თურქეთში ქართული ცეკვის ჯგუფის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ტრაპზონში საქართველოს კონსულის გიგა ბერიაშვილი ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებულთაგან ამ დროისთვის საავადმყოფოში ოთხი მათგანი რჩება.

როგორც კონსულმა საზოგადოებრივს განუცხადა,  ერთ-ერთი მათგანის, სავარაუდოდ ავტობუსის მძღოლის, ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, დანარჩენ სამს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

ამასთან, კონსულის თქმით, დანარჩენი დაშავებულები, რომლებიც ავარიის შედეგად სხვადახვა საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილნი, სამედიცინო დაწესებულებებიდან უკვე გაწერეს.

დაშავებულთა ერთი ნაწილი ამ დროისთვის ტრაპზონში, საკონსულოს შენობაში იმყოფება, მეორე ნაწილი კი პოლიციას კონსულის თანდასწრებით ჩვენებას აძლევს.

თურქეთში ავტობუსი, რომელსაც  ქართული ცეკვის ანსამბლ „ლამპრების“  წევრები გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა გირესუნის მახლობლად (120 კმ. ტრაპიზონიდან და 320 კმ. სარფიდან) მოხდა.

ავარიის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა.