საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი პედოფილიის ბრალდებით დააკავეს

უკრაინელმა სამართალდამცველებმა პედოფილიის ბრალდებით, ძიუდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, პეტერ ზაიზენბახერი კიევში დააკავეს. ოქტომბრის დასაწყისში ვენის პროკურატურამ სამწლიანი გამოძიების შემდეგ ყოფილ სპორტსმენს ბრალი წაუყენა. საქმე მისი ერთ-ერთი სავარაუდო მსხვერპლის განცხადების საფუძველზე აღიძრა. 57 წლის ავსტრიელს 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში სამი გოგონას გაუპატიურებას აბრალებენ. იმ პერიოდში ზაიზენბახერი ვენის ერთ-ერთ სპორტულ კლუბში მუშაობდა. ავსტრიის კანონების თანახმად, მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

პეტერ ზაიზენბახერმა ოლიმპიური ოქროს მედლები 1984 -1988 წლების თამაშებზე მოიპოვა და ისტორიაში პირველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც გამარჯვება ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო. ის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი იყო. მისი მწვრთნელობის პერიოდში 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

წყარო: imedinews.ge