“თავისუფალი საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს ერთიან კანდიდატებზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს

“თავისუფალი საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს ერთიან კანდიდატებზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს. პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებულ განცხადებაშია ნათქვამი, თავსმოხვეული ორპარტიული სისტემა ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს და დემოკრატიულ პროცესს აზიანებს.

„მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, გვერდზე გადავდოთ პარტიული ინტერესები და ადგილობრივ არჩევნებზე მხარი დავუჭიროთ თბილისის და სხვა ქალაქების მერობის ერთიან კანდიდატებს. ერთიანი კანდიდატად შესაძლოა დასახელდეს ნებისმიერი პარტიის წევრი ან უპარტიო კანდიდატი, გარდა „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული პირებისა.

ვფიქრობთ, ამ გზით შევძლებთ რეალური კონკურენცია გავუწიოთ როგორც მმართველი პარტიის კანდიდატებს, რომლებიც თავიანთ თავს უალტერნატივოდ მიიჩნევენ, აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს, რომელთა მთავარი ამოცანაც მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის მონოპოლიზაციაა და არა ხელისუფლების შეცვლა. ორშაბათს ამ მიზნით გაიმართება პირველი შეხვედრა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებთან, კვირის მანძილზე კი გაიმართება შეხვედრები სხვა წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან. მოვუწოდებთ ყველა პარტიას მოლაპარაკებების დასრულებდამდე თავი შეიკავონ საკუთარი პარტიული კანდიდატების დასახელებისაგან რათა არ დავქსაქსოთ ოპოზიციის ძალები“, – ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებაში.