ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ

საქართველოს პრეზიდენტი მანჩესტერში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს. გიორგი მარგველაშვილმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“შეძრწუნებული ვარ დიდ ბრიტანეთში, ქალაქ მანჩესტერში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. 
საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ.
ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას და ხალხს,” – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

წუხელ ინგლისის ქალაქ მანჩესტერში სტადიონზე მომხდარ აფეთქებას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი.

აფეთქება ფოიეში კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა, მას შემდეგ, რაც ხალხი ამერიკელი პოპ ვარსკვლავის, არიანა გრანდეს კონცერტიდან გამოდიოდა.