ნატალია ხოხიაშვილი: სასწრაფოდ მიიღეთ ზომები, თორემ ამ წინასააჩევნოდ ომს მიიღებთ წალკაში!

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი ნატალია ხოხიაშვილი უკვე წლებია წალკაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს, ის პირველი იყო, ვინც წალკაში მომხდარ მკვლელობაზე გააკეთა განცხადებები.

წალკაში არსებულ სიტუაციაზე სასაუბროდ ჩვენ ნატალია ხოხიაშვილს დავუკავშირდით.

-წალკაში მომხდარი მკვლელობის გამო სიტუაცია საკმაოდ დაძბულია, რას ამბობს ხალხი?

მკვლელობა საერთოდ ისეთი ფაქტია, რომელიც სიტუაციას ზოგადად ძაბავს, მაგრამ ეს შემთხვევა ჩვეულებრივი მკვლელობისგან განსხვავდება. ეს იყო დაპირისპირება მიწის ნაკვეთის გამო, რომელიც ორმხრივ სროლაში გადაიზარდა, დაზარალებული არის ორივე მხარე. ერთ მხარეს გარდაცვლილიც, ბუნებრივია ორივე მხარეს ჰყავს ახლობლები, ისინი ერთი სოფლიდან არიან და ბუნებრივია მათ შორის არის დაძაბულობა, დანაშაული 30 ივლისს მოხდა და მესამე დღესაც კი იქ სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ეს ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია საკმაოდ დაძაბული.

-თქვენ საჯაროდ მიმართეთ მთავრობას და განაცხადეთ-„სასწრაფოდ მიიღეთ ზომები, ნუ აფარებთ ხელს სამსონ თამარიანს რადგან ხელისუფლების წარმომადგენელია,თორემ ამ წინასააჩევნოდ ომს მიიღებთ წალკაში“. გამოძიება დაწყებულია, როგორც ცნობილია, წალკაში საპატრულო პოლიცია პატრულირებს. რატომ გგონიათ, რომ დამნაშავე დასჯილი არ იქნება?

დიახ, საჯაროდ მივმართე მთავრობას და ამის საფუძველს მაძლევს შექმნილი ვითარება და ის, თუ რა რეაგირება მოახდინა ამაზე სამართალდამცველებმა. პოლიციამ, რომელიც დაპირისპირების შემდეგ მალევე მივიდა ადგილზე, დააკავა მხოლოდ ორი ადამიანი: აიკ მელტონიანი, ყოფილი პარლამენტარი და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ,,ქართული ოცნების” კანდიდატი, რომლის 15 წლის შვილს მანქანით დაეჯახა წალკის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე და  საკრებულოს წევრი სამსონ თამარიანი და ამ უკანასკნელის ძმისშვილი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა აიკ მელტონიანის 23 წლის ძმისშვილი. აიკ მელტონიანი დაკავებულია იმიტომ, რომ მას შემდეგ რაც თვალწინ მოუკლეს ძმისშვილი, მკვლელი დაჭრა.

ასეთი დანაშაული მოხდა და თავი და თავი სამსონ თამარიანი, რომლის ქმედებას ასეთი დანაშაული მოჰყვა, დაკავებული არ არის, ეს ჩვეულებრივი დანაშაული კი არა იყო, არამედ იყო დაპირისპირება და ორმხრივი სროლა, მელტონიანი, როგორც მაქვს ინფორმაცია, შეიარაღებული იყო რეგისტრირებული იარაღით, ხოლო მეორე მხარე სავარაუდოთ არარეგისტრირებული იარაღით.

არ მაქვს ინფორმაცია რა მუხლებითაა აღძრული საქმე, სავარაუდოთ აქ უნდა იყოს მკვლელობა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღის უნებართვო შენახვა და საქმის დეტალებს რადგან კარგად არ ვიცნობ, შეიძლება სხვა მუხლებიც დაემატოს და ამ ყველაფრის შემდეგ როგორ არ მივმართო ხელისუფლებას, როცა მაქვს ინფორმაცია, რომ სამსონ თამარიანი დაკავებული არაა.

-„საბაძის გაუმაძღრობა და კლანური მმართველობა სისხლისღვრამდეც მივიდა“-ეს თქვენი სიტყვებია. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

მე ბევრჯერ ავღნიშნე, რომ წალკაში არის პრობლემები. 2012 წლის არჩევნებმა წალკაში თითქმის არაფერი შეცვალა. იგივე ხალხი დაპარპაშებენ, ვინც მანამდე, მაგალითად გამგებელი ილია საბაძე არის ყოფილი უშიშროების და კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსი. დღეს ის გამგებლად მოევლინა წალკას. წლების განმავლობაში ის და მისი კლანი ატერორებდა წალკას, მათთვის იყო ყველაფერი: ბიზნესები, ქონება, საუკეთესო მიწის ნაკვეთები, წლების განმავლობაში ხრავდნენ სახელმწიფო ბიუჯეტს, რამდენიმე ფაქტი მეც ჩამოვიტანე და მივაწოდე შესაბამის ორგანოებს, მაგრამ ეს კაცი და მისი კლანი ყოველთვის ახერხებს თავის დაძვრენას, დღევანდელი წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, რეზო შავლოხაშვილი, რომელიც პარლამენტში ნაციონალური მოძრაობით მოხვდა, დღეს კონტერვატიული პარტიის ფრაქციის წევრია, ასე ვთქვათ პორტირებული ნაცია, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ხალხი იდეების თანხვედრისთვის არ გადაბარგებულა ოცნებაში, ეს ხალხი იმიტომ გადაბარგდნენ, რომ საკუთარი ბიზნესები დაეცვათ. მაქვს ინფორმაცია, რომ მათ ახლობლების სახელებზე აქვთ გაფორმებული ათასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთები და თავიანთი ქონებები.

ამიტომ ვამბობ, რომ წალკაში არის კლანური მმართველობა და მათი მუცელი ჯერ კიდევ არ გაძღა, გაუსაძლისი პირობებია წალკაში, კარგად ისინი ცხოვრობენ, ვინც მათთან არიან დაახლოებულები.

ნატო, უკვე წლებია წალკაში არსებულ პრონლემებზე ამახვილებთ ყურადღებას, ამბობდით, რომ გამეფებულია კორუფცია, დღეს რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

დღესაც იგივე მდგომარეობაა და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, პირიქით უფრო გაშალეს ფრთები, რადგან ჩემი დაჟინებული მოთხოვნით დაწყებულ გამოძიებას დღემდე არ მოყვა შედეგი.

  -წინასაარჩევნო გარემო როგორია?

წალკა ამჯერად არ არის ცალკე ოლქი, ის გაერთიანებულია დმანისთან და დაბა კაზრეთთან, მოგეხსენებათ ეს რაიონები არაქართული მოსახლეობითაა დასახლებული და ძირითადად ყოველ არჩევნებზე ხელისუფლებისთვის ხმების ბეღელს წარმოადგენდა. მას შემდეგ რაც ეს მმართველობაა წალკაში მოსახლეობის აზრი შეცვლილია, ისინი ღიად აფიქსირებენ იმას, რომ ხმას არჩევნებში ქართულ ოცნებას არ მისცემენ, თუ ადრე ამას იქ ჩასახლებული ეკომიგრანტები აფიქსირებდნენ, რომლებიც მართლაც გაუსაძლის პირობებში არიან, ახლა ამას ეთნიკურად სომეხი მოსახლეობაც დაემატა ამ ფაქტის გამო, რადგან ისინი თავიანთი თვალით ხედავენ ხელისუფლების მიკერძოებულობას, აეკ მელტონიანს კი სომეხ მოქალაქეებში საკმაოდ დიდი გავლენა და ავტორიტეტი აქვს.

– თქვენ, როგორც არასამთავრობოს წარმომადგენელი ყოველთვის აკვირდებოდით როგორც წინასაარჩევნო გარემოს, ასევე არჩევნებს-წელს რა პროგნოზი შეგიძლიათ გააკეთოთ?

2012 წლიდან ყველა არჩევნებს ვაკვირდებით, თუ მანამდე არჩევნებში გამორჩეული ლიდერი ,,ქართული ოცნება” იყო, დღეს ასე არ არის, თუმცა ის რომ პირველ ადგილს აიღებს ამაში ეჭვი არ მეპარება, გვინდა თუ არა მეორე ადგილს ალბათ ნაციონალური მოძრაობა შეინარჩუნებს და ამის შემდეგ ის პროდასავლური პარტიები რომლებიც საკმაოდ აქტიურად ჩანან პოლიტიკურ სპექტრში. თუმცა ერთი კი შემიძლია ვთქვა რომ გამორიცხული ამ ფონზე რომელიმე პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში.

-თუ იცით, ამ დროისთვის როგორი მდგომარეობაა წალკაში, დამშვიდნენ მხარეები? 

ამ დროისთვის კიდევ დაძაბული ვითარებაა, ხალხი დანაშაულის მოთავეს სამსონ თამარიანის დაკავებას და აეკ მელტონიანის გათავისუფლებას ითხოვს. მელტონიანი რეალურად თავს იცავდა. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ხელისუფლებას და სამარტალდამცველებს-სასწრაფოდ მიიღეთ ზომები, ნუ აფარებთ ხელს სამსონ თამარიანს, რადგან ხელისუფლების წარმომადგენელია,თორემ ამ წინასააჩევნოდ ომს მიიღებთ წალკაში.

– რას ეტყვით მთავრობას კონკრეტულად წალკის რაიონზე, რა სასწრაფოდ მოსაგვარებელ პრობლემებს ხედავთ?

მთავარი პრობლემა წალკაში გამგებელია, ხელისუფლებას იმ საქმის გამოძიებას ვურჩევ, რომელიც ჩემი განცხადების საფუძველზე დაიწყო, ეს არის ის კორუფციული გარიგებები,  რომელიც ტენდერებთან დაკავშირებით ხდება. ასევე ამ საქმის სამართლიან გამოძიებას და დამნაშავეების სათანადო დასჯას ვურჩევ. გარდა ამისა, იქნებ ხელისუფლებამ ინებოს და იმ გასაცოდავებულ ეკო მიგრანტებზეც იზრუნოს, მათ საარსებო პირობები ჭირდებათ.

კომენტარის დატოვება