მამა გაბრიელი: ვინც პატრიარქს განიკითხავს, თავზე აგუზგუზებულ ნაკვერჩხლებს დაიყრის!

მამა გაბრიელის დარიგებები:

არ მიატოვოთ საქართველო, არ განარისხოთ ღვთისმშობელი. მძიმე ჯვარს ატარებს კათოლიკოს-პატრიარქი, ვინც მას განიკითხავს, თავზე აგუზგუზებულ ნაკვერჩხლებს დაიყრის. უალი დაამდაბლებს და უფალი აღამაღლებს. როცა თავი ვინმეზე კარგი მგონია, თავზე რკინის რგოლს ვიკეთებ, ფეხშიშველი გამოვდივარ. ხალხი მიყურებს და იცინის, მაშინ ვმდაბლდები, ვხედავ ჩემ თავს, რა ნაგავიც ვარ.  ვინც დაიმდაბლოს თავი, იგი ამაღლდეს.

სიკეთე ჰქმენით, რომ თქვენმა სიკეთემ გადაგარჩინოთ. ნახევარი ჯოჯოხეთი უკვე დედამიწაზეა, ანტიქრისტე კარებთან დგას და კი არ აკაკუნებს, შემოგლეჯას ლამობს. თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს, იგი მთელ დედამიწაზე მოინდომებს გამეფებას. დევნა ყველგან იქნება, მაგრამ საქართველოს მარიამ ღვთისმშობელი დაიფარავს, მისი წილხვედრია. აქ ნაკლები დევნა იქნება. ოღონდ ცალ-ცალკე ნუ იქნებით, ათი ან მეტი იყავით ერთად. ერთმანეთს უნდა შეეშველოთ დევნის დროს. ნუ შეგეშინდებათ, როდესაც გაგიჭირდებათ მოვალ და მოგეშველებით, ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ.

ბოლო ჟამს ცაში ნუ დაიწყებთ ყურებას, რამეთუ ისეთი სასწაულები მოხდება, შეცდებით და დაიღუპებით.

ანტიქრისტე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავად, ხილულადაც იქნება დასმული ადამიანის ხელსა და შუბლზე.  ბოროტს 666 მახე აქვს დაგებული. ანტიქრისტეს დროს ადამიანისათვის ყველაზე დიდი მახე ის არის, ხსნას კოსმოსიდან რომ ელოდება. ეგონებათ, უცხოპლანეტელები მოიტანენ ხსნას. სინამდვილეში ბოროტები მოვლენ სახეშეცვლილები.

ნუ შეგეშინდებათ, მთავარია ანტიქრისტეს ბეჭედი არ დაიდოთ ხელსა და შუბლზე. ნურც იმ კაცის პურს შეჭამ, ვინც ნიშანი დაიდო. რასაც კეთილი საქმისათვის გასცემ, ღმერთი ასწილ მოგიზღვავს. მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლება. ღმერთის წინაშე ყოველი ცოდვა ზღვის კენჭებივითაა. არ არსებობს ცოდვა სინანულს რომ აღემატებოდეს.

ჯვარშია მთელი ძალა! 

კომენტარის დატოვება