წყნეთი-ახალდაბის გზაზე ისევ მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი სეტყვის,  წვიმებისა  და უხვი ნალექის შედეგად  წყნეთი – ახალდაბის გზაზე ისევ პრობლემები შეიქმნა.  მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ახალდაბა რამდენიმე საათით მოწყვეტილი იყო გარესამყაროს, თუმცა ადგილზე მისული სამაშველო სამსახურების, მძიმე ტექნიკისა და გზებზე ჩატარებული გამწმენდი სამუშაოების შედეგად   ამ დროისთვის გზა  გახსნილია.  ჩამოწოლილმა მეწყერმა გზის გარდა დააზიანა გაზსადენი, რის გამოც ამ დრომდე ახალდაბის მოსახლეობა ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობას ასევე არ მიეწოდება სასმელი წყალი.

ძლიერი სტიქიის შედეგად ადგილობრივების უმეტესობას საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები დაეტბორათ. განადგურდა ნათესები და ნარგავები. ისინი შესაბამის უწყებებს, გეოლოგებს  სთხოვენ შეისწავლონ ახალდაბის ნიადაგის სტრუქტურა და დადონ შესაბამისი დასკვნა, რადგან მათი განცხადებით, ეს ადგილი საცხოვრებლად გამოუსადეგარია და ყოველი წვიმის მოსვლის დროს თვითოეულ მათგანის სიცოცხლე საფრთხეშია.