ელიავას ბაზრობის ნაწილი დაიხურება, რეკრეაციული ზონის მოწყობის რეკომენდაცია გაცემულია

გენ.გეგმა ამჟამად განხილვის ეტაპზეა და მის დამტკიცებას შემოდგომაზეა  ვარაუდობენ, თუმცა ცნობილი ხდება, რომ გენ.გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტუტი–საქართველომ“ ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობის რეკომენდაცია გასცა.

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მწვანე კონცეფციის რეგიონული სავაჭრო მოლის აშენება იგეგმება. ბაზრობის ადმინისტრაციას შესაბამისი პროექტი უკვე მომზადებული აქვს, რომელიც საკრებულოში დასამტკიცებლად არის შესული.

ცნობილი ხდება, რომ სავაჭრო-გასართობი კომპლექსი 5 ჰექტარზე მოეწყობა. ეს იქნება მრავალფუნქციური სავაჭრო კომპლექსი, გასართობი სივრცეებით, ბავშვთა მოედნით, საცურაო აუზებით, ორანჟერეით, სავაჭრო ცენტრის სახურავზე ეგზოტიკური ხეების მუზეუმის მოწყობაა  დაგეგმილი.

ასევე გათვალისწინებულია მიწისქვეშა ავტოსადგომი 2500 ავტომანქანისთვის. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონია. კულუარებში ამბობენ, რომ პროექტის პრეზენტაცია სექტემბრის დასაწყისში ოფიციალურად გაიმართება.