გამოსაშვები გამოცდები დაიწყო – წარმატებები, ბავშვებო!

გამოსაშვები გამოცდები დღეს, 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით საქართველოს 1 500-ზე მეტ სკოლაში ერთდროულად დაიწყება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, გამოცდებისათვის 48 000-ზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული. მე-12 კლასის მოსწავლეები გამოცდას 4 საგანში (ქართული, უცხო ენები, ისტორია, მათემატიკა) ჩააბარებენ.

გამოსაშვებ გამოცდებზე მინიმალური გამსვლელი ქულაა 5.5. შეფასების ათვლა 5 ქულიდან იწყება და ზღვრის გადასალახად მოსწავლემ დაახლოებით, 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი. მათივე ინფორმაციით, მოსწავლეებს, რომლებმაც მე-11 კლასის რომელიმე გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახეს ან ვერ შეძლეს გამოცდაზე გამოცხადება, საშუალება აქვთ რვავე გამოცდა ერთდროულად ჩააბარონ.

გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით  ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია – ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა. სისტემა კონკრეტულ კითხვაზე გაცემული პასუხის მიხედვით ურჩევს მოსწავლეს მომდევნო კითხვას, სანამ მის ცოდნასა და შესაძლებლობებს არ დაადგენს.