აშშ პრეზიდენტ კენედის მკვლელობის საიდუმლო მასალებს ასაჯაროებს

26 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატები პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობაზე საიდუმლო დოკუმენტების დიდ ნაწილს გაასაჯაროებს.

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სთხოვა არქივი კიდევ ნახევარი საუკუნით დაეხურა, მაგრამ ის არ დათანხმდა. ზუსტად რა არის არქივში – უცნობია, მაგრამ ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ საიდუმლო დოკუმენტებმა შეიძლება ნათელი მოჰფინოს იმას, იცოდნენ თუ არა ამერიკის სპეცსამსახურებმა კენედის მკვლელის, ლი ჰარვი ოსვალდის განზრახვის შესახებ.

ჯონ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს მოკლეს.

აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს სნაიპერმა მოკლა. ოფიციალური ვერსიით, კენედის მემარცხენე შეხედულებების ლი ჰარვი ოსვალდმა ესროლა. თავად ოსვალდი ბრალდებას უარყოფდა, მაგრამ სასამართლოს წინაშე ვერ წარდგა: დაკავებიდან ორ დღეში, დალასის ციხეში გადაყვანის დროს, ის ადგილობრივი ღამის კლუბის მფლობელმა ჯეკ რუბიმ მოკლა. დიდი ხნის განმავლობაში, გამოძიების მასალების ძირითადი ნაწილი გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ 1992 წელს, პრეზიდენტმა უფროსმა ჯორჯ ბუშმა მასალების ნელ-ნელა გამოქვეყნება გადაწყვიტა.

კენედის მკვლელობა შეთქმულების თეორიების მოყვარულთა შორის ერთ-ერთი პოპულარული სიუჟეტია. არსებობს ვერსიები, რომ ლი ჰარვი ოსვალდი მარტო არ მოქმედებდა და პრეზიდენტის მკვლელობის უკან სპეცსამსახურები ან ვიცეპრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი იდგა. მეტიც, კონსპიროლოგების აზრით, ოსვალდის მკვლელობაც კვალის წაშლის მიზნით სპეცსამსახურებმა დაგეგმეს.

ახალ არქივში 10 ათასი დოკუმენტია

ახალი არქივი დაახლოებით 10 ათასი დოკუმენტს მოიცავს. CIA-ს დირექტორმა მაიკ პომპეომ არქივის გამოქვეყნების 25 წლით გადავადება მოითხოვა, მაგრამ პრეზიდენტმა ტრამპმა ამაზე უარი თქვა. კონსპიროლოგები დარწმუნებულები არიან, რომ CIA გასაჯაროებას იმიტომ ეწინააღმდეგება, რომ დოკუმენტებში არის ცნობები კენედის მკვლელობასთან სეპცსამსახურების კავშირის შესახებ. ისტორიკოსები თავის მხრივ ელოდებიან, რომ არქივის მნიშვნელოვანი ნაწილი ოსვალდს ეძღვნება – მათ იმედი აქვთ, რომ გაარკვევენ იმას, თუ რა იცოდა მის შესახებ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ კენედიზე თავდასხმამდე.

ცნობილია, რომ ოსვალდი კომუნისტებს უჭერდა მხარს და რამდენიმე წელი საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა. 1962 წელს აშშ-ში დაბუნებისთანავე ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) თანამშრომლებმა შეამოწმეს, რადგან ეჭვი ჰქონდათ რომ შეიძლება საბჭოთა სპეცსამსახურების გადაბირებული ყოფილიყო. ოსვალდი ჩიოდა კიდეც, რომ უთვალთვალებნდნენ.

შეთქმულების თეორია

კენედის მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, ოსვალდი ცდილობდა კუბაზე ან ისევ სსრკ-ში გამგზავრებას. ამისთვის ის მექსიკაში ჩავიდა და საბჭოთა და კუბის საელჩოებს მიაკითხა. არსებობს ვერსია, რომ კუბის საელჩოში ოსვალდმა თქვა, რომ კენედის მოკვლა სურდა. კუბის ვიზა მას არ მისცეს, მიიჩნიეს რა, რომ ის შეიძლება ამერიკელი პროვოკატორი და ჯაშუში ყოფილიყო. დღემდე უცნობია, გაარკვიეს თუ არა სპეცსამსახურებმა, იყო თუ არა ოსვალდი საშიში და გააფრთხილეს თუ არა ამის შესახებ ვაშინგტონი. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო ეწინააღმდეგება CIA დოკუმენტების გამოქვეყნებას, რომ მათში ცალსახად გამოჩნდება ის, რომ სპეცსამსახურებს ოსვალდი გამორჩათ და პრეზიდენტზე თავდასხმის პრევენცია გულგრილობის გამო ვერ შეძლეს.

ახლა გამოუქვეყნებელი რჩება კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული მასალების დაახლოებით 1 პროცენტი. 88% – გამოქვეყნებულია, კიდევ 11%- ნაწილობრივ. კონსპიროლოგიური თეორიების მოწინააღმდეგე ჟურნალისტი ჯერალდ პოსნერი, რომელიც კენედის მკვლელობაზე დაწერილი წიგნის ავტორია, ამბობს, რომ დოკუმენტებში შეთქმულების არსებობაზე ან პრეზიდენტის მკვლელობის ალტერნატიულ ვერსიაზე რაიმე მინიშნებაც კი რომ არსებობდეს, ეს უკვე ცნობილი იქნებოდა.