ცესკო: ყოფილი პარლამენტარი და მისი შვილი ახალქალაქის კომისიის თავმჯდომარეს ემუქრებიან

ცესკოს ცნობით, 2 სექტემბერს ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ჰასმიკ მარანგოზიანს ყოფილი პარლამენტარი სამველ პეტროსიანი და მისი შვილი გიორგი პეტროსიანი, რომელიც გამგებლის რწმუნებულია, დაემუქრნენ.

“ოლქის თავმჯდომარეს დაემუქრნენ როგორც საკუთარი სიცოცხლის მოსპობით, ისე ოჯახის წევრის უკანონო თავისუფლების აღკვეთითა და ქონების დაზიანებით, კერძოდ, სახლის დაწვით”, – განაცხადეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე.

ცესკოს პრესსპიკერის თქმით, ამ პირების მხრიდან მსგავსი მუქარა ჰასმიკ მარანგოზიანის მიმართ არაერთგზის განხორციელებულა. გარდა ამისა,  პრესსპიკერის თქმით, გუშინვე სამველ პეტროსიანმა ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს პაატა ფანჯიკიძეს, ქუჩაში მანქანა გაუჩერა და მის საქმიანობასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები მოსთხოვა.

“იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ფაქტები შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, მოწოდებული ინფორმაცია შესასწავლად გადაეგზავნება პროკურატურას. საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ამ სახის ჩარევა უკვე საშიში ტენდენციის სახეს იღებს, რაც მოითხოვს ყველა ჩართული მხარის დროულ რეაგირებას და მაქსიმალურ ძალისხმევას ძალადობრივი ქმედებების პრევენციისთვის.

ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს არჩევნებში მონაწილე მხარეებს თავი შეიკაონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში უხეში ჩარევისა და უაკნონო ქმედებების განხორციელებისგან”, – განაცხადეს ცესკოში.