სკანდალური ფოტო-ვიდეო მასალა და კითხვა ლანჩავას – სად მუშაობს მისი შვილი?

ადვოკატთა ასოციაციის ირგვლივ აჟიოტაჟი არ ცხრება. ევრონიუს ჰოლდინგის რედაქტორი ნელი ვარდიაშვილი ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილს და არჩევნების დღეს ვრცელ პოსტს უძღვნის და ფეისბუქზე წერს:

-ზაზა ხატიაშვილი ადვოკატებისგან ასეთ გარეწრობას არ იმსახურებდა. გადაყოლილი იყო პროფესიას და ასე დაუფასეს – ბოლოს არჩევნების გაყალბებაც დააბრალეს.

ზაზას საერთოდ არ უნდა იცნობდე, ეს რომ დაიჯერო და ვიცი, რომ ადვოკატებსაც არ სჯერათ. არადა, ზოგიერთები წერენ, თითქოს ზაზა ჯიბეში იდებდა ბიულეტინებს. სინდისი ყველას დაკარგული აქვს და თვალები კიდევ დათხრილი. ასეთ სათაურს რომ უკეთებენ, ჯერ კადრები არ უნდა ნახონ? სად დაინახეს ჯიბეში ჩადება ან ამოღება? ვის ატყუებენ, ან კონტექსტიდან ამოგლეჯილ ვიდეოს რატომ ავრცელებენ? თუ აქვთ, სრული ვერსია დადონ და ხალხი თავად მიხვდება ყველაფერს.

როგორც ჩანს, მხოლოდ ეს აბადიათ. ვიდეოში ზაზას ხელში უკავია ერთ-ერთი კომისიის წევრისთვის ჩამორთმეული ბიულეტინები. ამიტომ საინტერესოა, ვინ იყო ჩასაფრებული და ელოდა ამ დროს, მერე სხვა ინტერპრეტაცია რომ მიეცა და გაევრცელებინა? ვინმემ წინასწარ ხომ არ დაგეგმა ეს პროვოკაცია ზაზა ხატიაშვილისა და დავით ასათიანის წინააღმდეგ? როგორ აღმოჩნდნენ კომისიის წევრებთან და საარჩევნო ყუთებთან დავით ლანჩავა და ირმა ჭკადუა, როცა ჯებირებთან დაცვა იდგა და არავის უშვებდა? ის ქალბატონები, რომლებსაც ბიულეტინები უპოვეს წინასწარ ხომ არ იყვნენ ჩანერგილები, არჩევნებზე ასეთი შოუ რომ მოეწყოთ და დავით ასათიანის გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ?

წარმოიდგინეთ, ერთ-ერთმა თვითონ გახსნა ჩანთა, ბიულეტინები ამოიღო და მშვიდად გადასცა ჭკადუას, რომელსაც მანამდეც ეჭირა ბიულეტინების დასტა. შემდეგ კი ყველა ერთად გაასაღა ამოღებულ ბიულეტინებად და იძახდა, ამ ბიულეტინებზე ასათიანია შემოხაზულიო. საიდან ჰქონდა ირმა ჭკადუას ბიულეტინები?

ადვოკატობა, თუნდაც ჟურნალისტობა არ ნიშნავს ყველა სიბინძურეზე წასვლას. ნუთუ საერთოდ არაფრის ეშინიათ და ჰგონიათ, რომ ყოველთვის ყველაფერი შერჩებათ?

გამძლეობა მოგცეს ღმერთმა ზაზა. ამათ 8 წელი როგორ უძლებდი და თავგამოდებით იცავდი? შენი ღირსები არ ყოფილან, ძმაო!

მეც გადავიღე ზაზა ბიულეტინებით ხელში, როცა ხმას აძლებდა სასურველ კანდიდატებს და ახლა ავაგორო ჭორები?!

ფუუ, მართლა ფულისა და სკამის მონებო!

 არჩევნების დღეს ნელი ვარდიაშვილი უშუალოდ სპორტის სასახლეში იმყოფებოდა, მან არაერთი საინტერესო ფოტო და ვიდეო მასალა გაავრცელა.

ვინ მოაწყო პროვოკაცია და ვის უნდა ადვოკატთა ასოციაციის დაშლა-დანაწევრება.

სწორედ ნელი ვარდიაშვილმა დააფიქსირა თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, დავით ლანჩავას რაციებით შეიარაღებული შვილი არჩევნებზე და კითხვაც გაუჩნდა, რომელიც ჟურნალისტმა საჯაროდ დაუსვა განაწყენებულ კანდიდატს:

-ეს არის დავით ლანჩავას შვილი, რომელიც, როგორც ადვოკატები ამბობდნენ, მუშაობს სუსში. გამოვიდეს დავით ლანჩავა და ისეთივე პატოსით, როგორც ზაზა ხატიაშვილს აბრალებს გაყალბებას თქვას, სად მუშაობს მისი შვილი, რატომ იყო რაციებით შეიარაღებული და რა სტატუსით იყო არცევნების დამკვირვებლად მოვლინებული. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, დებოში სწორედ ამ პიროვნებამ დაიწყო.

ყველა კითხვას აქვს არსებობის უფლება, ამიტომ გასცეს ამ კითხვას პასუხი ბატონმა დავითმა, სად მუშაობს მისი შვილი და რატომ იყო დამკვირვებლად სუსის თანამშრომელი თუ არის?