ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, მიხეილ მესხს წიგნი მიეძღვნა

მიხეილ მესხის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დემიკო ლოლაძის მიერ გამოცემული წიგნის წარდგენას მოეწყო.

წიგნში გადმოცემულია ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, სპორტის დამსახურებული ოსტატისა და ევროპის თასის მფლობელის, მიხეილ მესხის ცხოვრება და ბიოგრაფია, ასევე დემიკო ლოლაძის მიერ სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ფოტომასალა.

წიგნის წარდგენისას სპორტსმენებმა და ცნობილმა ადამიანებმა ლეგენდარული ფეხბურთელი გაიხსენეს.

წიგნის წარდგენა თბილისის საკრებულოში გაიმართა.

ქართველი ფეხბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი მიხეილ მესხი 1937 წლის 12 იანვარს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის №35 საფეხბურთო სკოლა. თბილისის „დინამოს“ რიგებში პირველი შეხვედრა 17 წლის ასაკში ჩაატარა და ამ კლუბის ღირსებას 15 წელი იცავდა.

356 ჩატარებული მატჩიდან 76-ჯერ აიღო მეტოქის კარი. თამაშობდა, როგორც თავდამსხმელის, ასევე ნახევარმცველის პოზიციაზე, იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. არის 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 1960 წლის ევროპის ერთათასის გათამაშების მონაწილე. 1998 წელს მესხი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ და საქართველოს მე-20 საუკუნის „საოცნებო გუნდის“ წევრად დაასახელეს.

ლეგენდარული ფეხბურთელი 1991 წლის 22 აპრილს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.