დავით კინწურაშვილი: ქალბატონი ივერი სისხლისღვრით იმუქრება!..

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი მომღერალ თამარ ივერს სიძულვილის ენაზე საუბარში ადანაშაულებს და სოციალურ ქსელში წერს:

-„მივმართავ ქვეყნის ხელისუფლებას,
საქართველოს სახალხო დამცველს,
უფლებადამცველ ორგანიზაციებს და
დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოში

უკვე დიდი ხანია, სახელგანთქმული მომღერალი თამარ ივერი სიძულვილის ენით საუბრობს.
ახლა კი მისმა მოწოდებებმა კულმინაციას მიაღწია.
ქალბატონი ივერი სისხლისღვრით იმუქრება და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არც ჰომოფობიისგან განკურნებულა!“

13775826_10201813156848124_8129774130833163936_n

მანამდე კი დავით კინწურაშვილმა ფეისბუქი საკუთარ გვერდზე საკმაოდ ვრცელი მიმართვა გამოაქვეყნა და მის მიმართ არსებულ ბრალდებებს პასუხი გასცა.

-„ძვირფასო მეგობრებო,

როგორც დაგპირდით, დადგა დრო, ყველაფერს საჯაროდ დავარქვა თავისი სახელი. მე გთავაზობთ, გაეცნოთ ტექსტს, რომლითაც ჩემს მიმართ წაყენებულ ბრალდებებს გავეცი პასუხი.
აღნიშნული ტექსტი უკვე გაიგზავნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტროში. აქ მოცემული ფაქტები უკვე კარგა ხანია საზოგადოების განსჯის საგანია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა ხდება სინამდვილეში.

გთავაზობთ ჩემს წერილს (პასუხს)

“საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს,
ბატონ მიხეილ გიორგაძეს,

ბატონო მიხეილ,
გავეცანი 2016 წლის 20 ივლისს თქვენ მიერ გადმოგზავნილ დოკუმენტაციას სსიპ ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასის ნაწილის კრებაზე (16.07.2016) მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, თანდართული განმარტებით, რომელიც ჩემს მიმართ არსებულ პრეტენზიათა ჩამონათვალს შეიცავს.
განმარტებაში მითითებულ პრეტენზიებზე წარმოგიდგენთ დეტალურ პასუხებს:

პრეტენზია 1: სამხატვრო ხელმძღვანელის არაკომპეტენტურობა და თეატრის არასწორი მართვა, რაც გამოიხატება არასაოპერო, მიუღებელი და მხოლოდ მასზე მორგებული რეპერტუარის დაგეგმვასა და განხორციელებაში, რეპერტუარის ერთპიროვნულად, სამხატვრო საბჭოს გვერდის ავლით შერჩევაში.
პასუხი: აღნიშნული პრეტენზია დაუსაბუთებელია – სამხატვრო ხელმძღვანელის (ფაქტობრივად მენეჯერის) კომპეტენტურობა უკვე დამტკიცებულია მისი განათლების, კვალიფიკაციისა და საქმიანი გამოცდილების ამსახველი დოკუმენტაციით. რაც შეეხება სპექტაკლებს – „აბესალომ და ეთერი“, „ატილა“, „ჯამბაზები“, „სამოსელი პირველი“, „სიყვარულისთვის“ (რაც უკვე დაიდგა, 164 – ე სეზონი) და სპექტაკლებს, „კარმენი“, „ნაცარქექია“, „ქეთო და კოტე“, „ბალ – მასკარადი“, „დაისი“ (165 – ე სეზონის გეგმა), მათი მისამართით წარმოთქმული ფრაზები „არასაოპერო“, „დასისთვის მიუღებელი“ და „მხოლოდ სამხატვრო ხელმძღვანელზე მორგებული“, სრულიად გაუგებარი იქნება ოპერის მოყვარული საზოგადოებისთვის, რომელიც მოუთმენლად ელის 165 – ე სეზონს და ზემოაღნიშნულ სპექტაკლებს.
რეპერტუარი სამხატვრო ხელმძღვანელისა და სამხატვრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი მუშაობის შედეგი გახლავთ, სადაც ყოველთვის იყო გათვალისწინებული როგორც თეატრისა და მისი მაყურებლის, ისე დასის ინტერესები, თეატრის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად. ხშირად მიმიღია და გამითვალისწინებია რჩევები სამხატვრო საბჭოს წევრებისგან, მაგალითად საბავშო ოპერის “ნაცარქექია’ – ს შესახებ, ისევე, როგორც “რეკვიემი” – ს შესახებ. საწინააღმდეგო არგუმენტის შემცველი ერთი წერილობითი შენიშვნითაც არავის მოუმართავს დღემდე. საინტერესოა, რომელი მათგანია არასაოპერო ან დასისთვის არასასურველი ჩვენი სარეპერტუარო სპექტაკლებიდან: „აბესალომ და ეთერი“, „ატილა“, „ჯამბაზები“, „სამოსელი პირველი“, „სიყვარულისთვის“, „დაისი“, „კარმენი“, „ნაცარქექია“, „ქეთო და კოტე“ და „ბალ – მასკარადი“? გთხოვთ, ეს კითხვა დაუსვათ პრეტენზიის ავტორებს.

პრეტენზია 2: თეატრის არასწორი მართვა და მიკერძოებული საკადრო პოლიტიკა, რაც იწვევს თანამშრომელთა განხეთქილებას, რაც ასევე აისახება შემოქმედებით პროცესზე, რამეთუ საკადრო პოლიტიკა აგებულ იქნა პერსონიფიცირებულ მიდგომებზე, რაც გამოიხატება ხელფასებისა და დანამატების ნეპოტისტურ, გაუმართლებელ განსაზღვრაში.
პასუხი: არც ეს პრეტენზია შეესაბამება სიმართლეს – თეატრის არასწორი მართვა გახლავთ უზოგადესი ფრაზა და საჭიროებს კონკრეტიკას. პრეტენზიის ავტორს მინიმუმ თეატრის მართვის სწორი მოდელი მაინც უნდა წარმოედგინა (რაც კანონმდებლობით ისედაც რეგულირდება) და შემდეგ მასთან შედარების საფუძველზე ესაუბრა ჩემ მიერ განხორციელებული მართვის უსწორობაზე. ასევე ბუნდოვანი და არაფრისმთქმელია სიტყვები: „მიკერძოებული, პერსონიფიცირებულ მიდგომებზე აგებული საკადრო პოლიტიკა, რაც იწვევს თანამშრომელთა განხეთქილებას“ და „ხელფასებისა და დანამატების ნეპოტისტური, გაუმართლებელი განსაზღვრა.“ ამ სიტყვების ავტორმა აუცილებლად უნდა ჩამოთვალოს ის პირები, ვის მიმართაც მიკერძოებული ვარ და/ან „პერსონიფიცირებული მიდგომა“ მაქვს ან ამ უკანასკნელი ფრაზის ზუსტი თუ არა, მიახლოებითი ახსნა მაინც შემოგვთავაზოს, შესაბამის მაგალითებზე მითითებით. რაც შეეხება ნეპოტიზმს, – ნეპოტიზმი ანუ ნათესავების დანიშნვა თანამდებობებზე, არასაკმარისი კვალიფიკაციის შემთხვევაშიც კი, ნიშნავს ნათესავების კერძო ინტერესების პრევალირებას სახელმწიფო ინტერესებზე. ერთი ნათესავი მაინც რომ მყავდეს დასაქმებული თეატრში, კიდევ შეიძლებოდა რამეზე საუბარი – თუნდაც წარმოსახვით, ჰიპოთეტურ „ინტერესთა კონფლიქტზე“ (რის სამტკიცებლადაც სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა იქნებოდა აუცილებელი), მაგრამ არა ნეპოტიზმზე, ვინაიდან ნეპოტიზმი შეიძლება შეგვხვდეს საჯარო და პოლიტიკურ თანამდებობებზე მყოფ პირთა საქმიანობაში. შესაბამისად, პრევენციას ნეპოტიზმის თავიდან ასაცილებლად შეიცავს სწორედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები, რომლითაც რეგულირდება კონკურსის ჩატარების წესი საჯარო სამსახურში და რომელთა მოქმედება არ ვრცელდება იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, რომლებიც კულტურული საქმიანობისთვის არიან შექმნილნი (იხ: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 2017 წლის 1 იანვრამდე ძალაში მყოფი რედაქციის მე – 111 მუხლის 1 – ლი პუნქტი). ჩვენს თეატრში (და არა მხოლოდ ჩვენთან) ადრეულ წლებშიც და ახლაც მუშაობენ დასაქმებულთა ნათესავები და ეს მოცემულობა დამხვდა. ეს თეატრისთვის დამახასიათებელია, თუმცა კვლავ თამამად ვაცხადებ, რომ არც ერთი ჩემი ნათესავი არ არის ჩემთან დასაქმებული! ამგვარად, სრულიად გაუგებარია, თუ რას უნდა ნიშნავდეს თეატრში გამოთქმა – „ხელფასებისა და დანამატების ნეპოტისტური განსაზღვრა“.

პრეტენზია 3: სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ დამტკიცდა შინაგანაწესი, რომლის დებულებების უმეტესობა მიუღებელი იყო თანამშრომლებისთვის, რამაც უნდობლობის და დაუცველობის განცდა შექმნა. აღნიშნული საკითხი თეატრის თანამშრომლების მხრიდან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მწვავე პროტესტის ხასიათს ატარებდა.
პასუხი: ეს პრეტენზიაც უსაფუძვლოა – 2014 წელს თეატრში შეიქმნა შიდა ნორმატიული რეგულაციები, შინაგანაწესის სახით, რომელსაც „პროფესიული თეატრების შესახებ“ მოქმედი კანონმდებლობის უსრულობა (ნაკლი) უნდა შეევსო და დისციპლინური წარმოებისა და კვალიფიკაციის შემოწმების მარეგულირებელი ნორმები დაემკვიდრებინა ჩვენს თეატრში. მოგეხსენებათ, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, რომელიც არ ვრცელდება თეატრზე და რომელიც საჯარო სამსახურებში შრომის კოდექსის პარალელურად მოქმედებს, შეიცავს დისციპლინური წარმოებისა და საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის შემოწმების მკაფიო რეგულაციებს და ამდენად დისციპლინის დაცვისა და კვალიფიკაცის შემოწმების პრობლება საჯარო სექტორში აღარ არსებობს. თეატრისთვის კი „ყველაფერი უფრო რთულადაა“. შრომის კოდექსი და „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონი, როგორც აღვნიშნეთ, არ შეიცავს კვალიფიკაციის შემოწმებისა და სადისციპლინო წესრიგის მომწესრიგებელ ნორმებს. ამიტომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მცდელობას, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით თავად შეექმნა აღნიშნული რეგულაციები და შეეთავაზებინა დასაქმებულთათვის, რომელთა ნაწილს ეს არ სურს, პასუხად გაღიზიანება მოჰყვა. თეატრის კოლექტივის ნაწილმა შეურაცხმყოფელი უწოდა საკვალიფიკაციო და დისციპლინური წესრიგის მარეგულირებელ ნორმებს. შეგახსენებთ გასულ წელს თეატრის თანამშრომელთა მიერ აღძრულ კოლექტიურ საჩივარს, რომლითაც მათ პირდაპირ საქართველოს მთავრობას მიმართეს შინაგანაწესის შეცვლის მოთხოვნით. საჩივარი, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მთავრობის კანცელარიიდან მოხვდა და მხოლოდ ამის შემდგომ გახდა ცნობილი თეატრისთვის, არ შეიცავდა რომელიმე კონკრეტული პირის კონკრეტული უფლების დარღვევის ფაქტებს და მხოლოდ სამომავლოდ უფლების შესაძლო დარღვევათა სავარაუდო, ჰიპოთეტურ მოსაზრებას ეფუძნებოდა. მიუხედავად ამისა, სრულად გავითვალისწინე მისი ყველა ნიუანსი და უმოკლეს ვადებში იქნა შეტანილი შესაბამისი ცვლილებები შინაგანაწესში. დღეისთვის შინაგანაწესის მე – 4 კონსოლიდირებული რედაქცია გვაქვს (2014 წლის ოქტომბრიდან დღემდე), ბოლოდროინდელი წერილობითი მოთხოვნების საფუძველზე მიღებული ცვლილებებით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ყოველთვის ითვალისწინებს დასის ყოველგვარ მოთხოვნას, რაც კანონს არ ეწინააღმდეგება და მისაღებია და დაუბრკოლებლად, უპრობლემოდ თანამშრომლობს მასთან. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ უკვე დაკმაყოფილდა დასის ბოლო მოთხოვნაც, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ წარმომიდგინეს და რომელიც ეხება თეატრის შინაგანაწესის VIII თავის (საკვალიფიკაციო მოსმენა, საკვალიფიკაციო ჩვენება, საკვალიფიკაციო გამოცდა) მოქმედების შეჩერებას – დასის მოთხოვნათა შესაბამისად მოდიფიცირებამდე. ასევე თეატრის პროფკომიტეტის სიტყვიერი მოთხოვნა გახლდათ შინაგანაწესის V თავის (დისციპლინური წარმოება) ცვლილებების თაობაზე, თუმცა დღემდე არ არსებობს მათი მხრიდან არგუმენტირებული წერილობითი დასაბუთება, გარდა იმისა, რომ მარეგულირებელი ნორმა რთულია და შეურაცხმყოფელი, თუ რომელი შრომითი უფლება ირღვევა არსებული სადისციპლინო და უკვე შეჩერებული საკვალიფიკაციო რეგულაციებით და რით არის გაპირობებული მათი შეცვლის აუცილებლობა. აი, ეს გახლავთ რეალობა, ხოლო საუბარი „უნდობლობისა და დაუცველობის განცდის“ ან „ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მწვავე პროტესტის არსებობის შესახებ“ – მხოლოდ ემოცია. თეატრის პროფკომიტეტს შეეძლო ერთხელ მაინც ჩაერთო მედიაციის სამსახური, თუ მართლა არსებობდა „უნდობლობისა და დაუცველობის განცდა“, რადგან სწორედ მედიაცია აქარწყლებს ამგვარ განცდებს. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა იმის მოწმე, საჩივრის წარდგენიდან რაოდენ მოკლე ვადაში გავითვალისწინე მათი პრეტენზიები, შევიტანე შესაბამისი ცვლილებები შინაგანაწესში, გავითვალისწინე დასის ყოველგვარი მოთხოვნა, რაც კანონს არ ეწინააღმდეგებოდა და მისაღები იყო და დაუბრკოლებლად, უპრობლემოდ ვითანამშრომლე დასთან და თეატრის პროფკომიტეტთან.

პრეტენზია 4: სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ არაერთხელ შეიქმნა შემოქმედებითი დასის ხელოვნური ურთიერთდაპირისპირების საფუძველი, კერძოდ, სახელფასო პოლიტიკის საფუძვლად ღიად სახელდებოდა დასის წევრთა ურთიერთჩანაცვლების აუცილებლობა.
პასუხი: პრეტენზია არა მხოლოდ დაუსაბუთებელი, არამედ გაუგებარია – სიტყვების ავტორმა ერთი მტკიცებულება მაინც უნდა წარმოადგინოს იმის დასამტკიცებლად, რომ სახელფასო პოლიტიკის საფუძვლად ღიად ვასახელებდი ჩემთვის აბსურდულ ფრაზას – „დასის წევრთა ურთიერთჩანაცვლების აუცილებლობას“. ამ ბრალდების უსუსურობასა და აბსურდულობას ადასტურებს ის, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრე – კვალიფიკაციის შემოწმების მარეგულირებელი ნორმების დამკვიდრება ჩვენს თეატრში, შინაგანაწესის VIII თავის სახით, რომლის მოქმედებაც ორიოდე კვირის წინ შეჩერდა დასის მოთხოვნების შესაბამისად მოდიფიცირებამდე, ვინაიდან, დასის აზრით, არსებული ვერსია შეურაცხმყოფელი იყო. სწორედ კვალიფიკაციის შემოწმების მარეგულირებელი ნორმების არსებობა გახლავთ სწორი სახელფასო პოლიტიკის გარანტი, რაც სრულიად გამორიცხავს „დასის წევრთა ურთიერთჩანაცვლებას“. ეს ფრაზა იმდენად ბუნდოვანი და არაფრისმთქმელი გახლავთ, რომ კარგი იქნებოდა, თუ საერთოდ ვინმე განმარტავდა მის შინაარსს.

პრეტენზია 5: პროგრამული ხასიათის დაპირებები, რამაც მისი არჩევა განაპირობა, სრულიად ყალბი და შეუსრულებელი აღმოჩნდა, რამაც პერმანენტული ხასიათი მიიღო.
პასუხი: მოდით, ერთად გავიხსენოთ დასისთვის 2014 წლის ჩემი წინასაარჩევნო შეთავაზება – თეატრის განვითარების ოთხწლიანი კონცეფცია და ვნახოთ, რა შესრულდა და რა არის პროგრესში იქიდან:
ოთხწლიანი კონცეფციის უმნიშვნელოვანესი ღერძი გახლავთ:
ა) თეატრის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რებრენდინგი და მსოფლიო ასპარეზზე მისი ღირსეული წარმოჩენა;
ბ) ორკესტრისა და გუნდის განვითარების სტრატეგია, რაც გულისხმობს მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი მუსიკოსების, ასევე უცხოეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსების ინტენსიურ თანამშრომლობას ორკესტრთან და გუნდთან, საოპერო და საბალეტო რეპერტუარის ზრდის ხელშემწყობი პირობების შექმნას.
გ) გაცვლითი პროგრამების დანერგვა (ტრენინგები, გადამზადება, მასტერ – კლასი);
დ) მრავალფეროვანი საოპერო რეპერტუარი და საერთაშორისო გასტროლები, ინსტრუმენტების მოვლა;
ე) ოპერისა და ბალეტის სინქრონი, რაც ერთ სპექტაკლში მათ შერწყმას მოიაზრებს.
ახლა რაც შეეხება შესრულებული სამუშაოს აღწერას:
ა) თეატრის რებრენდინგი – თეატრს აქვს დახვეწილი დიზაინის, ფუნქციური თვალსაზრისით შესანიშნავად გამართული ორენოვანი (ქართული და ინგლისური ენები) ვებ – გვერდი, როგორც სრული სახელწოდების – „ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი“, ისე ბრენდული სახელების, „სახელმწიფო ოპერა“ და „სახელმწიფო ბალეტი“, მითითებით. დახვეწილია ბილეთების, ბუკლეტების, აფიშების დიზაინი. 2015 – 2016 წლებში თეატრმა გამოსცა თეატრის ბრენდირების კატალოგი, ასევე წიგნები ქართულ და ინგლისურ ენაზე ჩვენს მიერ დადგმული ყველა საპრემიერო სპექტაკლის შესახებ; სულ ახლახანს ჩვენი თეატრი გახდა „Opera Europa“- ს წევრი. უკვე ოთხი საპროექტო განაცხადი წარვუდგინეთ „Creative Europa“ – ს.
ბ) 2014 წლის ოქტომბრიდან თეატრს ყავს მფარველთა საბჭო, რომლის წევრები არიან სებასტიან შვარცი, ბრუნო ვაილი, ნინო ანანიაშვილი, მაყვალა ქასრაშვილი, ბადრი მაისურაძე, დიმიტრი ბერტმანი, დიმიტრი იუროვსკი. გერმანული მხარის დაფინანსებით ორჯერ მოვიწვიე სხვადასხვა თეატრებიდან შეკრებილი სრული სადადგმო ჯგუფი, მსოფლიო დონის საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების განსახორციერლებად. პირველი პროექტი გახლავთ „კარმინა ბურანა“, რომლის განხორციელება, შეთანხმებისამებრ, დაიწყება 2016 წლის ოქტომბრიდან და განხორციელდება 2017 წლის 17 ივნისს. ეს არის დასაწყისი იმ სოციალური პროექტებისა, რომლებიც ევროპული გამოცდილების საქართველოსთვის გაზიარების მიზნით ხორციელდება და დიდი ხნის წინ დაიგეგმა, გერმანულ მხარესთან და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“- სთან შეთანხმებით.
გ) ორკესტრის მასტერ – კლასისთვის მფარველთა საბჭოს წევრის ბრუნო ვაილის რეკომენდაციით ევროპაში ცნობილი მევიოლინე და დირიჟორი, კრისტოფ მაიერი მოვიწვიე, უზრუნველვყავი გერმანიაში ორი ახალგაზრდა დირიჟორის, კახი სოლომნიშვილისა და ირაკლი შერმაზანაშვილის პრაქტიკა – გადამზადება; ჩვენი დასის წევრთა ტრენინგების, მასტერ – კლასებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების მიზნით, თეატრის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის აქტივობით, მიმდინარე წლის მაისში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სოფიას თეატრთან. 2015 წელს მოწვეული იყო დირიჟორი დიმიტრი იუროვსკი;
დ) 164 – ე და 165 – ე სეზონის (2016 წ.) რეპერტუარზე უკვე ვისაუბრეთ; 2016 წლიდან თეატრს განახლებული ბავშვთა გუნდი ჰყავს მდიდარი რეპერტუარტით; 2017 წლის დასაწყისისთვის ვგეგმავთ ოპერის გასტროლს საზღვარგარეთ, საოპერო სპექტაკლით „აბესალომ და ეთერი“. ჩვენს მუსიკალურ ინსტრუმენტებზე მუდმივად ზრუნავს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რომელსაც ინსტრუმენტების გარკვეული ნაწილის შესყიდვაში გვეხმარება.
ე) მოვახერხეთ საოპერო და საბალეტო ხელოვნების შერწყმა სპექტაკლებში: „სამოსელი პირველი“, „სიყვარულისთვის“.
აღარაფერს ვამბობ უამრავ უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ უამრავ სოციალურ პროექტზე, რაც ჩემი საქმიანობის უმთავრესი და ყველაზე მძლავრი იმპულსია. გარდა ამისა, ჩემი ბრძანების საფუძველზე 2015 წლიდან თეატრის თანამშრომელ ფეხმძიმე ქალბატონებს კანონმდებლობით გათვალისწინებული შვებულებისა და სოციალური დახმარების გარდა, თეატრი საჩუქრად დამატებით 1000 (ათასი) ლარს აძლევს.
ახლა კი თქვენ განსაჯეთ, ვასრულებ თუ არა წინასაარჩევნო პერიოდისთვის შექმნილი ჩემს წერილობითი დანაპირების – თეატრის განვითარების ოთხწლიანი კონცეფციის დებულებებს.
აქვე დავამატებ, რომ ახლადგახსნილი თეატრისთვის, რომელიც ხუთ წელზე მეტი ელოდა რემონტის დასრულებას, ადვილი არ იყო პრემიერების დადგმა, რადგან ორიოდე გამონაკლისის გარდა (ორი სპექტაკლის კოსტიუმებსა და რეკვიზიტებზე მოგახსენებთ), თეატრს არც სასცენო კოსტიუმები ან/და რეკვიზიტები შემორჩენია მემკვიდრეობით და აღარც სამკერვალოები და სხვა საამქროები, რასაც ოდესღაც ფლობდა. მიმდინარე წლის აპრილში დასრულდა თეატრის ისტორიაში ბოლო თორმეტი წლის მანძილზე ჩატარებული პირველი ინვენტარიზაცია, რამაც მატერიალურ ფასეულობათა სერიოზული დანაკლისი გამოავლინა და დაგვარწმუნა იმაში, რომ ჩვენთან არსებული რესურსებით ერთ სპექტაკლსაც კი ვერ დავდგამდით. რომ არა სახელმწიფოსა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“ – ს ფინანსური მხარდაჭერა, საკუთარი ძალებით თეატრს ვერც კი გავხსნიდით, 164 – ე სეზონის (2016 წლის იანვარი – ივლისი) ხუთი და 165 – ე სეზონის (2016 წლის სექტემბერი – დეკემბერი) ხუთი, საპრემიერო და აღდგენილი პექტაკლების დადგმაზე ხომ საუბარიც კი ზედმეტია. ისიც რეალობაა, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გამო ფინანსური მხარდაჭერა დაგვიანებით მივიღეთ – მხოლოდ 2016 წლის მაისში. სწორედ ამიტომ ვერ მოვახერხე იმთავითვე ახალი პრემიერებით დაწყება და სპექტაკლების აღდგენით (“ატილა”, “ჯამბაზები”) დავიწყე. მიუხედავად ამისა, სეზონის გეგმის თანახმად, თეატრი 2016 წლის ბოლომდე 5 ახალ პრემიერას ჩაიბარებს. ასეთ მოკლე დროში უფრო მეტი პრემიერა ან ძველი რეპერტუარიდან აღდგენილი სპექტაკლი უკვე იმას ნიშნავს, რომ საბალეტო დასს არ მისცე სცენაზე დგომისა და სრულყოფილი განვითარების ადეკვატური შესაძლებლობა.

პრეტენზია 6: დასის დიდი ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს ჩემი, როგორც დირიჟორის პროფესიონალიზმის საკითხს.
პასუხი: ვწუხვარ, რომ ჩემი ბიოგრაფიის დეტალური შესწავლით არავინ დაინტერესებულა. კოლექტივისგან განსხვავებით, მზად ვარ დღესვე დავდგე კომპეტენტური კომისიის წინაშე კვალიფიკაციის შესამოწმებლად. რაც შეეხება სამსახურიდან ჩემი, როგორც დირიჟორის გათავისუფლების მოთხოვნას, ის მოკლებულია საღ აზრს, ვინაიდან დირიჟორი ორდინალურ შრომით ურთიერთობაში იმყოფება თეატრთან, საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის საფუძველზე და სამსახურიდან მისი გათავისუფლება არ გახლავთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პრეროგატივა.

პრეტენზია 7: თეატრის დასის წინაშე ვმანიპულირებდი მაღალი რანგის თანამდებობის პირებით, კერძოდ, მათი მხრიდან დასის წევრების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებით. აღნიშნული თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის მიერ შეფასდა უკანონო ზემოქმედების ფორმად და გააჩინა გამოუსწორებადი განხეთქილება.
პასუხი: უკაცრავად, მაგრამ…. მეჩვენება, თუ 37 წელი მეორდება? მაღალი რანგის თანამდებობის პირებით მანიპულირებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ … ვაითუ ის იციან, „საიდუმლო გვირაბს რომ ვთხრიდი ბომბეიდან ლონდონამდე“?!
გთხოვთ, დაავლოთ პრეტენზიის ავტორს, ჩემი მხრიდან დასზე მაღალი რანგის თანამდებობის პირებით მანიპულირების და ამით დასზე უკანონო ზემოქმედების, მათდამი სადამსჯელო ღონისძიებებით მუქარისა და დასში ამით გამოუსწორებადი განხეთქილების გაჩენის რაიმე მტკიცებულების წარმოდგენა, თუნდაც ერთი ჩანაწერის სახით.

პრეტენზია 8: თეატრში მოიშალა პირდაპირი კომუნიკაციის ყველა ფორმა სამხატვრო ხელმძღვანელსა და დასს შორის, გარდა მკაცრი ადმინისტრაციული ხასიათის სანქციებისა. აღნიშნულმა კულმინაცია ჰპოვა მისი მხრიდან მედიატორისათვის მიმართვაში, რომლის როლი შემოქმედებითი ნაწილისთვის მძიმედ აღსაქმელი აღმოჩნდა და დასი მიიყვანა ნერვული შოკის მდგომარეობამდე. მოცემულმა ვითარებამ შეუძლებელი გახადა შემოქმედებითი პროცესის წარმართვა და აღნიშნულს სამხატვრო ხელმძღვანელმა პასუხისმგებლობისგან თავის არიდებით უპასუხა. მედიატორის პროცესში მოწვევა კი მისი მხრიდან დასის წევრებისთვის მოსალოდნელი მძიმე ფინანსური სანქციების მუქარით ახსნა.
პასუხი: თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელსა და დასს შორის პირდაპირ კომუნიკაციის დაუბრკოლებელ შესაძლებლობას შესანიშნავად ადასტურებს თუნდაც ბოლოდროინდელი მოვლენები – სამხატვრო საბჭოს კანდიდატთა არჩევნები დასისა და შემოქმედებითი კოლექტივის ცალკეულ რგოლებში, რისი ინიცირების შესაძლებლობაც, დასის სრული ინერტულობის ფონზე, თეატრის გახსნის შემდეგ პირველად მიეცა სამხატვრო ხელმძღვანელს. იმის გამო, რომ სამხატვრო საბჭო დატოვა მისმა ორმა წევრმა, ახალ კანდიდატთა დასამტკიცებლად საჭირო იყო საერთო კრების მოწვევა. დამეთანხმებით, სამხატვრო საბჭო უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ შეასრულოს ერთგვარი ბარიერის, ერთგვარი მაკონტროლებლის ფუნქცია – სამხატვრო ხელმძღვანელის მხრიდან წარმოებული პოლიტიკისა და შემოქმედებითი პროცესის სწორი მიმდინარეობისათვის. შესაბამისად, სწორედ დასისა და შემოქმედებითი კოლექტივის ნამდვილი ინტერესი და ნება უნდა ყოფილიყო სამხატვრო საბჭოს არსებობა და მისი არჩევა და/ან შევსება (შერჩეულ თუ შეთავაზებულ კანდიდატთა დამტკიცება) მხოლოდ დასისა და შემოქმედებითი კოლექტივის საერთო კრების პრეროგატივას წარმოადგენს. თეატრის დასსა და შემოქმედებით კოლექტივს თეატრის გახსნიდან მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისამდე ერთხელაც არ გამოუხატავს ნება სამხატვრო საბჭოს კანდიდატთა დასამტკიცებლად, ხოლო ცალკეულ რგოლებში, გარდა გუნდისა, 29.06.2016 – 07.07.2016 პერიოდში არჩეულ კანდიდატთა დასამტკიცებლად მოწვეული საერთო კრება ჩაიშალა მხოლოდ გუნდის წევრთა ნაწილის საპროტესტო დემარშის გამო. სოციალურ ქსელში დაწერილი თუ სიტყვიერად გამოთქმული კომენტარებიდან კი ვიგებთ, რომ დასს არ სურს, კინწურაშვილს „გაუპრავოს შეცდომა“ და მისცეს შესაძლებლობა, ჰყავდეს სამხატვრო საბჭო, – თითქოს სამხატვრო საბჭოს არჩევა სამხატვრო ხელმძღვანელის პრეროგატივა იყოს და არა დასისა და შემოქმედებითი კოლექტივის ჭეშმარიტი ინტერესი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სამხატვრო ხელმძღვანელსა და დასს შორის პირდაპირი კომუნიკაციისთვის ხელი არაფერს შეუშლია და ცალკეულ რგოლებში სამხატვრო ხელმძღვანელი თავად ესწრებოდა კრებას და აკვირდებოდა ფარული კენჭისყრის პროცესს.
დასის ნაწილის განცხადებაში, რომელსაც 163 ხელმოწერა და 5 ელექტრონული დასტური ახლავს, მითითებულია, რომ 2016 წლის 16 ივლისის კრება „გაფიცვის ხასიათს ატარებდა“ (იხილეთ 18.07.16 წ. # 14866 განცხადება). საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, გაფიცვა შეიძლება იყოს კანონიერი ან უკანონო. კანონიერია გაფიცვა, თუ მის შესახებ მედიაციის დაწყებიდან 21 კალენდარული დღის შემდეგ იქნება განცხადებული, წინასწარი წერილობითი გაფრთხილების წესების დაცვით.
საქართველოს შრომის კოდექსის 481 – ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კოლექტიური დავა (დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს ან დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებას შორის) უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის შემათანხმებელი პროცედურებით, რაც გულისხმობს დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს (სულ მცირე 20 დასაქმებული) ან დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას ან მედიაციას ერთ-ერთი მხარის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისათვის (შემდგომ – მინისტრი) შესაბამისი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში.
ამრიგად, მედიაცია კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს როგორც დამსაქმებლისთვის, ისე დასაქმებულთა კოლექტივისთვის. ამ ვალდებულების გამო მივმართე განცხადებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრს, ბატონ დავით სერგეენკოს. აქედან გამომდინარე, განმარტების ავტორთა აპელირება იმის თაობაზე, რომ დაძაბულობამ „კულმინაცია ჰპოვა მედიატორისათვის მიმართვაში, რომლის როლი შემოქმედებითი ნაწილისთვის მძიმედ აღსაქმელი აღმოჩნდა და დასი მიიყვანა ნერვული შოკის მდგომარეობამდე“, იმას ნიშნავს, რომ დასის ნაწილისთვის შრომის კოდექსი აღმოჩნდა მძიმედ აღსაქმელი და ის შრომის კოდექსმა მიიყვანა ნერვული შოკის მდგომარეობამდე. ამის საჯაროდ განცხადება, ვფიქრობ, მეტისმეტად უხერხულია, რადგან ამ სიტყვების ავტორები ამით თავადვე მიანიშნებენ და აღიარებენ მათი მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტს. რაც შეეხება მედიაციის შედეგებს, უფრო სწორად – უშედეგობას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილობით დოკუმენტს აღნიშნულის შესახებ სავარაუდოდ რამდენიმე დღეში ვიხილავთ. თუმცა, უკვე საცნაური გახლავთ ის, რომ სახეზე შრომითი უფლების დარღვევის საფუძველზე დაწყებული შრომითი დავა კი არ გვაქვს, არამედ სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურის პიროვნული მიუღებლობა დასის გარკვეული ნაწილისთვის (მაგრამ არა უმრავლესობისთვის), რასაც კანონიერი საფუძველი არ გააჩნია!
როგორც იცით, კოლექტიური დავის წამოწყებისთანავე თეატრის ხელმძღვანელის მხრიდან მედიაციის მოთხოვნას დასის ნაწილმა, გუნდის აქტივისტების, თეატრის სამხატვრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და თეატრის დირექტორის თაოსნობით, დაუპირისპირა ბლიც – „საერთო კრების“ მოწვევა, სამხატვრო ხელმძღვანელის გადაყენების მოთხოვნით, როგორც ვხედავთ, სრულიად დაუსაბუთებელი არგუმენტებით და ამგვარად შეეცადა, „ლეგიტიმური გაეხადა“ მედიაციის პროცესის ჩაშლა.
თუმცა, თეატრის დირექტორისა და სამხატვრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მხრიდან საერთო კრებისთვის აუცილებელი ქვორუმის ხელოვნურად შექმნის მცდელობას სხვა წინაპირობები გააჩნდა, რაზედაც ქვემოთ მოგახსენებთ. მათთვის ეს ზედმიწევნით ხელსაყრელი იყო მოცემულ მომენტში. მხოლოდ ვერ გაითვალისწინეს, რომ კრების ნებისმიერი ბრალდება, რის საფუძველზეც სამინისტრომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამხატვრო ხელმძღვანელის გადაყენების შესახებ, უნდა ყოფილიყო რეალური და დამაჯერებული, სათანადოდ დასაბუთებული და უტყუარი არგუმენტებით განმტკიცებული!
რაც შეეხება დასის ზოგიერთი წევრის სხვა პრეტენზიებს, რაც ეხება დანამატებს თუ გაყინული ხელფასების სახით შემორჩენილ ვალს და მიმდინარე დავალიანებას, განვმარტავ, რომ ჩემს მიმართ წაყენებული ეს პრეტენზიები სინამდვილეში ასევე მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას და რეალურ არგუმენტს:
ადმინისტრაციის დანამატებისა და ე.წ. „გაყინული ხელფასების“ თემა, რომელიც ესოდენ მტკივნეულად აღიქმება დასის მხრიდან, მთლიანად თეატრის დირექტორის მიერ წარმოებული ფინანსური პოლიტიკისა და მის მიერ გაცემული ბრძანებების შედეგია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ჩემთან შეუთანხმებლად იქმნებოდა, თუმცა კანონი დირეტორს საპირისპირო ქმედებას ავალდებულებს. ბოლო დროს ჩემს მიერ შემჩნეული და ფინანსური გადაცდომების შესახებ ჩემამდე მოღწეული ინფორმაციის უტყუარი მტკიცების შესაძლებლობა მხოლოდ ზემდგომი ორგანოს ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან სულ მცირე, 2015 – 2016 წლების (თუმცა 2006 – 2014 წლების დეტალური შემოწმებაც აუცილებელია) საკმარისად დეტალური და საფუძვლიანი შემოწმების შედეგად მექნება. ამ და სხვა გარემოებათა გამო გადავწყვიტე, რეკომენდაციით მიმემართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით, რამეთუ მის მიერ წარმოებული ფინანსური საქმიანობა, მათ შორის ადმინისტრაციის თანამშრომელთათვის სახელფასო დანამატების გაცემის პრინციპი, არასდროს ყოფილა ჩემთან შეთანხმებული და როგორც აღმოჩნდა, ისინი მაქსიმალური ოდენობით, სისტემატიურად, გაიცემოდა მხოლოდ მასთან დაახლოებულ ერთსა და იმავე პიროვნებებზე. დირექტორის მიმართ ასევე მაქვს საფუძვლიანი პრეტენზია სასადილოს ფართის იჯარით საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გაცემის გამო, რომლის მოშლის შედეგად თეატრს ხელშეკრულების მეორე მხარის საკომპენსაციოდ ვალდებულების სახით სოლიდური თანხის – 23000 (ოცდასამი ათასი) ლარის გადახდა დაეკისრა. მე პირდაპირ გამოვუცხადე დირექტორს იმის შესახებ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში წარვადგენდი მოთხოვნას მისი გადაყენების შესახებ ფინანსური ოპერაციების ჩემთან შეუთანხმებლად განხორციელებისა და ფინანსური ინფორმაციის დამალვის გამო, თუნდაც თეატრის უზარმაზარი ფულადი დავალიანების შესახებ ინფორმაციისა, რომელიც შემთხვევით გავიგე ერთ – ერთ ბოლოდროინდელ თათბირზე. ინფორმაცია მივიღე ჩემს მიერ მოწვეული გერმანელი ექსპერტის (ფანდრაიზინგის დარგში), ბატონ უილრიჰ კუნცის წერილობითი დასკვნის წყალობით, სადაც ბატონო ექსპერტი პირდაპირ მიუთითებს პრობლემათა უმთავრესი მიზეზის – ფინანსური ინფორმაციის არაგამჭვირვალობისა და მოსალოდნელი არასახარბიელო შედეგების შესახებ. სწორედ დასკვნის მოსმენისას გაჟღერდა პირველად არსებული ფინანსური პრობლემების შესახებ. ჩემი მხრიდან დირექტორის გაფრთხილებას მოჰყვა თეატრის სამხატვრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ეკატერინე გელაშვილის მუქარა იმის თაობაზე, რომ თუ დირექტორის გადაყენების შესახებ რეკომენდაციით მივმართავდი სამინისტროს, ასეთ შემთხვევაში ის მთელ დასს ამიმხედრებდა, – რაც მან პირნათლად შეასრულა (თეატრის დირექტორსა და სამხატვრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნათელ – მირონი აკავშირებთ).
მას შემდეგ, რაც ჩემს მიერ საჯაროდ გამოცხადდა მიმართვის ტექსტი მედიაციის დაწყების შესახებ და მოწოდება კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ, თანამშრომელთა რადიკალურად განწყობილმა ნაწილმა არად ჩააგდო ის და სპონტანურად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, გადაწყვიტა საერთო კრების მოწვევა თანამდებობიდან ჩემი გადაყენების მოთხოვნის მხარდასაჭერად. კრებას მართავდა თეატრის სამხატვრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და სცენის მენეჯერი, ქალბატონი ეკატერინე გელაშვილი, რომელმაც ყველა ღონე იხმარა და დახარჯა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი დაბნეულ თანამშრომლებზე ზეწოლისათვის და სახელდახელოდ, ხელის აწევით (ღია კენჭისყრით) მიაღებინა მათ მისთვის სასურველი გადაწყვეტილება. ასევე მომდის ინფორმაცია ოქმზე ხელმოწერების გაყალბების შესახებ.
/ცნობისთვის: თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჩემი დანიშვნის შემდეგ გახდა ქალბატონი ეკატერინე გელაშვილი თეატრის სამხატვრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მასვე შეეთავსა სცენის მენეჯერის თანამდებობა, ისევე როგორც თეატრის დირექტორი დაინიშნა 2014 წელს ჩემი რეკომენდაციის საფუძველზე/.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შეამოწმებს, არის თუ არა თეატრის დასის რეკომენდაცია დასაბუთებული და არგუმენტირებული და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
ვფიქრობ, გონივრული იქნება, კანონის მოთხოვნათა დაცვით, დასისა და შემოქმედებითი კოლექტივის სრული შემადგენლობის, მათ შორის საბალეტო დასის მოწვევის საფუძველზე, გაიმართოს საერთო კრება, სადაც თანამშრომლებს საშუალება ექნებათ მხოლოდ და მხოლოდ ფარული კენჭისყრით გამოხატონ საკუთარი პოზიცია დავით კინწურაშვილის მიმართ, – მე ხომ ფარული კენჭის ყრით ამირჩიეს?

მხოლოდ დავამატებ, რომ მე სათანადო პატივს მივაგებ თეატრის კოლექტივის უმრავლესობისა და ზემდგომი ორგანოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას“.

 

 

კომენტარის დატოვება