დე! იქ საშიში არ არის?-არც თუ ისე შორეული ლანდები…

მარიამ საჯაია

13866763_1824843887734904_2102188633_n

   რეპორტაჟი ენგურს გაღმა საქართველოდან

  -დე! იქ საშიში არ არის?

-არა, შვილო, იქ შენი სახლია, მე იქ დავიბადე და გავიზარდე, ნახავ, როგორ დამშვიდდები, იქაურ ჰაერს რომ შეისუნთქავ.

დედას ვუჯერებ, თუმცა გულის სიღრმეში მაინც მეშინია, ომზე ვფიქრობ, ქართველობის გამო რამე რომ დაგვიშავონ, წინ ხომ დიდი გზა გველის.

ეს ფიქრები არ მასვენებდა აფხაზეთში წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ამაზე ვფიქრობდი დილის 8 საათზე უკვე ენგურზე მიმავალი, ათას კითხვას ვუსვამდი დედას, პასუხად კი მხოლოდ ნუგეშს ვიღებდი, გავბრაზდი კიდეც, ახლა კი ვფიქრობ, რომ თვითონ მასაც არ ჰქონდა პასუხი.

13874937_1824843864401573_1528213733_n

ხიდზე მიახლოებასთან ერთად დაძაბულობაც მატულობდა, ხალხი ერთმანეთს ეკითხებოდა “ნეტა დღეს როგორ ხასიათზე არიანო,” იმ იმედით, რომ ვინმე დამამშვიდებელ პასუხს გასცემდა; თუმცა ასეთ გაურკვევლობაში განა შეეძლო ვინმეს ნუგეშისმცემელი პასუხების გაცემა?!

ყველაფერი კარგად არ მახსოვს, თუმცა რაც მე მაინტერესებდა ეს კი დანამდვილებით ვიცი.

როგორც იქნა ჩვენი ძველი, წითელი სამარშუტო ტაქსი დანიშნულების ადგილზე მივიდა და გაჩერდა, დრო იყო თვალებში ჩამეხედა იმ მწარე რეალობისთვის, რაც რამდენიმე კილომეტრში მელოდა.

მე და დედა ხელიხელჩაკიდებული, უხმოდ მივუყვებოდით გზას. ვხედავდი, თუ როგორ ძნელი იყო მისთვის ეს ყველაფერი, ფსიქოლოგიურად როგორ მძიმედ მოქმედებდა ეს ხიდი მასზე, ამიტომ მეც ვდუმდი და ხელს მაგრად ვუჭერდი.

წარმოიდგინეთ, რომ მიდიხარ საკუთარ სახლში შენს ახლობლებთან, იქ ხიდის ბოლოს კი დგას ვიღაც, ვისაც უნდა სთხოვო, რომ შეგიშვას, დანარჩენი კი მასზეა დამოკიდებული, შეუძლია მოგცეს ამის უფლება, შეუძლია-არა, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე. დედამ გამაფრთხილა ქართულად ნუ ილაპარაკებ, არ მოეწონებათო. მახსოვს გავბრაზდი ამაზე, თანდათან პროტესტის გრძნობა უფრო მიმძაფრდებოდა, ყურადღებით ვაკვირდებოდი ყველა დეტალს, ვხედავდი, თუ როგორ თავხედურად იქცეოდნენ ჯარისკაცები და აწვალებდნენ ხალხს.

საბედნიეროდ დიდ ხანს ლოდინი არ მოგვიწია, მესაზღვრეებმა ადვილად გაგვატარეს, დედაჩემს უთხრეს, ბავშვი გვეცოდებ, თან არ გვინდა იფიქროს, რომ მონსრტები ვართ და ამიტომ გიშვებთო.

ყველა ჩქარობდა, 12 საათის მერე ტრანსპორტი აღარ იქნება და სახლში ვეღარ წავალთო. გზაში ქალები იწყევლებოდნენ, უკმაყოფილო იყვნენ გუშაგების საქციელით, ტაქსი ნელ-ნელა იცლებოდა, ქალაქში შესვლისთანავე მახსოვს ჩემი პირველი რეაქცია.

ღმერთო… ეს რა არის, როგორი განადგურებულია აქაურობა, რამდენი დამწვარი სახლია, საცოდავი ის ხალხი, ვისიც იყო ეს ყველაფერი-მეთქი. ვიგრძენი, რომ ქალაქში დათარეშობდა მწუხარება, ყველაფერი ნაცრისფერი, გახუნებული იყო. დამრთგუნა სიჩუმემ, ცარიელმა ქუჩებმა…

როგორც იქნა მივედით ჩემს სახლში, რომელიც არასდროს მენახა. ჭიშკართან ბაბუა დამხვდა ჯოხით და უკან, ეზოში მოფუსფუსე ბებო, მათკენ გავიქეცი, უკვე აღარ მეშინოდა, ან რისი უნდა შემშინებოდა- უკვე სახლში ვიყავი. ყველაფერი მიხაროდა, ეზოში დავრბოდი, ყვავილებს გარს ვუვლიდი, ბაბუას ვაყოლებდი იქ დატრიალებულ ამბებს. ახლა რომ ვფიქრობ, მას იმდენი რამ აქვს გადატანილი კალამი რომ ხელში ეჭიროს უთუოდ საინტერესო მასალებს შემოგვთავაზებდა.

მეორე დილით დეიდაშვილმა მოგვაკითხა, ოჩამჩირეში წამიყვანა, მახსოვს-მითხრა, აქ შენ ჯერ არ მოგეწონება, დანგრეულია ყველაფერი, თუმცა ზღვას რომ ნახავ დარდი და გულისტკივილი გაგიქრებაო.

მართლაც ასე იყო, პეიზაჟი აქაც მძიმე დამხვდა: გაჩანაგებული ქუჩები, დანგრეული სახლები. არ მესიამოვნა ამ ყველაფრის დანახვა, დავსევდიანდი, ნაღველი მომეძალა. ცოტა ხნის შემდეგ ჰორიზონტზე რაღაც ცისფერი გამოჩნდა, ეს ზღვა იყო, მღელვარე, ის ისე ერწყმოდა ცას, გეგონებოდა ერთი მთლიანობა არისო. ულამაზესი იყო. სახე გამინათდა, გავიღიმე, მომეწონა ეს ყველაფერი, აქამდე მსგავსი არაფერი მენახა, დიდი ხანი ვიდექი და ვუყურებდი ამ ცისფერ გიგანტს, აფხაზეთის დრამატულ სიმბოლოს და ვფიქრობდი, საოცარო და იდუმალო, შენ გამო ხომ არ გვემტერებიან-მეთქი.

13866550_1824843891068237_1410646736_n

ახლა მინდა ნათლად აღვიდგინო ოჩამჩირეში უფუნქციოდ დარჩენილი, დამტვრეული ატრაქციონები, რომელთაც ალბათ უწინ უამრავი ბავშვი სტუმრობდა, დიდებიც და პატარებიც ერთობოდნენ და მხიარულობდნენ ალბათ მათ წინაშე, წარმოიდგინეთ რამდენი რამის მომსწერენი არიან ისინი, როგორც ბედნიერებისა და სიყვარულის, ასევე, უბედურებისა და მტრობის.

ამის შემდეგ ყოველი წლის ზაფხულს აფხაზეთში ვატარებდი: გალი, ოჩამჩირე, სოხუმი, ახალი ათონი-ეს ჩემი ზაფუხილის არდადეგებია, რომელსაც ველი და რომელიც მტკივა. ჩემს გულისნადებს ყოველთვის ტალღებს ვუყვებოდი. ისინი არიან მომსწრე ამ ყველაფრის, ამათ ყველაზე კარგად იციან რატომ მტკივა, რატომ მაწუხებს ორად გახლეჩილი სამშობლო.

ბავშვობიდან აქ უამრავ ადამიანთან მქონია ურთიერთობა: ჩვეულებრივ, უბრალო მოქალაქეებთან, ექიმებთან, სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე ხალხთან, სკოლის დირექტორებთან, ე. წ. განათლების მინისტრთანაც კი. ჩემდა გასაოცრად არავინ გამოხატავდა აგრესიას ჩემს მიმართ, თუმცა მაინც ვგრძნობდი, რომ აღსადგენი გვაქვს ის, რაც ასე დაუნდობლად დავანგრიეთ, რასაც ვერ გავუფრთხილდით და რომლის შედეგმაც თანაბრად დაგვანგრია-ჩვენც და აფხაზებიც.

ახლა აქ სულ სხვა მდგომარეობაა, ენგურის ხიდს რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ, ხალხი, რომელიც უპასპროტოდ მიდი-მოდიოდა დღეს ამას ვეღარ ახერხებს.

ერთხელ,  2014 წლის ივლისის ერთ მცხუნვარე დღეს ასეთ ფაქტს შევესწარი, საგუშაგოსთან დიდი რიგი იყო, ერთი სული გვქონდა როდის შევძლებდით საზღვარზე გადასვლას, ზოგს რა პრობლემა ჰქონდა, ზოგს-რა. ამ დროს შავებში ჩაცმული, წელში მოხრილი მოხუცი ბებო მიუახლოვდა აფხაზ ჯარისკაცს (საგუშაგოს ამ ნაწილს აფხაზები აკონტროლებენ) და სთხოვა-ძალიან ცუდად ვარ, გამიშვიო და პასპორტი გაუწოდა. ჯარისკაცმა უპასუხა, რომ ვერ გაუშვებდა, რადგან საბუთი მწყობრში არ ჰქონდა, ბებო შეეხვეწა, თუმცა გუშაგმა უთხრა “მე კი გაგიშვებ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, ისინი მაინც უკან გამოგაბრუნებენ და ტყუილად მოგიწევს მეორე რიგში დგომაო”. ბებო მიხვდა, რომ ყმაწვილი სიმართლეს ეუბნებოდა, მადლობის ნიშნად მხარზე ხელი დაადო, თავი დახარა და უკან გაბრუნდა. აი მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სიყვარული, სითბო, ურთიერთპატივისცემა ჯერაც ცოცხალია ჩვენსა და მათ შორის. ასეთ ფაქტებს არაერთხელ შევსწრებივარ. აფხაზი ჯარისკაცები გულისხმიერად ექცეოდნენ ქართველებს, ეხმარებოდნენ მათ, ზოგჯერ არ შეეძლოთ და ამბობდნენ “აქ ჩვენ უკვე აღარავინ გვეკითხება რამესო,” ამის საპასუხოდ ხშირად მომისმენია: “ახია თქვენზე” “რაც გინდოდათ ის მიიღეთ, გეკუთვნითო”.

აქ ოდნავ მოვწყდები ჩემს ნარატივს, ჩვენ ახლა ორთავენი ტყვეები ვართ გადამთიელების. “დამეხსენი,ჩრდილოელო!” გამახსენდა აკაკი წერეთლის ლექსი, მერე აფხაზი კაცის ხოტბა “გამზრდელში” სათუთად ჩატვიფრული. რამ იმძლავრა, რამ შეძლო ასე ადვილად ერთობის დანგრევა და გაცალკევება, ენგურს მიღმა და ენგურს გამოღმა დარჩენილთათვის ღირს ამაზე საფუძვლიანად დაფიქრება!

13874580_1824843877734905_1224856626_n

 

კომენტარის დატოვება