მოსკოვში არაფორმალური სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ

“პატრიოტთა ალიანსის“ წევრებისგან შემდგარი დელეგაცია რუსეთის სათათბიროს დეპუტატებს უკვე შეხვდა. ამ შეხვედრის შესახებ ირმა ინაშვილი განცხადებას ავრცელებს.

“სკეპტიკოსების საყურადღებოდ ვწერ. ჩვენი ქვეყნისთვის უსერიოზულესი… შეიძლება ითქვას, გარდამტეხი შედეგები მოჰყვა “საქართველოს პატრიოტების” დელეგაციის პირველ შეხვედრას რუსეთის სათათბიროში. დეტალებზე ერთ საათში გააკეთებენ კომენტარს დელეგაციის წევრები. ვისაც თვალი აქვს, დაინახავს. ვისაც ყური აქვს, მოისმენს. ვისაც ქართული გული აქვს, გაიხარებს.“ – წერს ინაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

რუსული სააგენტო „ტასს“-ი კი, რუსეთის დუმის დეპუტატზე, ლეონიდ კალაშნიკოვზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვში საქართველოსა და რუსი დეპუტატების სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. რუსეთის დუმაში საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება ქართველ დეპუტატებთან შეხვედრაზე მიიღეს. მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ასევე ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გამარტივება და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე იმსჯელეს.

ქართველ დეპუტატებთან გამართულ შეხვედრას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა, ესწრებოდნენ პუტინის სახელისუფლებო პარტია “ედიანაია რასიას” და “კომუნისტური პარტიის” წევრები.

რუსეთის სათათბიროში ჩასული ქართული დელეგაციის წევრები არიან – ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე.