ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე უმრავლესობა დღეს “ოცნების” ოფისში იმსჯელებს

საპარლამენტო უმრავლესობა დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სამუშაო შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე პარლამენტის წევრები ნარკოპოლიტიკის რეფორმის ძირითად საკითხებსა და საგაზაფხულო სესიის მომდევნო სხდომების შესახებ იმსჯელებენ, რომელიც საკონსტიტუციო განხილვებს დაეთმობა.

„განიხილება საკანონმდებლო რეფორმა, ნარკორეგულაციების ჰუმანიზაციის მიმართულებით, რომელიც მიმართული იქნება პრევენციისკენ, რათა ახალი თაობა დაცული იყოს ნარკოტიკების ზიანისგან; რომელიც ასევე დაიცავს მომხმარებელთა ინტერესებს და ხელმისაწვდომობას ზიანის შემცირების, მკურნალობის და რეაბილიტაციის სერვისებზე“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

მთავრობამ პარლამენტს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი წარუდგინა. ცვლილების მიხედვით, კანაფის და მარიხუანის კანონით დადგენილი დიდი ოდენობა იცვლება, შესაბამისად, კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა იქნება 140 გრამი, 50 გრამის ნაცვლად, განსაკუთრებით დიდი ოდენობა – 1 000 გრამი, 250 გრამის ნაცვლად.

მარიხუანის შემთხვევაში, გამომშრალი დიდი ოდენობა იქნება 70 გრამი, 50 გრამის ნაცვლად, ნედლი დიდი ოდენობა – 140 გრამი, 100 გრამის ნაცვლად. კანაფის და მარიხუანის კანონით დადგენილი მცირე ოდენობები უცვლელი რჩება. არ იცვლება გამომშრალი და ნედლი მარიხუანის განსაკუთრებით დიდი ოდენობები.

ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.