უსაფრთხოების წესის დარღვევა და განსაცდელში მიტოვება

სასამართლომ  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევასა და განსაცდელში მიტოვებისთვის ბრალდებულს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევასა და განსაცდელში მიტოვებისთვის ბრალდებული ზ.ლ.  დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და 128-ე მუხლით.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 22:25 საათზე, ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ზ.ლ. ავტომანქანით ქალაქის ცენტრის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რის შედეგადაც ავტომანქანა სავალი ნაწილიდან  გადავიდა და გვერდულზე ქვეითად მიმავალ ზ.ჭ.-ს შეეჯახა. ზ.ლ.-მ განსაცდელში მყოფი ზ.ჭ. დაუხმარებლად მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან ავტომანქანის შეუჩერებლად მიიმალა. ზ.ჭ. მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ზ.ლ. 2017 წლის 3 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ზ.ლ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მას, ასევე, ორი წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.