საარჩევნო სიების რეგისტრაცია დასრულდა

ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პარტია იყო წარმოდგენილი. საარჩევნო სიების რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ბოლო დღე თბილისის მასშტაბით საკუთარი შემადგენლობის წარსადგენად 18-მა საარჩევნო სუბიექტმა გამოიყენა.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ 91 წევრიანი სია ყველაზე ბოლოს მიიტანა. ათეულის შემადგენლობა კი “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ დაასახელა.

50-კაციანი საარჩევნო სია რეგისტაციის ვადის ამოწურვამდე ერთი საათით ადრე “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა წარადგინეს. პარტიის სიის ათეულს ნიკა მელია უხელმძღვანელებს.

“ევროპული საქართველოს” სიის პირველი ნომერი, გოკა გაბაშვილი სიის ჩასაბარებლად საარჩევნო ადმინისტრაციაში მერობის კანდიდატთან ერთად მივიდა. საკრებულოში მოხვედრის სხვა კანდიდატებს პარტია მხოლოდ არჩევნების შემდეგ, შიდა კონკურენციის პრინციპით შეარჩევს.

“ლეიბორისტების” სია ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა და სიის მეორე ნომერმა ჩააბარა.

სიის პირველმა და მეორე ნომრებმა “დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” სახელით საარჩევნო ადმინისტრაციას 50-კაციანი სია წარუდგინეს.