ლუკა კურტანიძის ახალი ტრიუმფი და ადამიანი, რომელზეც საუბრისას თვალები პატარა ბიჭივით უციმციმებს…

ლუკა კურტანიძეს, როგორც სპორტსმენს საზოგადოებისთვის წარდგენა არ სჭირდება, არც იმის შეხსენება სჭირდება არავის, რომ ის სულ ახლახანს ვეტერან მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონი გახდა და კიდევ ერთხელ გაიტანა საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ.

ლუკა კურტანიძის ახალმა ტრიუმფმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და არ გადავამეტებთ თუ ვიტყვით, რომ უფრო მეტი სიხარული და სიამაყე გააჩინა ერში.

სპორტსმენს 2 წლის ტიტანური შრომა დაუფასდა და მან კიდევ ერთხელ განიცადა ის ამაღელვებელი წუთები, რაც ჩემპიონობის ტიტულის მიღებას სდევს თან.

-„4 ბრძოლის შემდეგ ისევ დავიბრუნე ის ტიტული, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონობა ჰქვია. ძალიან ამაღელვებელი და ემოციური წუთები იყო, ის ემოცია, რომელიც იმ დროს სუფევდა, საქართველოს გამარჯვება იყო. ჩემი გამარჯვება, ყველა ჟესტი სწორედ რომ ჩემს ქვეყანას ეძღვნება“-ასე იხსენებს ლუკა მორიგი ტრიუმფის წუთებს.

მისი ცხოვრება არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი, მასთან წარმატება არ მოსულა უშრომელად და ერთი ხელის მოსმით არ დაუმკვიდრებია ადგილი, ამ ყველაფრისთვის ლუკა კურტანიძემ უზარმაზარი შრომა გასწია-იყო იმედგაცრუებაც, მაგრამ არა ხელის ჩაქნევა, იყო დაცემა, რომელიც ფეხზე დადგომის დიდი ჟინის მიზეზი გახდა, იყო დაღმასვლა, რომელმაც აღმასვლა გამოიწვია, მაგრამ ერთია-არასდროს ტოვებდა იმედი და პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა ოჯახის, ახლობლების, მეგობრების და სამშობლოს მიმართ. ერთი სიტყვით, ლუკა მაგალითია იმისა, რომ შრომას და ბრძოლას ყოველთვის მივყავართ შედეგამდე.

-გადატანილი სირთულეების მიუხედავად, თუ მოინდომებ, იშრომებ და გაითავისებ, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის და არაფერია დაკარგული, ცდილობ ფეხზე დადგე და ეძებ გზას, ის ყოველთვის გამოჩნდება. შრომა დაფასდება და წარმატებაც მოვა“-ეს არის ლუკა კურტანიძის წარმატების რეცეპტი და მეგობრული რჩევა ახალ თაობას.

სპორტსმენი ამბობს, რომ მთავარია რთულ გზაზე გვერდით გყავდეს ადამიანი, რომელიც მუდამ გაგიგებს, მოითმენს და შენთან ერთად დაადგება იმ რთულ გზას, რომელიც მოთმინებით და შრომით უნდა გაიარო. ასეთი ადამიანი კი ლუკას ცხოვრებაში მისი მეუღლე-ხათუნა მიქაცაძეა. ამ ლამაზი, ნაზი და ჰაეროვანი ქალბატონის შემხედვარს გაოცება და აღტაცება იპყრობს, როცა გაიგებს როგორ ვაჟკაცურად უდგას მეუღლეს გვერდით, არის მრავალშვილიანი დედა და აქტიურად არის ჩაბმული საზოგადოებრივ საქმიანობაში.

-4 წლის განმავლობაში გვერდით მედგა ჩემი ოჯახის ყველაზე მთავარი წევრი, ჩემი მეუღლე. ყოველი განცდის, ყოველი ტკივილის, ყოველი დაცემის შემდეგ ხელჩაკიდებულნი ერთად ვისწრაფოდით იმ გზისკენ, რომელიც ისევ ფეხზე დაგვაყენებდა. სულ გვერდით მიდგას, იმედს და სტიმულს მაძლევს, მუდამ გამარჯვების ჟინი აქვს და არა მარტო მე, არამედ გუნდის სხვა სპორტსმენებსაც ამხნევებს.

მინდა ჩემს მეუღლეს და ოჯახს დიდი მადლობა ვუთხრა გამძლეობისთვის, მოთმინებისთვის. ხათუნა ჩემთვის მარტო მეუღლე არ არის, ის არის მწვრთნელიც, ფსიქოლოგიც, მეგობარიც. მეორე ნახევარი კაცისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთად შრომით და ბრძოლით მომავალ თაობას რწმენას ვუქმნით, რომ იმედს და შრომას აქვს ფასი“-მეუღლეზე საუბრისას ლუკას სახიდან ღიმილი არ შორდება და თვალები ისევე უციმციმებს როგორც მაშინ, თოჯინასავით ლამაზი ხათუნა პირველად რომ ნახა, აკი თავადაც ამბობს ჩემპიონი, ასაკს და დროს მნიშვნელობა არ აქვსო.

როგორია მისი გეგმები?

პირველ რიგში უნდა უფრო მეტი დრო გაატაროს შვილებთან, უნდა გააკეთოს ყველაფერი ახალგაზრდა სორტსმენების წინსვლისთვის, რადგან სჯერა, რომ ქართველ ახალგაზრდა მოჭიდავეებს დიდი წარმატება ელით წინ და დიდი პოტენციალი დევს ქართულ ჭიდაობაში, ფიქრობს, რომ მიღწეულს არ უნდა დასჯჯერდეს და კიდევ უფრო მეტი იმუშავოს საკუთარ თავზე, რათა ახალი გამარჯვებები მოუტანოს ქვეყანას.

ბედნიერია, როცა…

-ბედნიერი ვარ, როცა ადამიანებისგან თბილ სიტყვებს ვისმენ, ბედნიერი ვარ, რომ მაქვს საუკეთესო სამშობლო, როცა უცხოეთიდან ვბრუნდები, ბედნიერი ვარ მონატრებულ ქვეყანასთან შეხვედრით. ჩემი ძალა თითოეული საქართველოში მცხოვრები ადამიანია და ბედნიერი ვარ, ჩემი მიღწევებით მსოფლიოს ვათქმევინო-საქართველოში ხალხი ბრძოლისუნარიანი და ვაჟკაცია, ბედნიერი ვარ ახალგაზრდებთან ურთიერთობით და მათ წარმატებაში წვლილის შეტანით, სტიმული არის ჩემი ძალა, ბედნიერი ვარ, რომ მყავს ასეთი მეუღლე და შვილები, ბედნიერი ვარ, რადგან ვარ ქართველი და ჩემი სამშობლო საქართველოა-ამბობს ლუკა კურტანიძე.

ოცნება, რომელიც მუდამ თან სდევს-დაბრუნდეს აფხაზეთში, იპოვოს მამის ცხედარი და იქვე, საქართველოს ულამაზეს კუთხეში, აფხაზეთში დაკრძალოს.

და ბოლოს-რჩევები ლუკასგან:

დასახული მიზნისკენ სავალ გზაზე დიდი შრომა, თავგანწირვა, მარცხთან არშეგუება და მომავლის იმედი.

აქვე ვეტყვით ჩვენს მკითხველს, რომ მალე რუბრიკა “GmTV სტუმრად მიდის” ხათუნას და ლუკას სტუმრად ეწვევა და ბევრ ისეთ რამეს მოგიყვებით, რაც ჯერ არავინ იცის.