რა ხდება, როდესაც სული სხეულიდან გამოდის…

წმ. იოანე ოქროპირი

როდესაც კაცის სული სხეულიდან გამოდის, მაშინ დიდი საიდუმლო აღესრულება. თუკი იგი ცოდვასაა დამონებული, მაშინ მასთან მიიჭრებიან დემონები, დაცემული ანგელოზები, ბნელი ძალები და მიიტაცებენ სულს თავის სამფლობელოში. ეს უცნაურად არ უნდა მივიჩნიოთ და არ უნდა გაგვაკვირვოს. თუკი ადამიანი ვიდრე ამქვეყნად ცხოვრობდა, მათ ემონებოდა და მათ მონად იქცა, მით უმეტეს, როცა ტოვებს ამ ქვეყანას, მათ ტყვეობაში ექცევა. ასევე, პირიქით, უმჯობესი მდგომარეობის მიმართებით უნდა გულისხმავყოთ: უფლის წმიდა მონებთან ახლაც (იგულისხმება სიცოცხლეში) ანგელოზები დგანან, მათ წმიდა სულები იფარავენ და გარს ევლებიან. ხოლო როცა სხეულიდან გავლენ, ანგელოზები მიიქვამენ მათ სულებს, თავის სამყოფელში წაიყვანენ, სიწმიდის ქვეყანაში, და უფალთან წარადგენენ.
წმ. მაკარი დიდი
ვითარცა-იგი დღეთა მათ ნოვესთა… ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებდეს და განჰქორწინებდეს მუნ დღედმდე… ვიდრემდე მოიწია წყლით-რღუნაჲ იგი და წარიღო ყოველი. ესრეთ იყოს მოსლვაჲცა ძისა კაცისაჲ“ (მათ. 24,37-39). ქრისტემ ეს იმის დასამტკიცებლად თქვა, რომ ის მოვა უცებ და მოულოდნელად, როდესაც უმეტესობა განცხრომაში იქნება. იმავეს ამბობს პავლე [მოციქული] შემდეგი სიტყვებით: „რაჟამს თქუან: მშვიდობაჲ და კრძალულებაჲ, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა მომსრველი“ (1თესალ. 5,3), და ამ მოულოდნელობის ასახსნელად თქვა: „ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ“. როგორღა ამბობს ქრისტე: „შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა“? (მათ. 24,29). თუკი მაშინ იქნება განცხრომა, „მშვიდობაჲ და კრძალულებაჲ“, როგორც პავლემ თქვა, მაშ როგორ ამბობს ქრისტე: „შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა“? სიხარულისას რანაირი ჭირი შეიძლება იყოს? აქ იგულისხმება განცხრომა და მშვიდობა, რომლებიც შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ უგუნურ და უგრძნობელ ადამიანებს. ამიტომაც, მოციქულს არ უთქვამს: „როდესაც მშვიდობა იქნება“, არამედ: „რაჟამს თქუან: მშვიდობაჲ და კრძალულებაჲ“, და ამით გამოსახა მათი უგრძნობელობა, იმის მსგავსი, რაც ჰქონდათ ადამიანებს ნოეს დროსაც, როდესაც, მიუხედავად უდიდესი გაჭირვებებისა, ისინი განცხრომაში ატარებდნენ ცხოვრებას, ხოლო მართალნი პირიქით, გაჭირვებასა და მწუხარებაში იყვნენ. აქედან ჩანს, რომ ანტიქრისტეს მოსვლასთან ერთად უსჯულოთა შორის, რომელთაც ცხონების სასოება დაკარგული ექნებათ, გამრავლდება სამარცხვინო სიამოვნებები, მიეცემიან ნაყროვანებას, განცხრომას, ლოთობას და ყველა სხვა სიბილწეს. ამგვარად, ქრისტეს მოაქვს საქმის გარემოებასთან სრულიად შესაბამისი მაგალითი. როგორც მაშინ, ამბობს იგი, როდესაც კიდობანი მზადდებოდა, ხალხს არ სჯეროდა, და მაშინაც კი, როცა უკვე მზად იყო და წინასწარ აუწყებდა მათ უბედურების მოახლოებას, ისინი მშვიდად შეჰყურებდნენ მას და განცხრომაში იყვნენ, თითქოსდა არანაირი გასაჭირი არ მოელოდათ; ასევე ახლაც: გამოჩნდება ანტიქრისტე, რომლის შემდეგ დადგება აღსასრული, აღსასრულს მოჰყვება სასჯელი და გამოუთქმელი ტანჯვა; ხოლო ადამიანები, გარყვნილებით მთვრალნი, ვერანაირ საშიშროებას ვერ იგრძნობენ ამ მომავალ გაჭირვებათა წინაშეც. ამიტომაც „ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ“, მოციქულის სიტყვისამებრ, მათზეც მოიწევა ეს საშინელი და გარდაუვალი უბედურებები. რატომ არ ახსენა ქრისტემ ის უბედურება, რაც სოდომელებს დაატყდათ თავს? მას სურდა მაგალითად წარმოედგინა საყოველთაო ამბავი, რომლისაც ასევე არ სჯეროდათ, როცა ნაწინასწარმეტყველები იყო. ვინაიდან ბევრს არ სჯეროდა მომავალში მოსახდენისა, უფალი უმტკიცებს მათ წარსულში აღსრულებულით და ამით აძრწუნებს მათ გულებს.