„ხალხმა უნდა დაიბრუნოს პოლიტიკოსების მიერ წართმეული საქართველო“ – „იმედის წერილი“ პრემიერს

შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე „ქართული ერთობის დარბაზმა“ საქართველოს პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს „იმედის წერილი“ გაუგზავნა. სიმბოლურია, რომ სწორედ იმედის წერილით დაიწყო 2018 წელი, რადგან წელს მაისში სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან 100 წელი სრულდება.

წერილზე ხელმოწერის თარიღიც და ადგილიც სიმბოლური და ნიშანდობლივია. როგორც ჩვენთვის ცნობილია, „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლებმა  „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ და „მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის ეროვნული თანხმობისათვის“  წარმომადგენლებთან ერთად ამ  წერილს  ხელი  რუსთაველის პრემიის  ლაურეატის, თბილისის საპატიო  მოქალაქის, გამოჩენილი მხატვრის, გივი თოიძის  ნამუშევრების გამოფენაზე მოაწერეს.

რატომ „იმედის წერილი“ და რა ძირითად საკითხებზე ამახვილებელ ყურადღებას წერილის ავტორები? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ GmTV პროფესორ რამაზ ლომინაძეს დაუკავშირდა.

-რატომ „იმედის წერილი“?

-ჩვენი წერილი საქმიანია. ჩვენ მას „იმედის წერილს“ ვუწოდებთ, რადგან ამ საკითხებზე საუბარი დავიწყეთ გელათში „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესზე გელათის აკადემიის ისტორიულ კედლებში, გავაგრძელეთ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის კონგრესებზე, ვსაუბრობთ  სამების ტაძრის  ახალგაზრდულ ცენტრში და სხვადასხვა შეკრებებზე.

ჩვენ  განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ამ მიმართულებით იმ დიდი შეკრების მნიშვნელობას, რომელიც „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ ინიციატივით შედგა ქ.სოჭში ცხინვალის მძიმე მოვლენების  შემდეგ და  იმ რთულ მომენტში შესაძლებელი გახადა ქართველების, აფხაზების, ოსების  ადამიანური შეხვედრა ჩვენი ქვეყნის სხვა ეროვნებათა წარმომადგენლების მონაწილეობით.

როგორც დარბაზში, ასევე ასამბლეაში და მეცნიერებში,  ყოველთვის გვქონდა ერთი  განწყობა, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებში ყოფილიყო სამთა ერთობა:  ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების, რაც ჩვენი დიდი მცდელობის მიუხედავად,  დღემდე ვერა და ვერ მოხერხდა. თუმცა დიდი იმედი მოგვცა ერთი  მხრივ, ჩვენს სულიერ მამასთან, ილია მეორესთან და მის მოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან გიორგობის დღესასწაულის  ბრწყინვალე დღეებში შეხვედრამ, მეორე  მხრივ იმ  განცხადებამ, რომელიც თქვენ გააკეთეთ საქართველოს პარლამენტში  ქვეყანაში დიდი დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით. იმედს აძლიერებს თქვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი. სწორედ მან მოგვცა  ლოცვა-კურთხევა,  დავიწყოთ მუშაობა იმ საკითხებზე, რომელსაც ამ წერილში ვაყალიბებთ და გვირჩია, მასთან დაწყებული  დიდი საუბარი თქვენთან გაგვეგრძელებინა.

-სანამ სხვა საკითხებზე ვისაუბრებთ, იქნებ გვითხრათ-რატომ არის ნიშანდობლივი ხელმოწერის ადგილი?

-წერილს ხელი გივი თოიძის  ნამუშევრების გამოფენაზე მოეწერა და  იმ დღესვე მეცნიერთა,  კულტურის მოღვაწეთა ჯგუფთან ერთად მომზადებულ, ლეგენდარული  რომან რურუას წიგნთან „მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში“  და  ამავე სახელწოდების   კალენდართან ერთად გაეგზავნა ბატონ პრემიერს.  ეს გამოფენაც, წიგნიც და კალენდარიც დასტურია იმისა, თუ რა კოლოსალური შესაძლებლობები გააჩნია ჩვენს ქვეყანას. რომ ამ მიწის, ამ წყლის, ამ ჰაერის, ამ სითბოს, ამ ინტელექტუალური და ადამიანური რესურსების ქვეყანაში მართლაც შეგვიძლია  ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე ცხოვრებით.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ბატონი გივი და ბატონი რომანი „ქართული ერთობის დარბაზისა და „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ დამფუძნებლები არიან.  განსაკუთრებით იმით, რომ  ასამბლეაც და დარბაზიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით შეიქმნა.

-ბატონო რამაზ, პრემიერმაც აღნიშნა, რომ ქვეყანაში წლების განმავლობაში დაგროვდა პრობლემები და ყველა ძალას დიალოგი შესთავაზა. თქვენ იზიარებთ მის განწყობას?

 -სრულად ვიზიარებთ პრემიერის პოზიციას, რომ ქვეყანაში წლებისა და ათწლეულების განმავლობაში დაგროვდა პრობლემები, რომელთა  გადაწყვეტას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის  ამ პრობლემების სრულფასოვანი გადაწყვეტა დიალოგის გარეშე არათუ შეუძლებელია არამედ, კიდევ უფრო გააღრმავებს ამ პრობლემებს.

საზოგადოებას ახსოვს ალბათ, რომ სამი წლის წინ, როცა ჩვენ ხელი მოვაწერეთ   „მოქმედების მანიფესტს – ერთი ერი, ერთიანი სამშობლო, გაერთიანებული საქართველო“ (დოკუმენტი შეგნებულად განვათავსეთ კალენდრის ბოლო გვერდზე), გამოკვეთილად ჩავწერეთ ერთი ფრაზა  ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან:

„ყოველ დროში, სახელმწიფო კაცები, ერის მამა – დიდი ილია, ფიქრობდნენ ისეთ საქართველოზე,სადაც ქვეყანას მართავს  დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა. სწორედ ეს არის მეცნიერული  და ეროვნულ -სახელმწიფოებრივი აზროვნების შერწყმა, რომლის საფუძვლები ჯერ კიდევ ათი საუკუნის წინ შექმნა  დავით აღმაშენებელმა გელათის აკადემიის დაარსებით.“

ჩვენ ვამაყობთ ამ ჩანაწერით. ეს განწყობა დღეს ჰაერივით სჭირდება პარტიულ სამთავროებად დაყოფილ საქართველოს. სჭირდება  პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფების მიერ ქვეყნისთვის თავსმოხვეული  სიძულვილის სიყვარულით დასამარცხებლად. სჭირდება იმას, რომ ხალხმა დაიბრუნოს პოლიტიკოსების მიერ წართმეული საქართველო.

-როგორ ფიქრობთ, დღეს შექმნილი ფონით დიალოგი პრობლემას გადაჭრის? ან შესაძლებელია დიალგი თუ ეს მხოლოდ ფურცელზე დაწერილი დავარქვათ „ოცნებაა“?

-მხოლოდ დიალოგი და არა დაპირისპირება! ჩვენ  თანამშრომლობის ჰარმონიზაციის მომხრენი ვიყავით, ვრჩებით და ვიქნებით. დაპირისპირება სუსტების მოგონილია. თანამშრომლობა მხოლოდ ძლიერთ შეუძლიათ. საქართველო ოდითგან ძლიერი იყო მეცნიერებით, კულტურით, ხელოვნებით. სწორედ ამ სფეროს წარმომადგენლებთან დიალოგის  გაწყვეტამ გამოიწვია  პარტიათა დამანგრეველი აღზევება. შეიძლება ბევრისთვის საკამათო იყოს, მაგრამ ჩვენი დაკვირვებით სამწუხაროდ,  პარტიებმა დისკრედიტაცია გაუკეთეს საკუთარ თავს –  გარკვეულწილად, შეიქმნა ზნეობის დეფიციტი, ხოლო მოაზროვნე და ზნეობრივ ადამიანებში პარტიების მიუღებლობა.

დღეს  ღირსეულ და მოაზროვნე  ადამიანს უჭირს პარტიებთან ურთიერთობა. არადა ხელისუფლებებს პარტიები ქმნიან. ეს კი აშკარა  დისონანსს ქმნის ქვეყნის განვითარებაში. პრინციპი, რომ ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.

-ხელისუფლების წევრები იცვლებიან, პრობლემები კი სამწუხაროდ მატულობს, რჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს. თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს?

-გამოსავალი არც თუ ისე რთული მოსაძებნია, თუ კარგად დავაკვირდებით, დღეს ყველა ცდილობს მეცნიერების, ინტელიგენციის, საერთოდ  კულტურის მოღვაწეების იგნორირებას. ეს არ არის მომავლის გზა. ჩვენ ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია  დიდი დიალოგის დაწყება  ხალხთან, რომელსაც სათავეში სწორედ მეცნიერები, კულტურის მოღვაწეები უნდა  ჩაუდგნენ.

ჩვენ მომავლის საქართველოსთვის უპირველესად ვთვლით  იმ განწყობას, რომ ხელისუფლებას როცა აირჩევ, მას გვერდში დგომა სჭირდება. მაგრამ ხელისუფლებამ  უნდა იცოდეს, რომ იგი ხალხის და ქვეყნის მსახურია და არა უფროსი. ჩვენ ვემიჯნებით  დაპირისპირებას, მაგრამ ვიცით, რომ თანამშრომლობა -ეს დიდი კულტურაა და ითვალისწინებს მოსაზრებების თავისუფლად გამოთქმას  ყოველგვარი კონიუქტურის გარეშე, მაგრამ დიდი კულტურის –  ტრადიციული ქართული კულტურის ფარგლებში.

-ანუ „პური მეპურემ უნდა გამოაცხოს“ – სწორად გავიგე?

-დიახ და ამავე დროს აუცილებელია თაობათა  შორის ჩატეხილი ხიდის გამთლიანება. ფაქტია, რომ  წინა ხელისუფლებამ ეს პრობლემა უფსკრულამდე გააღრმავა. პატრიარქმა  შეხვედრაზე მხარი დაუჭირა ახალგაზრდობის წამოწყებას,  დავიწყოთ დიდი მოძრაობა თაობებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენისთვის, თაობათა ერთიანობისთვის. ახალგაზრდები იწყებენ  მოძრაობას, რომელიც  გაგრძელდება უფროსი თაობისადმი  მადლიერებისა და პატივგების საღამოში,  იგი  მომდევნო წლის მაისში, სპორტის სასახლეში შედგება .

ამ დიდი პროცესის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, არაერთ წარმატებულ ადამიანსა და ბიზნესმენს მივმართეთ. დამოკიდებულება იმედიანია და როგორც ჩანს, ეს დიდი პროცესიც შეიძლება წარიმართოს სახელმწიფო  სახსრების გარეშე.

-თქვენ თქვით, რომ პატრიარქის მხარდაჭერით ახალგაზრდები იწყებენ  მოძრაობას, ვინ არიან ეს ახალგაზრდები და გამოჩნდნენ თუ არა უკვე ასპარეზზე?

-დიახ, ახალგაზრდებმა უკვე დაიწყეს დიდი მოძრაობა თაობებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენისთვის, თაობათა ერთიანობისთვის, ამ საკითხზე უფრო დეტალურად თუ გინდათ ინფორმაცია მოიპოვოთ, დაუკავშირდით პოეტ ოთო ფალიანს, რომელიც „იმედის წერილის“ ხელმომწერია.

-ბატონო რამაზ, იმედია დეტალებზე შემდეგ ვისაუბრებთ, ახლა კი იქნებ მოკლედ გვითხრათ-რას სთავაზობთ ამ წერილში პრემიერს?

-ამ წერილში კი  რამდენიმე პრინციპულ საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელთა გარეშეც წარმოუდგენლად გვეჩვენება მომავლის საქართველო.

ჩვენ დავიწყეთ მუშაობა პროგრამულ დოკუმენტზე, რომელიც სამ ნაწილს შეიცავს.

პირველში სრულად უნდა წარმოდგეს ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს. მეორეში აღიწეროს ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობა ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვისა და პარტიული მიდგომების გარეშე. მესამეში უნდა იყოს ის პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კონკრეტული რეალური მდგომარეობის ქვეყანაში ეტაპობრივად მოქმედებაში მოვიყვნოთ  მისი პოტენციალი.

დარწმუნებული ვართ, ამგვარ პროგრამებზე მთავრობაც ფიქრობს და მუშაობს და სწორედ ამიტომ ვთვლით საჭიროდ გაერთიანებას.

სწორედ ამ ჭრილში ვხედავთ ჩვენ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა  და საქართველოს მეგობართა  მსოფლიო კონგრესს, რომლის დაწყება  ჩვენი აზრით უნდა მოხდეს მიმდინარე წლის მაისში, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავის დღეებში. ჩვენი აზრით, კონგრესის სესიები  მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა ჩატარდეს  მსოფლიოს  ორმოცდაათი ქვეყნის  ოთხმოცზე მეტ ქალაქში (სადაც ისტორიულად, ბედის უკუღმართობის, თუ სოციალური გაჭირვების გამო ცხოვრობს ქართველობა)  და   დამთავრდეს 2020 წლის ნოემბერში  თბილისში მსოფლიო კონგრესით, რომელიც მიიღებს  მომავლის საქართველოს პროგრამას.  სასურველია, ეს სესიები პირდაპირ ეთერში გადაიცეს.

ჩვენ ამით  დიდ  ნაბიჯს გადავდგამთ საქართველოს ერთიანობის გზაზე,  რამეთუ უამრავი ადამიანი წასულია ქვეყნიდან  და ცხოვრობს საქართველოს სიყვარულით. ამ ხალხმა არა მარტო გადაარჩინა  საქართველო, არამედ დღეს ქვეყნის დიდ სიმდიდრედ ჩამოყალიბდა, რომლის გამოუყენებლობა დანაშაულია.  მით უფრო, რომ ქვეყნის გარეთ ცხოვრობს არა მარტო საქართველოს მოქალაქეები, არამედ ჩვენს ქვეყანას ჰყავს უამრავი მეგობარი უცხოეთში. ეს ყველაფერი დიდი ინტელექტუალური სიმდიდრეა, რომლის გამოუყენებლობა დანაშაული იქნებოდა.

 -როგორ ფიქრობთ, პრემიერი წაიკითხავს თქვენს წერილს და შეგხვდებათ?

-წერილს „იმედის წერილი“ ჰქვია, იმედია რომ გამოხმაურება იქნება და მეტიც, დარწმუნებული ვართ, კვირიკაშვილი ერთგული იქნება დიდი დიალოგის  დაწყების თაობაზე მისივე  განცხადების და ჩვენ გვექნება ადამიანური,მართალი, მომავლის საქართველოზე ორიენტირებული  შეხვდრა-საუბარი.

-ჩვენ კი იმედს ვიტოვებთ, რომ საუბარს გავაგრძელებთ და უფრო დეტალურად განვიხილავთ მეცნიერების  და რაც მთავარია „მეპურეების“ შეთავაზებებს.