ჰასან როჰანი – ირანი არ იქნება პირველი ბირთვული შეთანხმების დარღვევაში

ირანი არ იქნება პირველი ბირთვული შეთანხმების დარღვევაში, სამწუხარო იქნება, თუ ახალმოსული ადამიანები შეთანხმებას გააფუჭებენ – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ირანის პრეზიდენტმა განაცხადა. ჰასან როჰანის თქმით, ბირთვული შეთანხმების მიმართ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის განცხადებები და საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა საფრთხეს უქმნის აშშ-ის სანდოობას მომავალ მოლაპარაკებებში.

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ირანის თავდაცვითი შესაძლებლობები, მათ შორის რაკეტები არის თავდაცვისთვის განკუთვნილი და ირანი ვერ დაუშვებს, რომ მისი მოსახლეობა საფრთხის წინაშე დადგეს, მაშინ როდესაც რეგიონის დესტაბილიზაციას უცხო ქვეყნები ახდენენ. როჰანიმ ასევე აღნიშნა, რომ ირანს არ სურს რევოლუციის ექსპორტი არმიის დახმარებით, როგორც ამას ნეოკოლინიალისტები აკეთებენ.

ირანის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ იემენისა და სირიის კონფლიქტების მოგვარება სამხედრო გზებით ვერ მოხდება. ირანის პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას თქვა, რომ ირანს პალესტინელების უფლებების აღდგენა სურს. ჰასან როჰანიმ ყურადღება ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ირანი ემზადება ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის საერთაშორისო ასპარეზზე.