აფხაზი ბავშვი: გვეუბნებიან, რომ ქართველები ჩვენი მტრები არიან დაგვინახავენ და დაგვხოცავენ…

ფიქრია წიკლაური

თუ ქართველ ბავშვებს აფხაზეთის მონატრებით ვზრდით და ერთი წუთით არ გვავიწყდება, რომ საქართველოს ამ ლამაზს მხარესთან რუსეთმა დროებით გადაგვიჭრა  დამაკავშირებელი არტერია, აფხაზეთში პირიქით ხდება, ოკუპირებული რუსეთის ზეწოლის შედეგად იმდენად დიდია ამ ერში ქართველების მიმართ აგრესია, რომ ბავშვებს პატარაობიდანვე უბინძურებენ სათუთ სულს და ათასი მეთოდით ცდილობენ საქართველო და ქართველები შეაძულონ.

აფხაზეთიდან ლტოლვილი, ქალბატონი თამარი პროფესიით ექიმია. მისთვის დასახმარებლად ხშირად მიუმართავთ აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს, რომელთაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ჭირდებოდათ და ქართული მხარესაც უანგაროდ ჩაუტარებია მათთვის ყველა საჭირო პროცედურა- გამოკვლევებიდან ურთულეს ოპერაციამდე.

თამარი 10 წლის აფხაზი გოგონას ისტორიას გვიყვება, რომელიც საქართველოში სამკურნალოდ მოხვდა.

ოჩამჩირეში ერთ საკმაოდ გავლენიან აფხაზს, რომლის მეჯვარე ჩემი ახლო მეგობარია გოგონა გაუხდა ავად. ბავშვმა მოულოდნელად ჯერ სმენა დაკარგა, შემდეგ ყურის აუტანელი ტკივილები დაეწყო. მშობლებმა ჯერ ადგილობრივ ექიმთან მიიყვანეს და როცა მისმა დიაგნოზმა და დანიშნულებამ ვერაფერი უშველა სოხუმის კლინიკაში გადაიყვანეს. იქაურმა ექიმმა ურჩია, ბავშვი სასწრაფოდ სოჭში ან მოსკოვში წაეყვანათ.

მოსკოვში ცნობილმა პროფესორმა  ბავშვს გლიომა, თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის საკმაოდ მძიმე ფორმა დაუდგინა. უთხრეს, რომ სიმსივნე იმდენად მიუდგომელ ადგილას იყო, რომ ვერ გარისკავდნენ ოპერაციას. 6 თვის შემდეგ განმეორებით კონტროლზე დაიბარეს და შესაბამისი მკურნალობით გაუშვეს სახლში. როცა კლინიკის დატოვებას აპირებდნენ, იქ შეხვდათ ნაცნობი  ქართველი ქალი, რომელმაც ურჩია, რომ თუ ვინმე ყავდათ  საქართველოში ახლობელი, ვინც მათ უყურადღებოდ არ დატოვებდა, თბილისში წაეყვანათ გოგონა. მათ მოძებნეს ქართველი  მეჯვარე, რომელთანაც წლების განმავლობაში არ ჰქონდათ კავშირი და დახმარება სთხოვეს. ჩემმა მეგობარმა  მე დამირეკა და  სიტუაცია გამაცნო.მათ ჩატარებული ყველა გამოკვლევა გამოვაგზავნინე და აქ ერთ-ერთ ნეიროქირურგს ვაჩვენე. სპეციალისტმა მითხრა, რომ სურათით ვერანაირ გლიომას ვერ ხედავდა და  ბავშვისთბილისში ჩამოყვანა გვირჩია, სადაც თვითონ ჩაუტარებდა  გამოკვლევებს. ბავშვის ჩამოყვანას ართულებდა ის ფაქტორი, რომ მისი მამა აფხაზეთში, როგორც გითხარით  საკმაოდ მაღალი რანგის ჩინოსანია და მის  საქართველოში ჩამოსვლას აფხაზი მხარე არ დაუშვებდა. ბავშვმა და მისმა ბებიამ აფხაზურ მხარესთან შეუთანხმებლად ჩუმადგადმოკვეთეს დეფაქტო საზღვარი და კეთილი ადამიანების დახმარებით თბილისში ჩამოვიდნენ. ქართულმა მხარემ მაქსიმალური გააკეთა, რომ ბავშვს ყველა გამოკვლევა ჩატარებოდა. რადგან ისინი მწვანე პასპორტს ფლობდნენ და იყვნენ ეთნიკური აფხაზები,უფასოდ ხდებოდა გამოკვლევაც და მკურნალობაც.

თავიდან როდესაც ბებია და შვილიშვილი გავიცანი, აღმოჩნდა, რომ მათ ჰქონდათ ქართველების შიში, მიუხედავად იმისა, ახლობლის რეკომენდაციით ჩამოვიდნენ და მათ ჩემი მეგობრის დედაც ჩამოყვათ, (მათი მეჯვარის დედა) არ ჰქონდათ ჩვენს მიმართ ნდობა, ეგონათ რაღაცას დავუშავებდით.

შემდეგ მიხვდნენ, რომ დახმარების და სიკეთის მეტი არაფერი გვინდოდა მათთვის და თანდათან გაიხსნენ და დაგვიახლოვდნენ.

გოგონას ჩაუტარდა ყველა სახის გამოკვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფიით დადგინდა, რომ თავის ტვინში არანაირი სიმსივნის კვალი არ აღმოჩნდა საბედნიეროდ.

ჰქონდა შუა ყურის ანთება, რამაც გამოიწვია სმენის დაქვეითება, ყურის ნიჟარების და ძგიდის გამრუდება, ასევე, ნუშისებრივი ჯირკვლების მწვავე ანთება. ეს ყველაფერი ქირურგიული ჩარევას საჭიროებდა.

ოპერაციის წინა საღამოს  ბავშვს ქალაქში გასეირნება შევთავაზე. გოგონა თავის თავში ძალიან ჩაკეტილი იყო, გარეთ გასვლაზე თავიდან უარი მითხრა.  გავესაუბრე და დავითანხმე. წინასაახალწლო დღეები იყო. ქუჩაში რომ გამოვედით, უცებ მეკითხება:

-ქართველები არ გამიბრაზდებიან აფხაზი რომ ვარ? – მე ვუპასუხე, რომ აქ არავის აინტერესებდა მისი ეროვნება. შევეკითხე, სად გინდა რომ წავიდეთ მეთქი?  – სადაც ყველაფერი ფერადია და ბრწინავს იქ წამიყვანეო. ჩემს სახლთან ახლოს ქავთარაძეზე, სუპერმარკეტ „გუდვილში“ გადავწყვიტე წამეყვანა. ვერ გადმოგცემთ ამ ბავშვის ემოციას,როდესაც სავაჭრო ცენტრში შევედით.  აღფრთოვანებას და გაკვირვებას ვერ მალავდა, როცა საახალწლოდ გაფორმებული დარბაზი დაინახა. უცებ მომიტრიალდა და მეუბნება:

– აქ მართლა არავინ არაფერს დამიშავებს? ჩვენ იქ გვეუბნებიან, რომ ქართველები ჩვენი მტრები არიან და როცა დაგვინახავენ, გაბრაზდებიან და დაგვხოცავენ.

მე ვუთხარი: – გადახედე ხალხს, აქ ჩანს, რომ ვინმეს კლავენ?  -არა აქ ეგ არ ჩანსო. ბავშვი ცოტა დამშიდდა და ისევ თვალიერება განაგრძო. მერე წიგნების მაღაზიაში შევედით. ამდენი ფერადი საბავშვო წიგნის დანახვაზე მთლად გადაირია, ხან ერთ კუთხესთან მივიდა, ხან მეორესთან, მე მსგავსი სიხარული და ემოცია არასოდეს მინახავს, რაც მაშინ ამ გოგონას ჰქონდა. გადავწყვიტე რამე საჩუქარი გამეკეთებინა და ვუთხარი რასაც აირჩევ, ნებისმიერ რამეს გიყიდი მეთქი.  მივიდავახტანგ გორგასლის ფაზლიანი “3D”წიგნთან და მეუბნება ეს მიყიდეო.  წიგნის რუსული ან იგლისური ვერსია არ ჰქონდათ და მე თვითონ არ მოვინდომე ეს წიგნი აფხაზეთში წაეღო. რადგან შეიძლებოდა ამის გამო პრობლემა შექმნოდა ოჯახს. ამიტომ ამ სურვილზე უარი ვუთხარი. მოეწონა  ფერადყდიანი ბლოკნოტი. გამიკვირდა, როდესაც აღფრთოვანდა სასკოლო  რვეულებით, რომლის ყდებიც ფერადად, სხვადასხვა ზღაპრის გმირებით იყო გაფორმებული. ეს ჩვენ არ გვაქვს, ჩვენთან რვეულებს ყველას ერთი ფერის გარეკანი აქვსო.  რასაც ხელს ადებდა, ყველაფერი ვუყიდე. თან ყოველ წუთას მორიდებულად მეუბნებოდა, „თუ არ შეწუხდებით“.  მაღაზიიდან გამოსვლის დროს მთხოვა, რომ  კიდევ რამდენიმე საწერ-კალამს და საშლელს აიღებდა და თავის სკოლის მეგობრებს საჩუქარს გაუკეთებდა.

„ ჩემს მეგობრებს გავახარებ და ჩუმად ვეტყვი, რომ თბილისიდან გამოგიგზავნესო. ბავშვისთვის ეს ყველაფერი იყო უცხო, როცა ამდენი საჩუქარი გავუკეთე, ისიც კი მკითხა, შენ მართლა ქართველი ხარო? სეირნობის ბოლოს მეუბნება, იცი შენ დღეს მე როგორ გამაბედნიერე, შენ ჩემი კეთილი ფერია ხარო. წარმოიდგინეთ, ბავშვს ყველგან უჩიჩინებენ, რომ ქართველები ჩვენი მტრები არიანო და უცებ აღმოაჩინა, რომ ისინი კი არ კლავენ ადამიანებს, კეთილი ადამიანები არიან. ისიც კი მითხრა, როცა სკოლაში მივალ, კედლის გაზეთზე დავწერ, რომ არ შეიძლება ბავშვების მოტყუება, ვინ რა მოგატყუა მეთქი, ვკითხე.  ჩვენ სკოლაში გვასწავლიან რომ ქართველები ჩვენი მტრები არიან, ისინი ხოცავენ ქალებს და ბავშვებს, მე ხომ ვნახე რომ თქვენ არავის არ კლავთ. დავწერ, რომ თქვენ ჩვენი მტრები არ ხართ, არც არავის კლავთო.

ბავშვის ბებიამაც შეიცვალა ქართველებზე წარმოდგენა, როცა ჩვენი ხალხისგან ამდენი სითბო და მხარდაჭერა ნახა. მას შემდეგ 2 წელი გავიდა და კონტროლზეც ორჯერ იყვნენ ჩამოსული. მთავარია, რომ აღარ ეშინიათ და უკვე გვენდობიან. ბებიამ ერთხელ ისიც თქვა, ეს ომი ჩვენ არ უნდა დაგვეშვა, აფხაზებიც და ქართველებიც სხვის გადმოგდებულ ანკესს არ უნდა წამოვგებულიყავითო.

მე ვფიქრობ, რომ სანამ მომავალ თაობებს ტვინს ბოლომდე გამოურეცხავენ და საბოლოოდ შეაძულებენ ქართველ ერს, თვითონ აფხაზებმა და ქართველებმა უნდა გამართონ მოლაპარაკება. აქ მესამე ძალა ზედმეტია.