მთავარიპოლიტიკა

კობახიძე: დღევანდელი კონსტიტუცია არ არის შესაბამისობაში ფუნდამენტურ პრინციპებთან

ბერლინში კონსტიტუციურ პროექტზე მსჯელობენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანელ პარტნიორებს კონფერენციის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გერმანული კონსტიტუციონალიზმი ერთ-ერთი სანიმუშოა მსოფლიოში, რის გამოც, კონფერენციის ბერლინში გამართვას მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიას, უცხოელ პარტნიორებს და საერთაშორისო ექსპერტებს, ასევე, კონფერნეციის თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადა.

„საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის ძირითად კანონს. ეს არის ის დოკუმენტი, რომელმაც ძალიან მყარი საფუძველი უნდა ჩაუყაროს საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.  როგორიც არის ქვეყანაში კონსტიტუცია, ისეთია პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკური პროცესები, რაც ქართულმა გამოცდილებამაც ძალიან კარგად დაგვანახა. როგორი არასტაბილურიც იყო გასული ოცი წლის განმავლობაში ჩვენი კონსტიტუცია, ისეთივე არასტაბილური სახით წარიმართება სამწუხაროდ, საქართველოში, პოლიტიკური პროცესები.

ჩვენი დღევანდელი ამოცანაა, რომ ჩამოვაყალიბოთ ძალიან მყარი დოკუმენტი და მყარი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გრძელვადიან განვითარებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი განცხადებით, პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას სამი ძირითადი ამოცანა დაუსახა: კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის  პრინციპებთან, დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობად და იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით გამართული კონსტიტუციის შემუშავება.

„დღევანდელი კონსტიტუცია არ არის შესაბამისობაში ფუნდამენტურ პრინციპებთან, მათ შორის, ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან, რაც ხაზგასმით იყო აღნიშნული ვენეციის კომისიის 2010 წლის დასკვნაში.; მეორე ამოცანას რაც შეეხება, დღეს საქართველოში ჩამოყალიბებულია ძალიან დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემა. ჩვენი მეორე ამოცანა გახლდათ დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობად. და მესამე: იურიდიული ტექნიკის კუთხით, ქვეყნის ძირითადი კანონი საკმაოდ გაუმართავი იყო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამივე მიზანი არის მიღწევადი მას შემდეგ, რაც დასრულდება პროცესი და მას შემდეგ, რაც დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციის ახალ რედაქციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან გამართული პროცესი დაედოს საფუძვლად საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.