“არ დავთმოთ ღამე” – ფემინისტების აქცია

“ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი” და მათი მხარდამჭერები თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელებში სექსუალური შევიწროების ფაქტებს აპროტესტებენ და აქცია-მსვლელობას აწყობენ.

როგორც facebook-ზე შექმნილი ღონისძიების – “არ დავთმოთ ღამე”-ს  ანონსში წერია, წლევანდელი მსვლელობა ეძღვნება მიწისქვეშა გადასასვლელებში სექსუალური შევიწროების პრობლემას, ამიტომ, მსვლელობას გმირთა მოედნიდან დაიწყება, ვინაიდან “გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი ცნობილია, როგორც მოძალადეების ერთ-ერთი ნაცადი თავშესაფარი. ამ გადასასვლელთან ისტორია არაერთ ქალს და გოგონას აკავშირებს, განსაკუთრებით კი სტუდენტებს, რომლებსაც ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სიახლოვის გამო ხშირად უწევთ გმირთა მოედნის გადაკვეთა”, – წერია ღონისძების ანონსში.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ხელისუფლებამ დაიწყო მიწისქვეშაგადასასვლელებზე ზრუნვა, თუმცა “არაფერს ამბობენ ქალთა მიმართ ძალადობისთვის შექმნილ სასათბურე პირობებზე”.

აქციის მონაწილეები ითხოვენ: სათანადო ყურადღება მიექცეს ამ საკითხის მნიშვნელობას სწორედ ქალთა მიმართ ძალადობის კონტექსტში; დაუყოვნებლივ მოწესრიგდეს განათებების პრობლემა ყველა მიწისქვეშა გადასასვლელში; მოხდეს უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება, რადგან განათებების მოწესრიგება პირველი, თუმცა არასაკმარისი ნაბიჯია ძალადობის შესაჩერებლად. ქალებს გვჭირდება გენდერულად მგრძნობიარე საჯარო სივრცეები, რათა დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შევძლოთ თავისუფალი გადაადგილება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ თემას ახალი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც გამოეხმაურა:

-“სტერეოტიპული დამოკიდებულება და რეაგირების მექანიზმის არარსებობა პრობლემას უფრო მასშტაბურს ხდის. კრიტიკულად დაბალია შემთხვევათა გამოვლენის მაჩვენებელი, განსაკუთრებით პრობლემურია საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შემთხვევები.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს რატიფიცირებული ევროპის საბჭოს კონვენცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ პირდაპირ ითვალისწინებს სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო დეფინიციას, სარატიფიკაციო პაკეტში აღნიშნული საკითხი ვერ მოხვდა.

საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ უახლოეს პერიოდში განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სექსუალური შევიწროების დეფინიციისა და მასზე რეაგირების პროცედურების დადგენის მიზნით. ამასთან აუცილებელია ხელი შეეწყოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და პრევენციის სხვა ღონისძიებებს”-აცხადებს ომბუდსმენი საგანგებო განცხადებაში.