ბორჯომის ხეობის დასახმარებლად გახსნილ ანგარიშებს მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე ნახავთ

ბოლო დღეების განმავლობაში, ბორჯომის ხეობაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის აღდგენის პროგრამაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს როგორც ბიზნესის, საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა, ისე მოქალაქეებმა. უკვე დაიწყო რამდენიმე სოციალური კამპანიაც.

ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად, რესურსების კონსოლიდაციის და კოორდინაციის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია ორგანიზებას გაუკეთებს ერთიანი ელექტრონული პლატფორმის ფუნქციონირებას, სადაც აისახება ბორჯომის ტყის აღდგენის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ყველა აქტივობა, ინიციატივა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებების, ტყის აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, გაიხსნა სპეციალური ანგარიშები როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში.

“ელექტრონული პორტალი შესაძლებლობას მოგვცემს აღნიშნულ ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვის პროცესი, ისევე როგორც გაწეული ხარჯები თვალსაჩინო, აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე იყოს, რათა ყველა მოქალაქისთვის ცნობილი იყოს როგორ დაიხარჯება მის მიერ ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის აღდგენისთვის ჩარიცხული თითოეული თეთრი.

მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შემოწირულობების ჩარიცხვა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, აგრეთვე უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს“ – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ანგარიშის ნომრების ნახვა შესაძლებელია მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.