სისტემაში ჩართულ მოქალაქეს საპენსიო ასაკისთვის უკვე ექნება გარკვეული დანაზოგი

სააგენტოზე „დაგროვებითი პენსიის“ პრინციპის” გაშუქების შემდეგ

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%a0/

არაერთმა მოქალაქემ მოგვმართა უფრო დეტალურად მოგვეთხრო ამ რეფორმის შესახებ. სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ საპენსიო ახალი რეფორმის შესახებ.

საპენსიო რეფორმა, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად მოამზადა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა დონორების (მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, USAID G4G, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საფრანგეთის განვითარების სააგენტო) აქტიური ჩართულობით, რაც შესაბამისად, გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისადმი მათ მხარდაჭერას რეფორმის განხორციელების პროცესში.

საპენსიო რეფორმა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები და იღებენ შემოსავალს ამ დასაქმებიდან ან თვითდასაქმებიდან.

„დაგროვებითი პენსიების შესახებ“ კანონის პროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს, კერძოდ – თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო კანონით სქემის მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განახორციელებს შენატანს – თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით. რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს – ისინი შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით გააკეთებენ, სახელმწიფო კი როგორც დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს .

ამასთან, მოხდება დაგროვილი თანხის ინვესტირება, რის შედეგადაც მას საინვესტიციო შემოსავალიც დაერიცხება. შესაბამისად, სისტემაში ჩართულ მოქალაქეს საპენსიო ასაკისთვის უკვე ექნება გარკვეული დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად გააუმჯობესებს მისი სოციალური უზრუნველყოფის დონეს საპენსიო ასაკში. 

საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მასში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში, მათი ასაკის მიუხედავად. დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედება და კონტრიბუციების მიღება დაგეგმილია 2018 წლის მე-3 კვარტლიდან.

საპენსიო აქტივების ინვესტირება მოხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვით, მაღალკვალიფიციური და გამოცდილი წევრებისგან შემდგარი საინვესტიციო საბჭოს მიერ შემუშავებული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც გაითვალისწინებს საინვესტიციო ინსტრუმენტების ლიკვიდურობის და ხარისხობრივი მახასიათებლების მაღალ სტანდარტებს, ისევე როგორც დივერსიფიცირებულობის და უსაფრთხოების სხვა ნორმებს.

უნდა აღინიშნოს, რომ კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიების შესახებ“ არ გულისხმობს არსებული საბაზისო პენსიის გაუქმებას. კანონის პროექტი საქართველოს პარლამენტს 2017 წლის ბოლომდე წარედგინება.