დეპუტატის თქმით, ნარკოტიკების მომხმარებელი არ უნდა იყოს კრიმინალი-პაკეტი ინიცირებულია

პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებულია. ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა.

ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ცვლილებების მომზადების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ინიციტივა მომზადებულია ნარკოპოლიტიკის პლატფორმის მიერ, სადაც 41 არასამთავრობო ორგანიზაცია არის გაერთიანებული.

„ცვლილებები გარკვეულ კონდიციამდე მიყვანილია და მისი ინიცირება მოხდა, მაგრამ მინდა, თითოეულ კოლეგას თხოვნით მივმართო, რომ ჩვენ ამ საკითხში ჩავერთოთ. საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ისევე, როგორც ჩვენი გუნდის შიგნითაც, მაგრამ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ შეთანხმება იმ სამ ძირითად პრინციპზე მოხდეს, რაც არის უკომპრომისო ბრძოლა ნარკოდანაშაულის და ნარკოტიკების ბრუნვის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ზოიძემ.

დეპუტატის თქმით, ნარკოტიკების მომხმარებელი არ უნდა იყოს კრიმინალი, თუ მან არ ჩაიდინა საზოგადოებრივ წესრიგთან მიმართული ნებისმიერი ქმედება და ამ შემთხვევაში უნდა იყოს შეზღუდული.