არა ოკუპაციას!-კოლონა ბერშუეთისკენ მიემართება

არა ოკუპაციას! – აქციის მონაწილეთა კოლონა ბერშუეთისკენ უკვე დაიძრა, თუმცა ვარდების მოედანზე, სადაც აქციის მონაწილეებმა შეკრება  დილიდან დაიწყეს, ამ დრომდე რჩებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც სურვილი გამოთქვეს მშვიდობიან პროტესტში მიიღონ მონაწილეობა. ისინიც დღეს სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან დაგეგმილ აქციაზე ჩავლენ.

ორგანიზატორების განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან გაკეთდება ცოცხალი ჯაჭვი და შესრულდება საქართველოს ჰიმნი.

„ჩვენ არ მივდივართ ერთი კონკრეტული ბანერის გასაპროტესტებლად. ჩვენ ვაპროტესტებთ რუსეთის აგრესიას და იმ მცოცავ ოკუპაციას, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ტემპს იძენს და საშიში ხდება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის,“ – განაცხადა ლაშა ბერულავამ.

 

საოკუპაციო ხაზთან, მცოცავი ოკუპაციის გასაპროტესტებლად დაგეგმილ აქციას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც უერთდებიან. ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გაააქტიუროს.