კალაძე: გაბრაზება კი არა, დაცინვაც არ გამომდის ამ ცილისწამებაზე…

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს კახა კალაძე სოციალური ქსელით პასუხობს და ამბობს, რომ მათ წინასაარცევნოდ სიცრუისა და დეზინფორმაციის მანქანა აამუშავეს.

„პოლიტიკაში მოსვლისთანავე მოვუწოდებდი ყველას აგვეყვანა პოლიტიკური ურთიერთობები ახალ საფეხურზე, ცივილურ საფეხურზე- მორალი ყოფილიყო ჩვენი ხალხთან ურთიერთობის, ერთმანეთთან ოპონირების და თუნდაც კონფრონტაციის მთავარი განმსაზღვრელი.

მე ჩემი წინა კარიერა რა ღირებულებებითაც გავიარე, იგივე ღირებულებებით დავიწყე ეს კარიერაც და ვერანაირი ამორალური, ლოგიკის და ღირსების, ხშირ შემთხვევაში გონიერების ზღვარს მიღმა მდგარი საქციელი, უფრო სწორად -უსაქციელობები, ჩემში განწყობის ცვლილებას ვერ გამოიწვევს. ჩვენდა სამწუხაროდ, ქვეყნის სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობა როგორი ამორალურიც იყო ხელისუფლებაში ყოფნისას , იგივე ამორალურია ოპოზიციის სახითაც, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს მათი “პოლიტიკური ბრძოლის” მეთოდები, არ იშლიან თავის სტილს და ოპონირების ერთადერთ საშუალებად იყენებენ ცილისწამებას, სიცრუეს და მოსახლეობის დაზაფვრას დეზინფორმაციით. ეს არის პარტია რომელსაც არც არასდროს ქონია არსენალში პოლიტიკური მუშაობის, ბრძოლის სხვა მეთოდი, ეს არის პარტია რომელიც ქვების და ტალახის სროლით მოვიდა ხელისუფლებაში და თავის “მეორედ მოსვლა” იგივე მეთოდებით სურს. სხვა რეალობაა ძვირფასებო: ხელისუფლება სხვაა, ხოლო ამომრჩეველი კი ბევრად გამოცდილია – მას ყველაფერი ახსოვს! ამიტომაც დაგტოვათ სამუდამოდ წარსულში და გაქციათ ზურგი!

ვიცით ყველამ რომ ეს მათი წინასარჩევნო მარათონის დასაწყისია და კიდევ ბევრ “კომპრომატებს” შეთხზავენ. მე მწამს, რომ ვინც კი დღეს პოლიტიკურ სპექტრში ჯანსაღად აზროვნებს, ყველა მაქსიმალურად ეცდება იზრუნოს ოპონირების დონის და ხარისხის აწევაზე, და ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაზე საქართველოში. კონკრეტულად ალფა-ბანკის წერილებზე კი რა ვთქვა? გაბრაზება კი არ დაცინვაც არ გამომდის ამ ცილისწამებაზე… ვერაფრით დავეხმარები ენმ-ს ( არ ავყვები ამ ბინძურ თამაშში“- წერს კალაძე.

 

 

კომენტარის დატოვება