ბილეთების რეალიზატორი კომპანიები ერთმანეთს უპირისპირდებიან

კომპანიების ერთმანეთთან დაპირისპირება ახალი არ არის, საზოგადოებისთვის ცნობილია Apple-ს პროდუქციის რეალიზატორი კომპანიების დაპირისპირება, ასევე კომანიების „ფორვარდერისა“ და „ქარექსპრესის“ დავა, ავიაბილეთების ფასის გამო დაპირისპირებული კომპანიები და სხვა დავებიც, რომლებმაც საჯაროობის სფეროში გადაინაცვლეს, ამჯერად კი ერთმანეთს ბილეთების რეალიზატორი კომპანიები უპირისპირდებიან.

ამ თემაზე ვრცელ სტატიას bm.ge აქვეყნებს:

ბილეთების რეალიზატორი კომპანიები ერთმანეთს უპირისპირდებიან. საქმე ეხება Aerosmith-ის კონცერტს, რომელიც Black Sea Arena-ზე 20 მაისს გაიმართა.

Biletebi.ge აცხადებს, რომ კომპანია tkt.ge-მ სპეციალურად შეუქმნა ბარიერები დარბაზში შეშვებაზე იმ მაყურებლებს, რომლებსაც ბილეთი Biletebi.ge-ს მეშვეობით ჰქონდათ შესყიდული.

კომპანია განმარტაბს, რომ ბილეთების ნომრების დაშვების სისტემაში ჩატვირთვა სწორედ “თიქეთ.ჯის” უნდა განეხორციელებინა.

“სამწუხაროდ, კონცერტის დღეს აღნიშნულმა კომპანიამ “ვერ გაართვა თავი” ამოცანას და ათასობით მაყურებელს შეექმნა სერიოზული დისკომფორტი დარბაზის ტერიტორიაზე შესვლისას, კერძოდ რიგში დგომის დიდი დრო და გაურკვევლობა ბილეთის სკანირების სისტემასთან.

ამ ქმედების სავარაუდო მიზანი იყო იმ მაყურებელის “დასჯა”, ვინც ბილეთები შეიძინა biletebi.ge-ზე”,- აცხადებს ბილეთები.ჯის თანამდამფუძნებელი გიორგი ჩხიკვიშვილისაქმის კურსთანსაუბრისას.

მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აღნიშნული კომპანია, ცდილობს “დაისაკუთროს” სახელმწიფო მფლობელობაში არსებული დარბაზები და აიძულოს ღონისძიებების ორგანიზატორები განათავსონ ბილეთები მხოლოდ მათ ვებ-გვერდზე. ჩხიკვიშვილი ამბობს, რომ კომპანიას სავარაუდოდ ზურგს სახელმწიფო უწყებები უმაგრებენ. კითხვაზე, რომელი სახელმწიფო უწყებები იგულისხმება, ჩხიკვიშლი აცხადებს, რომ TKT.GE კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის გარემოცვის დაფუძნებულია.

გიორგი ჩხიკვიშვილი აცხადებს, რომ შექმნის დღიდან TKT.GE ცდილობს გააქროს კონკურენტი ბაზრიდან და მონოპოლია მოიპოვოს.

“განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც როგორც ჩანს ღონისძიების ორგანიზატორები პირწმინდად არიან მოკლებული შესაძლებლობას განათავსონ ბილეთები სხვა ვებ-გვერდზე და ისარგებლონ ბაზარზე არსებული კონკურენციით. ჩვენი ინფორმაციით ზეწოლას აქაც ახორციელებს ზემოთაღნიშნული საბილეთო კომპანია, რომელსაც გადაცემული აქვს მაყურებლის დარბაზში დაშვების და ფილარმონიის სალაროებში ბილეთების გაყიდვის ექსკლუზიური უფლება.

ყოველივე ზემოთქმული, ჩვენი აზრით, აკნინებს ამ სფეროში ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებს და იწვევს მდგომარეობის გაუარესებას როგორც ღონისძიების ორგანიზატორებისთვის ასევე ბილეთების გაძვირებას რიგითი მაყურებლისთვის”, – ნათქვამი იყო კომპანიის დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის კურსიკომენტარისთვის TKT.GE-საც დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ Biletebi.ge-ს მიერ გავრცელებულ განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

“გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ბილეთები.ჯი, რომელიც ავრცელებს ამ განცხადებას, პასუხისმგებელია როგორც ბილეთების რეალიზაციაზე ასევე შემდგომში სტუმრების ღონისძიებაზე შეუფერხებლად შეშვებაზე. ზუტად ეს წარმოადგენს საკომისიო საფასურით განსაზღვრულ ვალდებულებას, რომელიც მათ დამკვეთის წინაშე აიღეს. დამკვეთის მხარეს ტურნიკეტების მომსახურებას ახორციელებს მაღალკვალიფიციური საერთაშორისო მომწოდებელი.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მხარეს მობილიზებული იყო დამატებითი რესურსი, წინასწარ მოხდა ტექნიკური სამუშაოების წარმოება და შეშვების კუთხით არანაირი შეფერხება არ შეგვქმნია. მომხმარებლებმა, რომლებმაც შეუფერხებლად შეიძინეს ბილეთები tkt.ge-ზე ასევე შეუფერხებლად მიიღეს მომსახურება.

ბილეთები.ჯის ბილეთებზე წამოქმნილი პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენმა კომპანიამ დამატებითი რესურსის გამოყოფით დროულად შეძლო შეკრებილი სტუმრების შემოშვება, რაც არ წარმოადგენდა ჩვენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რადგან ბილეთები.ჯიმ ამ მომსახურების ღირებულების გადახდაზეც უარი განაცხადა და თავად გადაწყვიტა სტუმრების შეშვება. შესაბამისი რესურსის გარეშე შეშვება შეფერხდა და პრობლემის თავიდან აცილების მიზნით და ორგანიზატორის მხარდასაჭერად ეს პროცესი ჩვენს მხარეს წამოვიღეთ”,- აცხადებენ tkt.ge-ში.

წყარო:

http://www.bm.ge/ka/article/biletebige-tktge-s-saxelmwifos-mxridan-lobirebashi-da-bazris-monopoliis-mcdelobashi-adanashaulebs/11751