„ბრავო“ ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია დაასრულა

ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ დისლოცირებულმა III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია დაასრულა.

უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ბაზა „მარმალზე” გაიმართა. 32-ე ბატალიონის „ბრავო” ასეულმა სამშვიდობო მისია II ქვეითი ბრიგადის ასეულს გადააბარა. მისიის გადაბარების ოფიციალურ ცერემონიალზე 32-ე ბატალიონის „ბრავო” ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის სპეციალური მედლები გადაეცათ.

უფლებამოსილების გადაბარების პარალელურად ქართულ ქვედანაყოფებს შორის საპატრულო რაიონის გადაბარება და ქართული ასეულის საპასუხისმგებლო ზონაში ერთობლივი პატრულიც განხორციელდა.

მისიის ოფიციალური გადაბარების დასრულების შემდეგ II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა სამშვიდობო მისიით გათვალისწინებული ამოცანების შესრულება უკვე სრული მასშტაბით დაიწყო. ქართველი სამხედროების ამოცანა სწრაფი რეაგირება და საპატრულო რაიონის კონტროლია. ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში 7 თვის განმავლობაში იმსახურებენ.

 

კომენტარის დატოვება