14 მაისს, 2016/2017 წლების სეზონის დიდი 10 ტოიოტას ფინალური შეხვედრა

14 მაისს, 17 საათზე, ‘მიხეილ მესხის’ სახელობის სტადიონზე 2016/2017 წლების სეზონის დიდი 10 ტოიოტას ფინალური შეხვედრა დაიწყება, რომელშიც ერთმანეთს გორის ‘ჯიქი’ და ბათუმის ‘ ბათუმი’ შეერკინება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

კომპანია ‘ტოიოტა’ საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორი და დიდი 10-ის პლეი ოფის, კერძოდ კი ფინალური შეხვედრის სპონსორი ცოტა ხნის წინ გახდა და საპრიზო ფონდად 100 ათასი ლარი დააწესა. საქართველოს ჩემპიონი ჯილდოდ 70 ათასს, ხოლო ფინალში დამარცხებული გუნდი 30 ათას ლარს მიიღებს.

‘ჯიქი’ ფინალში არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა. ბათუმელებს საქართველოს ჩემპიონატი 2-ჯერ აქვთ მოგებული (1999 და 2002 წლებში), ფინალში კი ბოლოს 2009 წელს ითამაშეს.

მიმდინარე სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს მეოთხედ ხვდებიან. რეგულარულ გათამაშებაში ‘ბათუმმა’ გორში 18:5 იმარჯვა, მეორე წრეში ‘ჯიქმა’ რევანში აიღო და ბათუმში 21:19 მოიგო. სეზონი ამ გუნდებმა პირველ-მეორე ადგილზე დაასრულეს (ჯიქი 61 ქულა, ბათუმი 59) და ფინალის შესარჩევ პლეი ოფში გორელებმა მეტოქე 25:6 დაამარცხეს. ‘ბათუმი’ ფინალის საგზურისთვის მოქმედ ჩემპიონ ‘ლელო-სარასენსს’ მშობლიურ ქალაქში ერკინა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქეს ბახვა კობახიძის მიერ ბოლო წუთზე გატანილი არეკნით 11:9 სძლია.