“სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა”

რუსი ინტერნეტმასხარების – ვოვანის (ვლადიმერ კუზნეცოვი) და ლექსუსის (ალექსეი სტოლიაროვი) – მტკიცებით, ისინი მიხეილ სააკაშვილს და საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ესაუბრნენ. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, Страна.ua-მ YouTube-ზე ატვირთა და სტენოგრამაც გამოაქვეყნა. Страна.ua წერს, რომ პრანკერებმა გიორგი მღებრიშვილთან მიმოწერაც წარმოადგინეს, რომელშიც ის უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს შორის მიხეილ სააკაშვილზე მოლაპარაკებების დეტალებს აზუსტებს.

ამ საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ეხმიანება და ამბობს, რომ ჩანაწერს სერიოზულად ვერ მიიჩნევს.

“ჩანაწერს სერიოზულად ვერ მივიჩნევ. გამიჭირდება სერიოზული განცხადების გაკეთება. როდესაც არ შეიძლება საუბარი ჩანაწერის ავთენტურობაზე, შინაარსს მნიშვნელიბა არ აქვს.

როდესაც ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს და ეს მას სასამართლოს განაჩენით დაუდასტურდება, მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე და თუ ეს განაჩენი იქნება პატიმრობა, ის უნდა მოთავსდეს შესაბამის დაწესებულებაში” – ამბობს მამუკა მდინარაძე.