გარემოებები მაშინებს, რომ რუსეთი ხელს შეუწყობს და წაახალისებს უკრაინის დაშლის პროცესებს…

ამირან სალუქვაძე

ბრიგადის გენერალი

უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

ვერაფრით ვერ მოვიცალე უკრაინის შესახებ დაპირებული სტატიის დასაწერად, როცა ანონსად დავწერე რუსეთი უკრაინასთან მიმართულებით ტაქტიკას ცვლის, დეტალურად მოგვიანებით-მეთქი. ზაფხულს დავაბრალოთ. ზოგ აქცენტს აქ დავსვამ, ზოგი წინა პოსტშია (ნინი ქეთელაურის ინტერვიუ) , ზოგს შემდგომ ბლოგებში იხილავთ. თუ მოვქხერხე გავაერთიანებ.

მესამე დღეა რუსულ თოქ-შოუებში მთავარი თემა უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გარღვევაა. რუსებმა ირონიით უვიზო მიმოსვლა დაარქვეს.
უკრაინა ისეც იყო ყოველდღიური განხილვის თემა, ახლა უბრალოდ ახალი პერსონაჟი, მიხეილ სააკაშვილი და მისი გეგმები დაემატა.

უკრაინას ურთიერთობები დაეძაბა უნგრეთთან ახალი კანონის გამო ენის შესახებ. თუ გახსოვთ, დონბასი და ყირიმი ზუსტად რუსული ენის შეზღუდვის საბაბით დაიწყო.

ენის პრობლემას რაც შეეხება, ახალი კანონით სავალდებულო სწავლება შემოდის უკრაინულ ენაზე, თუ არ ვცდები 4-ე კლასიდან, რასაც ეწინააღმდეგება უნგრეთი და საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთეს. იგივე რეაქცია სხვებსაც ექნებათ, ალბათ.

შემდეგი მიმართულება, რაც შეიძლება უკრაინისთვის საფრთხედ იქცეს, ესაა უკრაინის მოქალაქეებისათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების უფრო მეტად გამარტივება. ეს განცხადებები უკვე გაკეთდა რუსეთის წამყვანი პოლიტოლოგების და პოლიტიკოსების მხრიდან.

შემდეგი მიმართულება, რომელსაც რუსეთი აპირებს გამოიყენოს, ესაა რუსეთის მიმზიდველობის ილუზიის შექმნა უკრაინის მოსახლეობისთვის. მსგავსი ტაქტიკს ჩვენ დავიწყეთ ჩვენს რეგიონებთან, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში. რუსებიც ასე აპირებენ: გავხადოთ რუსეთი მიმზიდველი, რათა უკრაინის მოსახლეობას თვითონ მოუნდეს რუსეთთან დაბრუნება. მთელი საინფორმაციო მანქანა აქეთკენ იქნება მიმართული.

უკრაინის “დაბრუნებისას” არც აქვთ გათვლა უკრაინის დასავლეთ რეგიონებზე. ხშირად საუბრობენ, რომ საბჭოთა პერიოდშიც დასავლეთ უკრაინაში უარყოფითი განწყობები იყოო.

ეს გარემოებები მაშინებს, რომ რუსეთი ხელს შეუწყობს და წაახალისებს უკრაინის დაშლის პროცესებს.

უკრაინის დაშლის მიმართულებები გააჟღერა “დნრ”-ის დეფაქტო ლიდერმაც, როცა თქვა, რომ მალაროსიის გამოცხადება შეცდომა იყო, თუმცა ჩვენი ქმედებები უკრაინის ფრაგმენტაციის მიზნით გაგრძელდებაო.

შემდეგი საფრთხე, რაც უკრაინას ემუქრება, ესაა გაეროს სამშვიდობო კონტიგენტის დაყენება დონბასში. საქმე იმაშია, რომ ამ ინიციატივით თვითონ პეტრო პოროშენკო გამოდიოდა, რაც მაშინვე არ მომეწონა. სხვათაშორის ბევრჯერ დავწერე, რომ “მინსკი-2”-იც უკრაინისთვის წამგებიანი შეთანხმებაა.

ასევე წამგებიანი იქნება დონბასში გაეროს სამშვიდობოთა ჩაყენება. რუსეთი მიხვდა, რომ მისთვის ეს მომგებიანია, ინიციატივა პუტინმა აიტაცა და მერკელთან ეს საკითხი უკვე სატელეფონო საუბრისას შეათანხმა. ერთი დამატებით, რომ სამშვიდობოები დადგებიან არა მხოლოდ ურთიერთშეხების საზღვარზე, არამედ სხვა ადგილწბშიც.

უკრაინის მოთხოვნა იქნება სამშვიდობოთა განლაგება რუსეთ-უკრაინის საზღვარზე. შესაძლოა რუსეთი ამას დათანხმდეს..

საინტერესო იქნება სამშვიდობო კონტიგენტის შემადგენლობა. არის ალბათობა, რომ “კუხო”-ს კონტიგენტიც იქნას შეყვანილი.

ჩემი აზრით სამშვიდობო მისიის შეყვანა შეცდომა იქნება და ისედაც რთულ ვითარებას შეუქცევადს გახდის. კონფლიქტი გაიყინება და წავა აფხაზური სცენარით, დონბასის რეგიონები მოექცევიან საერთაშორისო სამართლის იურისდიქციაში და აღარ იქნება მხოლოდ უკრაინის შიდა საკითხი, დონბასის ლიდერებსთან კიევს მოუწევს ხოლმე მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, ან არ ილაპარაკებენ და გააგრძელებენ დამოუკიდებლად ფუნქციონირებას.

სხვათაშორის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დონბასის ბლოკადა, რკინიგზის გადაკეტვები უკრაინის ხელისუფლების მხრიდან შეცდომა იყო. შედეგად დონბასის რეგიონები გამოვიდნენ უკრაინის ეკონომიკური სივრციდან, გადასახადებს აღარ იხდიან (სხვადასხვა მონაცემებით 1 მლრდ დოლ), მოახდინეს საწარმოების ნაციონალიზაცია (ფორმალურად გარე მართვაში აყვანა) და ქვანახშირი უკრაინის ნაცვლად რუსეთში გააქვთ გასაყიდად. უკრაინა კი ამერიკისგან ყიდულობს, უფრო ძვირად.

ვაჭრობაზე გამახსენდა. სავაჭრო ბრუნვა უკრაინა-რუსეთს შორის 57%-ით გაიზარდა. პირველ ადგილზე ნავთობის შესყიდვაა.

აი ასეთ ფონზე ხდება უკრაინაში ის რაც ხდება. ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილის მიერ კიევისადმი ოპოზიციურად განწყობილი დასავლეთ უკრაინის რეგიონების ჩამოვლა, ახალი საპროტესტო ტალღის აგორება, ოპოზიციური ძალების გაერთიანება და სხვა.

ამავე დროს სამთავრობო ფლანგზე მიმდინარეობს გადაჯგუფებები, გადანაწილებები, ახალი კოალიციების ჩამოყალიბება და სხვა. საუბრობენ იაცენიუკის და პოროშენკოს პარტიების გაერთიანებაზე.

მე მინიშნებებს ვაკეთებ მხოლოდ. დანარჩენი უკრაინის საქმეა.

დაველოდოთ როგორ განვითარდება პროცესები. დარწმუნებული ვარ გარე ძალები ჩარეულები არიან და უფრო მეტად ჩაერევიან. მთავარია უკრაინის პოლიტიკურ ელიტას (ყველას ეხება) ეყოს გონება, ძალა, პასუხისმგებლობა და უკრაინის სახელმწიფოებრიობას კიდევ უფრო მეტი დარტყმა არ მიაყენონ.

უკრაინას სჭირდება რეფორმები, ეკონომიკური განვითარება და ერთობა.