ქართული საქმე გრძელდება – თბილისში ფერეიდნელების მეექვსე ჯგუფი ჩამოვიდა

ბელა აბულაძე

უკვე ორი წელია, რაც ფერეიდანელ ქართველთა ჯგუფები საქართველოს ქართული ენისა და სიმღერების შესასწავლად სტუმრობენ. პროექტის იდეა მაშინ გაჩნდა, როცა „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის“  თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე ფერეიდანში იმყოფებოდა და იქ მცხოვრებმა ქართველებმა სამშობლოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვეს.

პროექტის ყოველი ეტაპი ამაღელვებელი და საინტერესოა. გარდა იმისა, რომ ჯგუფის წევრები 2 თვის განმავლობაში ქართულ ენასა და ისტორიას დიდი ინტერესითა და მონდომებით ეცნობიან, ამავდროულად სამშობლოში ვიზიტისას, საინტერესო ექსკურსიების ფარგლებში, მათ აქვთ შესაძლებლობა თავად მოინახულონ ქართული ისტორიისა და კულტურის ძეგლები.

სააგენტოს არქივიდან

https://www.youtube.com/watch?v=-_Tn98Bf16Y

ყოველ ჯერზე, ფერეიდანელი ქართველების მიერ ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შეძლებისდაგვარად შესწავლის შემდეგ, ეწყობა დასკვნითი ღონისძიება, რომელზეც ისინი პროექტის ფარგლებში შესწავლილ ქართულ სიმღერებს ასრულებენ. ყოველი ასეთი ღონისძიება უდიდესი მუხტის მატარებელია და რთულია ემოციებისგან თავი შეიკავო.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, კურსის ფარგლებში მხოლოდ მამაკაცები ჩამოდიოდნენ, მეოთხე ეტაპზე მათ ქალბატონებიც შემოუერთდნენ და თბილისს 7 წყვილი ეწვია, მოგვიანებით კი  მოსწავლეების ამპლუაში მეუღლეებიც ვიხილეთ.

ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებს არაერთხელ გამოუგზავნიათ საქართველოში მადლობის წერილი. ყოველი მათგანი სავსეა სითბოთი, სიყვარულით, მონატრებითა და მადლიერებით.

პროექტი „ქართული ენისა და ხალხური სიმღერის შემსწავლელი კურსი ფერეიდნელი ქართველებისათვის” წარმატებით მიმდინარეობს და უკვე ხუთმა ჯგუფმა შეძლო მასში მონაწილეობა. ცოტა ხნის წინ საქართველოს ფერეიდანელთა მეექვსე ჯგუფი ეწვია.

ისინი სწავლას დიდი მონდომებით უკვე შეუდგნენ, რაც უფრო მეტად გვარწმუნებს, რომ პროექტის მეექვსე ეტაპიც წარმატებულად დაგვირგვინდება.

„ქართული ფესვები უკვდავია!“,  „სიყვარული არ კვდება!“, „თქვენ ჩემი მამლუქები ხართ, ჩვენი ძვირფასი სისხლის წვეთები!“– ასეთ კომენტარებს უწერენ ფერეიდნელ ქართველებს სოციალურ ქსელში.

დიდებული, ქართული საქმე გრძელდება უფრო დიდი წარმატების მოლოდინში!