“თავდაცვის სფერო ექვემდებარება მთავრობას და ეს საკითხი ასე მოწესრიგდება კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც”

ირაკლი კობახიძე: თავდაცვის სფერო ექვემდებარება მთავრობას და ეს საკითხი ასე მოწესრიგდება კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც

„საუბარია საპარლამენტო სისტემის დახვეწაზე და ამ სისტემაში ზუსტად ისე არის განსაზღვრული პრეზიდენტის როლი, სხვა კონსტიტუციური ორგანოების როლი თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, როგორც ეს არის საჭირო საპარლამენტო მმართველობისთვის“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვარშავაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციური კანონის პროექტზე საუბრისას განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უმაღლესი მთავარსარდალი არ ნიშნავს იმას, რომ მას თავდაცვის სფერო ექვემდებარება. „ეს არც დღეს არ არის ასე და არც ხვალ არ იქნება ასე. საპარლამენტო სისტემისთვის დამახასიათებელია,რომ თავდაცვის სფერო ექვემდებარება აღმასრულებელ ხელისუფლებას ანუ მთავრობას. ეს საკითხი ასე მოწესრიგდება კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.