მთავარისამართალი

სუსმა ჩატაევთან თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე ახალი მასალები გამოაქვეყნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

გვსურს გაგაცნოთ, ამ ეტაპისთვის არსებული დამატებითი ინფორმაცია 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ.
როგორც მოგეხსენებათ, სპეცოპერაციის დროს ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა, ხოლო ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის წევრები, რუსეთის მოქალაქეები, იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი ლიკვიდირებულ იქნენ, ასევე დაკავებულ იქნა ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ ძებნილი შოაიფ ბორზიევი.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირები გამოავლინა.
რუსლან ალდამოვის, ბადურ ჩოფანაშვილის, რამაზ მარგოშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის და ზურაბ გორნაკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, გაეცნო წარდგენილ მასალებს და მიიჩნია რომ ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც წარდგენილ იქნა სისხლის სამართლის საქმეზე იძლეოდა საკმარის საფუძველს ხსენებული ხუთივე პირის დასაკავებლად.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2017 წლის 26 დეკემბერს თბილისსა და ახმეტის რაიონის, სოფლებში დუისსა და ომალოში აღნიშნული პირების დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა.
ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, დაკავებულთა და მოწმეთა ჩვენებებით გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია დაკავებულ პირთა კავშირები ახმედ ჩატაევთან და ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის სხვა წევრებთან.

ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა ვიდეოკადრები, თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში ახმედ ჩატაევის დაჯგუფის წევრები: შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი, თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად. აღნიშნული კადრები დღეს გასაჯაროვდა.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინის დათვალიერებისას, სადაც ახმედ ჩატაევი იმყოფებოდა ამოღებულია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებული საბანკო ხელშეკრულება, სადაც ადგილობრივი საბანკო რეკვიზიტების გარდა, მითითებულია სამი უცხოური ქვეყნის საბანკო რეკვიზიტები. ამ ეტაპზე სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარეობს თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშების შემოწმება.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაკავებული შოაიფ ბორზიევის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთ-ერთი მობილური ტელეფონის დათვალიერებისას აღმოჩენილია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ საბანკო ხელშეკრულებაზე გადაღებული ფოტო.

გამოძიების ამ ეტაპზე ასევე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილი პირადად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად, რაც მოიყვანა სისრულეში და დაჯგუფების წევრები მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლთან. გორნაკაშვილი თბილისშიც უწევდა დახმარებას ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს.
საგამოძიებო მოქმედებებით დადგენილია, რომ დაკავებული რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილთან, რამაზ მარგოშვილთან და თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად უშუალოდ ხელმძღვანელობდა ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების საქართველოში შემოყვანას, მათ დაბინავებას, საცხოვრებელი ბინით, საკვებით, მობილური ტელეფონებით და სხვა საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფას.

ტერორიზმში ბრალდებულ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. რაც ტერორიზმის დაფინანსებას , ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს