“მეამაყება, ვარ ქართველი ესტონელი” – ჰანა თავს ჭეშმარიტ ქართველად თვლის…

დავით დოლიძე

ესტონური დიასპორა საქართველოში არც თუ ისე მრავალრიცხოვანია, 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 47 ესტონელი ცხოვრობს. აქედან 23 დროებით იმყოფება საქართველოში, სასწავლო, სამუშაო ან სხვა მიზნით, ხოლო დანარჩენი ოცი ან მეტი წელია რაც ჩვენს სამშობლოში ჩამოვიდა და დასახლდა. ასე მოხდა ჰანა ნისამეტდინოვის შემთხვევაშიც. მისი მშობლები საქართველოში 1990-იანი წლების დასაწყისში ჩამოვიდნენ და თბილისში დასახლდნენ. ჰანა 24 წლის არის და მხოლოდ ორჯერ არის ნამყოფი მის ისტორიულ სამშობლოში. იგი თავს ჭეშმარიტ ქართველად თვლის და მიიჩნევს, რომ ამ ქვეყნის ღირსეული შვილია, თუმცა არც ესტონეთს ივიწყებს და სპეციალურ ენის კურსებზეც დადის, რომ მშობლიური ენაც აითვისოს და დაკარგულ ფესვებს კვლავ დაუბრუნდეს.

-ჰანა, პირველ რიგში მომიყევი როგორ მოხვდნენ შენი მშობლები საქართველოში?

-მამიდაჩემი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში გათხოვდა საქართველოში, შემდეგ კი მამაჩემს ურჩია ოჯახთან ერთად ჩამოსვლა და თბილისში დასახლება. რამდენიმე წელი ყოყმანობდა მამაჩემი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ჩამოსვლა გადაწყვიტა დედაჩემთან ერთად. მე საქართველოში დავიბადე და გავიზარდე. ესტონეთში პირველად 2001 წელს ვიყავი, მეორედ კი 2013 წლის შემოდგომაზე.

-საქართველოსთვის მეტად რთულ პერიოდში მოუწიათ შენს მშობლებს აქ დასახლება. როგორ გამოიარეთ ის რთულად გასახსენებელი 90-იანი წლები?

-თავიდან ძალიან გაუჭირდათ აქაურობასთან შეგუება, ბუნებრივია იყო ბევრი პრობლემატური საკითხი, თუნდაც ენის ბარიერი ან ცხოვრების განსხვავებული სტილი. არსად იშოვებოდა სამუშაო. თუმცა, ესტონეთის მთავრობა ყველა მის მოქალაქე ემიგრანტს ეხმარება და ჩვენც ამით გადავლახეთ ეს პერიოდი. ყოველთვიურ დახმარებას პატარა საოჯახო ბიზნესიც დავუმატეთ და ამით შეიძლება ვთქვათ, რომ სიღარიბეს თავი დავაღწიეთ.

-საოჯახო ბიზნესი ახსენე, რას გულისხმობ?

-მამაჩემი პროფესიით მექანიკოსია. თბილისში, ახლანდელი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე სახელოსნო გახსნა, სადაც შესაკეთებელი ტექნიკა მოჰქონდათ.

-როგორი იყო მათი პირველი შთაბეჭდილება საქართველოზე?

-ბუნებით და სტუმართმოყვარეობით აღფრთოვანებულები იყვნენ. არ გვეგონა თუ ევროპაში ამ სილამაზის ქვეყანა არსებობდაო. ასევე მოეწონათ ჰავა და ამინდიც. ესტონეთი ზამთრის ცივი ქვეყანაა, ხოლო საქართველოში წელიწადის ყველა დროს თავისი ეგზოტიკა და შარმი აქვს.

-შენ რას საქმიანობ საქართველოში?

-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე წითელ დიპლომზე. ახლა იმავე პროფესიით ვსწავლობ მაგისტრატურაში, რომელსაც წელს ვასრულებ. ჯერ-ჯერობით არსად არ ვმუშაობ. წინასწარ არ ვიცი რა და როგორ იქნება სწავლის დასრულების შემდეგ.

-საქართველოში აპირებ დარჩენას თუ ესტონეთში აპირებ ცხოვრების გაგრძელებას?

-ამაზე ჯერ არ მიფიქრია, უფრო სწორად საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია. ამ საკითხს ალბათ მშობლებთან შევათანხმებ, რომელთაც აქედან წასვლა არ სურთ. მე კი უნდა დავფიქრდე. თუ ვერ ვიპოვნე სტაბილური სამსახური, შესაფერისი ანაზღაურებით, მაშინ სავარაუდოდ საცხოვრებლად ესტონეთში გადავალ. ხოლო თუ გამიმართლებს და დავსაქმდები, მაშინ აქ დავრჩები მთელი ცხოვრება, რაც ძალიან მინდა.

-საინტერესოა რომელი ქვეყნის შვილად თვლი თავს?

-მე ორი მშობელი მყავს, როგორც ბიოლოგიურად ასევე გეოგრაფიულადაც. ვარ და ვიქნები როგორც ესტონეთის, ასევე საქართველოს ღირსეული შვილი და მე ეს მეამაყება. ხშირად მეკითხებიან ესტონელი ხარ თუ ქართველიო და მე ვპასუხობ, რომ ვარ ქართველი ესტონელი. ამაზე ზოგს ეღიმება, ზოგიც ვერ ხვდება პასუხის აზრს. მე ჩემს თავს ორივე ეროვნების წარმომადგენლად მივიჩნევ.