„მემარცხენე ალიანსის“ საგანგებო მიმართვა კობახიძეს და ევროსტრუქტურებს

„მემარცხენე ალიანსის“ საგანგებო მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და ევროსტრუქტურებს

“მემარცხენე ალიანსი” კატეგორიულად ეწინააღმდეგება “ნაცმოძრაობის” და მათი სატელიტების მიერ ბოიკოტს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვასთან დაკავშირებით -ამის შესახებ “მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

‘’მემარცხენე ალიანსი’’, თვლის, რომ ეს ნაბიჯი ქვეყანას მიიყვანს ახალ პოლიტიკურ არეულობამდე, რასაც მოყვება ან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ან ახალი რევოლუცია.

სოსო შატბერაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, “მემარცხენე ალიანსის” სახელით, პარლამენტის თავმჯდომარესა და ევროსტრუქტურებს მიმართა:

„ვთვლით, რომ ამ განხილვებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა დაინტერესებულმა ძალამ, ყველა პოლიტიკურმა თუ საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას უცხადებს ბოიკოტს, ამას მივყავართ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ კრიზისამდე. ჩვენი პარტია ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის რევოლუციური გზით სიარულს, რამაც საყოველთაოდ ცნობილ კატასტროფულ შედეგამდე მოგვიყვანა. შემთხვევითი გადაწყვეტილება არ მიგვიღია 2003 წლის ნოემბერში, როდესაც გავემიჯნეთ ქვეყნის დამღუპველ ე.წ. ‘’ვარდების რევოლუციას’’! რაც შეეხება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ეს გზაც ცალსახად უარყოფითი შედეგის მომტანია, ვინაიდან დღეს მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, დიდი უპირატესობით კვლავ გაიმარჯვებს ‘’ქართული ოცნება’’, რაც, რა თქმა უნდა, ისევ გამოიწვევს ოპოზიციის უკმაყოფილებას, მორიგ ბრალდებებს გაყალბებასთან დაკავშირებით, რასაც ისევ მივყავართ „ნაცების“ გეგმის განხორციელებისკენ, ანუ არეულობისკენ. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო გერმანია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ იცოდა რა იყო პოლიტიკური დესტაბილიზაცია, რაც მისი ტრიუმფალური წარმატების საწინდარი იყო მუდამ.

დღეს გერმანია ვერ აყალიბებს კოალიციურ მთავრობას და გაისმის მოთხოვნები ახალი ანუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. ეს პროცესი, მრავალი ექსპერტის აზრით, გერმანიას მიიყვანს ბოლო 70 წლის სტაბილურობის დასასრულამდე და პოლიტიკურ და ეკონომიკურ არეულობამდე. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და პოლიტიკური ცხოვრების წინა პლანზე მყოფ პარტიებს შორის ჩამოყალიბებული მწვავედ ანტაგონისტური ურთიერთობები, არ ტოვებს, თუნდაც 2020 წელს, კოალიციური მთავრობის შექმნის იმედს. თუკი ჰოლანდიაში ან გერმანიაში ასეთი კრიზისი რთული, მაგრამ დაძლევადია, საქართველოსთვის იგი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. რასაკვირველია, მოგებულ პარტიას უნდა ჰქონდეს მთავრობის შექმნის შესაძლებლობა, მაგრამ არა ბონუსის მიღების გზით. ასეთ ვითარებაში, შერეული სისტემის შენარჩუნება კრიზისის პრევენციის ერთადერთი შესაძლებლობაა.

რაც შეეხება ქართულ კონსტიტუციას, ჩვენ მზად ვართ კვლავაც აქტიური მონაწილეობა მივიღოთ მისი ცვლილებების განხილვაში და ვთვლით, ცალსახად დადებითი მომენტია, რომ ბარიერმა დაიწია 3%-მდე, თუმცა, მიგვაჩნია, რომ ქვეყანას უნდა ყავდეს მრავალპარტიული პარლამენტი და ამის მისაღწევად საჭიროა ბარიერის 1%-მდე დაწევა, რაც ფინანსურად ნაკლებად უზრუნველყოფილ პარტიებს საშუალებას მისცემს მოიპოვონ საპარლამენტო მანდატები და შესაბამისად, საპარლამენტო ტრიბუნა. ეს საჭიროა იმისათვის, რომ მომავალში გამოირიცხოს პოლიტიკური საკითხების ქუჩაში განხილვის პროცესი და მან გადაინაცვლოს დარბაზებში, როგორც ეს ცივილიზებულ დასავლეთ ევროპაში ხდება.

დადებითად ვაფასებთ იმ ფაქტს რომ საკონსტიტუციო კომისიამ გაითვალისწინა ხალხის და ჩვენი პარტიის მოთხოვნები, აგრეთვე, სხვა პატრიოტული ძალების სურვილი და კონსტიტუციურად აკრძალა მიწების უცხოელებზე გაყიდვა, განსაზღვრა ოჯახის ცნება.

ვენეციის კომისიამ და საკონსტიტუციო კომისიამ მიაღწიეს შეთანხმებას მთელ რიგ საკითხებზე, რაც უაღრესად დადებითი მოვლენაა, კერძოდ, ე.წ. ‘’ბონუსების სისტემის’’გაუქმება. ‘’მემარცხენე ალიანსი’’ თავს ვალდებულად თვლის, მონიტორინგი გაუწიოს შეთანხმების იმპლემენტაციას. გარდა ზემოხსენებულისა, გვაქვს კიდევ რამოდენიმე, ჩვენის აზრით, უაღრესად საჭირო მოსაზრება, რასაც შემდგომი განხილვების დროს წარვუდგენთ საკონსტიტუციო კომისიას“, – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.