სიყვარული და საჩუქრები ათენში მცხოვრებ ქართველებს და განსაკუთრებით ბავშვებს

21 ოქტომბერს ათენში მცხოვრებ ქართველებს საშუალება მიეცემათ ახლოს გაიცნონ საბავშვო პოეტი სოფო ფოცხვერაშვილი და ამასთანავე საჩუქრად მიიღონ საბავშვო ლექსების საოცარი კრებული.

ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული წიგნი „დედამიწა რაზე დგას“ სოფოს სავიზიტო ბარათი გახლავთ. საბერძნეთამდე წიგნები ფერეიდანში გაიგზავნა და იქ მცხოვრებ ქართველ ბავშვებს გადაეცათ საჩუქრად. მანამდე კი საქართველოში სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდათ.

მალე ეს საჩუქარი მსოფლიოში გაფანტულ ყველა ქართველის ოჯახში დაიდებს ბინას. ეს ავტორის დიდი სურვილია. რამდენიმე ქვეყანაში ბავშვები ქალბატონ სოფოსაც შეხვდებიან.

თავად სოფოც ორ ათეულ წელზე მეტია უცხოეთში ცხოვრობს. ის საბერძნეთს შვეიცარიიდან ესტუმრება.

 

სოფო ფოცხვერაშვილი, ემიგრანტი პოეტი: „სამომავლოდ ვფიქრობ სადაც ხელი და ხმა მიმიწვდება საჩუქრად გადავცე პატარებს წიგნები. მინდა ჩემი თვალით ვიხილო გახარებული ბავშვები და ამ ბავშვებით გახარებული მშობლები.

მინდა ჩემი ლექსებით მივეფერო თითოეულ პატარას და გულში ჩავიკრა. მინდა ყველა ბავშვმა თავისი თავი ამოიცნოს ამ ლექსებში. თითოეულში ნამდვილი ამბავია გაცოცხლებული და ყოველი მათგანი ჩემი ცხოვრების ნაწილია…

ძალიან მახარებს და მაბედნიერებს ათენში დაგეგმილი ღონისძიება, რისთვისაც გულითადი მადლობა ბატონ ავთანდილ მიქაბერიძეს“.

ავთანდილ მიქაბერიძე, საბერძნეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი ელინისტი და ათენის ქართული ინსტიტუტის დირექტორი გახლავთ. სწორედ მისი დამსახურებით შეხვდებიან ათენში მცხოვრები ქართველი ბავშვები ემიგრანტ პოეტს. შეხვედრა, ათენის კულტურის ცენტრში შაბათს, 21 ოქტომბერს, 17:00 საათზე  გაიმართება. ავთანდილ მიქაბერიძე ამ ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.

ვთანდილ მიქაბერიძე: „ძალიან მოვიხიბლე ამ ქალბატონის კეთილშობილებით, მოკრძალებით და დიდი სურვილით, რომ უცხოეთში მცხოვრები ბავშვებისათვის საჩუქრად დაერიგებინა თავისი არაჩვეულებრივად გამოცემული ლექსების კრებული. ეს მართლაც დიდი საჩუქარია უცხოეთში მცხოვრები პატარებისთვის, მადლიერების ნიშნად გადავწყვიტეთ ჩვენთან მოგვეწვია ქალბატონი სოფო და ემიგრანტი ბავშვებისთვის წიგნები თავად გადაეცა. რამდენიმე სწავლობს ქალბატონ სოფოს ლექსებს. ძალიან მოეწონათ ასე ლამაზად გამოცემული წიგნი. მათთან ერთად მშობლებსაც უხარიათ, რომ საჩუქრად მიიღებენ. შაბათის ღონისძიება „საშემოდგომო საბავშო ზეიმის“ ფორმას მიიღებს.

22 ოქტომბერს კი გაიმართება შეხვედრა ქართულ ემიგრაციასთან და შედგება პოეზიის საღამო — «შემოდგომის პოეტური ნიავი ათენში».

განათლებისა და კულტურის ცენტრი “კავკასია”  ამჯერად ორ შესანიშნავ პოეტ ქალბატონს უმასპინძლებს — სოფო ფოცხვერაშვილს (ქ. ციურიხი) და თამარ ჯაფარიძეს (ქ. ქუთაისი)“ შეხვედრა კვირას, 15:00 სთ-ზე გაიმართება“.

? დასწრება: თავისუფალი.

☎ ინფორმაცია: 210.7211226 / 6945.381250 / 6994.933876 / 6992.355777

? მისამართი: პატისიონის ქ. 81 (იგივე, 28 ოქტომბრის), I სართული („ვიქტორიის მოედანი“), ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“.

წყარო jolo.ge