სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა იზრდება

პარლამენტის თავმჯდომარემ იმერეთის რეგიონის მოსახლეობას კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის ახალი რედაქცია გააცნო და ფუნდამენტურ ცვლილებებზე და ახალ საკონსტიტუციო რეგულაციებზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება სასამართლო ხელისუფლების მიმართ განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა.

„კონსტიტუციური პროექტის ახალ რედაქციაში სასამართლო სისტემის მიმართ უამრავი ნორმაა ჩადებული, რომელიც  სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას განაპირობებს. მაგალითად, დგინდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა და იგი 28 მოსამართლით განისაზღვრება. ასევე, მკვიდრდება  მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი, რაც  ერთ-ერთი ფუნდამენტური გარანტიაა. ახალ რედაქციაში პირდაპირ აღინიშნება, რომ სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია არ შეიძლება გახდეს მოსამართლის გათავისუფლების საფუძველი. გასული წლების განმავლობაში, გახსოვთ, როგორ გამოიყენებოდა ეს ბერკეტი სასამართლოზე ზეწოლის მოსახდენად. 2004 წელს, პრაქტიკულად მთელი სასამართლო კორპუსი   დაიშალა იმის გამო, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერი არ არსებობდა. ახალი რედაქცია სასამართლო სისტემის მიმართ მთლიანად გამორიცხავს ასეთ მანიპულაციას. ასევე ძალიან მკაფიოდ დგინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესი, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, პროკურატურა გამოიყოფა აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემიდან და ყალიბდება, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველობის სისტემაში მთავრობის ქმედით როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა არის და რჩება იმ კონსტიტუციური ორგანოდ, რომელიც  ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხორციელებას უზრუნველყოფს. „დღესაც მთავრობა არის ერთადერთი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნის უშუალოდ მმართვას უზრუნველყოფს და ახალი რედაქციის საფუძველზეც ასეთად დარჩება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.