიყავით ინიციატივით, აზრი გვეკითხა საზოგადოებისთვის – მთავარი მსაჯულისთვის, და კონსტიტუცია შეცვლილიყო ისე, როგორც ამას გადაწყვეტდა ქართველი ხალხი. სამწუხაროდ, ჩვენს შეთავაზებას პლებისციტის შესახებ, როგორც მოსალოდნელი იყო, არანაირი გამოხმაურება არ მოჰყვა საქართველოს პრემიერმინისტრის მხრიდან. სწორედ ამიტომ, ვაცხადებთ, რომ ხვალიდან „ევროპული საქართველო“ იწყებს კამპანიას „კარდაკარ“ – ჩვენ მივალთ თითოეულ ოჯახში და მოვაგროვებთ ხელმოწერებს პლებისციტის დასანიშნად.”-განაცხადა ბაქრაძემ.