ბევრნი ვიყავით და მკვლელობაში მსჯავრდებულების მხარდამჭერები ლამის კედელ-კედელ გავიდნენ

ნინო მიქიაშვილი

   ჟურნალისტი

ამ ფოტოებს რომ ნახავთ, გაიხარებთ – ბევრნი ვიყავით და მკვლელობაში მსჯავრდებულების მხარდამჭერები ლამის კედელ-კედელ გავიდნენ სასამართლოს ეზოდან. პოლიცია და მანდატურებიც წინანდელთან შედარებით მობილიზებულები იყვნენ.

ეგრეთ წოდებული კორტების სპეცოპერაციის საქმის განხილვაზე მოსულები იყვნენ: ჩემი მეგობარი კოტე ინაშვილი და ლევან ცინდელიანი კარატისტებთან ერთად; ლადო სადღობელაშვილი და გიორგი ონიანი „თავისუფალ თაობასთან“ ერთად; გიორგი ლომია „პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად და მალხაზ თოფურია ერთ-ერთ მის თანამებრძოლთან ერთად, რომლის გვარი არ ვიცი და იმედია მაპატიებს. კიდევ ვისი გვარებიც ვერ ჩამოვთვალე, ყველამ მაპატიეთ (არ ვიცი და იმიტომ ვერ გავაკეთე ეს). ეს ადამიანები არც დარბაზში შენოსულან და არც სასამართლოს შენობაში – გარეთ იდგნენ.

„ობიექტივის“ გადამღებმა ჯგუფმა განცხადება 40 წუთით ადრე დაწერა და სხდომის გადაღების ნებართვა ითხოვა, მაგრამ, როგორც მაცაცო გახოკიძემ მითხრა, დარბაზში შესვლის საშუალება არ მისცეს. ეს მანდატურმა გააკეთა, რომელმაც მოსამართლის ფუნქციაც შეითავსა და გადამღებ ჯგუფს უთხრა, თქვენი განცხადება არ დაკმაყოფილდაო. სხდომის გადაღებაზე უარი უთხრეს „მაესტროს“, რომელიც სასამართლოდან მალევე წავიდა. „ობიექტივი“ ბოლომდე დარჩა; თან ორი გადამღები ჯგუფი იყო მოსული.

დარბაზში სულ 17-ნი ვიყავით. მათ შორის: ია მეტრეველი, ზაზა მამალაძე, ლაშა ჩხარტიშვილი, სოფო ძიგუა, ნათია ფირცხალაიშვილი და სხვები, რომელთა გვარები არ ვიცი და ამიტომ ვერ ვწერ.

სანამ დარბაზში მოსამართლეები შემოვიდოდნენ, მსჯავრდებულ გიორგი ცააძის და და მამიდა პროკურორებს წყევლიდნენ და ციხეში გამოკეტვით ემუქრებოდნენ. დარბაზში მყოფი მანდატურებიდან ერთ-ერთმა დაბალი ხმით სთხოვა გაჩერდიო. სხდომა არ დაწყებულა ჯერ, შენ ნუ გეშინია, მაქვს ამის უფლებაო, – მიუგო ცააძის დამ და გააგრძელა.

სხდომაზე მსჯავრდებულების ადვოკატებიდან მხოლოდ ერთი მოვიდა. ორმა განცხადება გამოგზავნა, რომელშიც ეწერა, რომ საქალაქო სასამართლოში სხდომები ჰქონდათ ჩანიშნული. ერთ-ერთი ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი მიუთითებდა, რომ სამ საათზე გიორგი ონიანის საქმის განხილვა იყო საქალაქოში ჩანიშული და ამის გამო ვერ ახერხებდა სააპელაციოში მოსვლას. რამდნიმე წუთის შემდეგ გაირკვა, რომ გიორგი ონიანის პროცესი არა 15 არამედ 11 საათზე ყოფილა ჩანიშნული და თორმეტის ნახევარზე დამთავრებულა. პროკურორი, რომელიც ონიანის საქმეზე გამოდის, კორტების ე.წ. სპეცოპერაციის საქმის განხილვაშიც მონაწილეობს და მოსამართლემ სწორედ მისგან შეიტყო, რომ საქალაქოში ონიანის საქმის განხილვა თორმეტის ნახევარზე დასრულდა.

დღეს პროკურორებმა მოსამართლეს მიმართეს – მეშვიდე თვეა სხდომა მიმდინარეობს და შესავალი სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარით. ამ ხნის განმავლობაშის სხდომა მუდამ დაცვის მხარის გამო იდებოდაო. პროკურორებმა გამოუცხადებლობის გამო ადვოკატების დაჯარიმება და მსჯავრდებულებისთვის სახაზინო ადვოკატების დანიშვნა მოითხოვეს, მაგრამ მოსამართლემ ეს არ გააკეთა. ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის განხილვა 30 ივნისს 13 საათზე გაგრძელდება.

13407132_2066641526894377_2080594538597332544_n 13419255_2066641940227669_5026306429669761955_n 13428624_2066642470227616_5768583979234922841_n

 

კომენტარის დატოვება