დიდი მადლობა, კაპიტანო!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მამუკა გორგოძის მიერ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების დატოვებას ეხმაურება

-საქართველოში არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ეს სახელი და გვარი არ ჰქონდეს გაგონილი და მამუკა გორგოძე მოედანზე, თავდაუზოგავ ბრძოლაში არ ჰყავდეს ნანახი. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ტოვებს მისი ლეგენდარული კაპიტანი, ყველა დროის საუკეთესო ქართველი მესამეხაზელი, რომელმაც გულშემატკივრისა და რაგბისადმი სიყვარულით და მოედანზე ვაჟკაცობით, თანაგუნდელებთან ერთად, რაგბი ყველა თაობის საყვარელ სპორტის სახეობად აქცია საქართველოში. მამუკა გორგოძის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება რთულია მისი ერთგული გულშემატკივრისთვის, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ნაკრების დატოვება კიდევ უფრო მეტად უმძიმს თავად კაპიტანს. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა უნდა ვუთხრათ მამუკა გორგოძეს იმ ამაგისთვის და თავდაუზოგავი ბრძოლისთვის, რაც მან ქართული რაგბის განვითარებისთვის გასწია. დიდი მადლობა, კაპიტანო!